ვეტოსთან დაკავშირებით უმრავლესობისგან იმდენად გაუგებარი კომენტარები მოვისმინეთ, რომ კრიტიკას ვერ უძლებს

პრეზიდენტი ”საერთო სასამართლოების შესახებ” კანონში განხორციელებულ ცვლილებებთან დაკავშირებით საპარლამენტო ფრაქციების ხელმძღვანელებთან, ვიცე-სპიკერებთან და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან შეხვედრას მართავს. შეხვედრას უმრავლესობის წევრები არ ესწრებიან. როგორც შეხვედრის დაწყებამდე პრეზიდენტის პოლიტიკურმა მრჩეველმა ფიქრია ჩიხრაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, პრეზიდენტის ვეტოსთან დაკავშირებით უმრავლესობისგან იმდენად გაუგებარი კომენტარები მოისმინეს, რომლებიც უბრალოდ კრიტიკას ვერ უძლებს.

„სამწუხაროდ, წინასწარი კონსულტაციები არ შედგა, ვეტო დაიწერა და გაიგზავნა პარლამენტში. ჩვენ ყველა ეტაპზე ვართ მზად ვისაუბროთ აღნიშნული საკითხების გადასაწყვეტად. ეს არის თემა, რომელიც ეხება საქართველოში ფუნდამენტური თავისუფლების თემას, შტოთა შორის ბალანსს და გაწონასწორების სისტემას, ასევე დამოუკიდებელი, თავისუფალი სასამართლოს თემას. ყველა ეს შენიშვნა დაფუძნებულია ვენეციის კომისიის დასკვნებზე. მე ვფიქრობ, ამაზე მნიშვნელოვანი საქართველოში ცოტა საკითხი შეიძლება არსებობდეს, ძალიან მნიშვნელოვანია ასეთ დროს ვეტო ბრძოლის იარაღად კი არ უნდა განვიხილოთ, კი არ გავიქცეთ და დავიმალოთ კონსულტაციებისგან, არამედ აბსოლუტურად ნორმალურია, დემოკრატიულ ვითარებაში ხელისუფლების სხვადასხვა წარმომადგენლები ხვდებოდნენ ერთმანეთს და ესაუბრებოდნენ სახელმწიფოებრივ საკითხებზე.
ჩვენ გავმართავთ კონსულტაციებს მათთან, ვინც მოვა. კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ყველას, ვისაც სულ მცირედით მაინც ეხება ამ საკითხის გადაწყვეტა, ვეტო იქნება განხილული და ამ განხილვის დროს იხელმძღვანელოს სახელმწიფოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე, მოსამართლეთა და სასამართლოს თავისუფლების გარანტიებიდან გამომდინარე“, – განაცხადა ფიქრია ჩიხრაძემ.

banner
წინა სტატიაში„მე ვარ ქართველი და მაშასადამე, ვარ ევროპელი“- დღეს ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების დღეა
შემდეგი სტატიაუზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე არის სახელმწიფოს მოკავშირე მოსამართლეების წინააღმდეგ” – ნიკა გვარამია