“ვამბობდი, რომ ივანიშვილი გარიგებული იყო სააკაშვილის რეჟიმთან, მაგრამ არავინ მიჯერებდით”

ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე ზაზა ხატიაშვილი მოსახლეობას მიმართავს. ზაზა ხატიაშვილი აცხადებს, რომ ,,ქართული ოცნების” მიერ არჩეული იუსტიციის საბჭოს სამი წევრის დახმარებით, მოსამართლეობის მანდატი შეინარჩუნა გირგვლიანის, მოლაშვილის, მიქიაშვილის და სხვა უამრავი უკანონობის ავტორმა ლევან მურუსიძემ.
“თანამემამულენო! დღეს, საქართველოს ჰყავს ახალი მურუსიძეები: ევა გოცირიძე, კახაბერ სოფრომაძე და ვახტანგ თორდია. ჩემო დებო და ძმებო! ვამბობდი, რომ ივანიშვილი გარიგებული იყო სააკაშვილის რეჟიმთან, მაგრამ არავინ მიჯერებდით.
ბიძინა ივანიშვილის და ,,ქართული ოცნების” პარლამენტის მიერ გაყვანილი იუსტიციის საბჭოს წევრები ხმა მისცეს ლევან მურუსიძეს, რითაც სამუდამოდ დაასამარეს სამართლიანი სასამართლოს იდეა. როდესაც გერმანიაში დამთავრდა ჰიტლერის რეჟიმი ის ხალხი ვინც ხმას არ იღებდა, გამოვიდა და ბოდიში მოუხადა სამოქალაქო საზოგადოებას, იტალიაში მუსოლინის რეჟიმის შემდეგ, მუსოლინის მოსამართლეებს და პროკურორებს არ ჰქონდათ უფლება მდგარიყვნენ ეკლესიაში სამოქალაქო საზოგადოების გვერდით. სააკაშვილის რეჟიმის მოსამართლეები და პროკურორები რომელთა მიმართ უნდა გამართულიყო ნიურნმბერგის პროცესი ბიძინა ივანიშვილმა თავზე დაგვასვა და ყველა უკანონობა აპატია. დღეიდან ევა გოცირიძე, კახა სოფრომაძე, ვახტანგ თორდია და მათი იდეური მმართველები ბიძინა ივანიშვილი და თეა წულუკიანი გახდნენ სამოქალაქო საზოგადოების მტრები. მათ, წესიერი ადამიანი არ უნდა მიესალმოს, ეს იქნება მეზობელი, მეგობარი, თანაკლასელი თუ ქუჩაში უბრალოდ გამვლელი მოქალაქე.
დღეს, 25 დეკემბერს, მოხდა არანახული საშინელება, ,,ქართული ოცნების” მიერ არჩეული იუსტიციის საბჭოს სამი წევრის დახმარებით, მოსამართლეობის მანდატი შეინარჩუნა გირგვლიანის, მოლაშვილის, მიქიაშვილის და სხვა უამრავი უკანონობის ავტორმა ლევან მურუსიძემ. ,,ქართული ოცნების” პარლემენტის მიერ არჩეულმა ევა გოცირიძემ, კახაბერ სოფრომაძემ და ვახტანგ თორდიამ სამოქალაქო საზოგადოება მასხრად აგვიგდეს, დაგვცინეს, ამიტომ ჩვენი ვალია ევა გოცირიძე, კახაბერ სოფრომაძე და ვახტანგ თორდია, ბიძინა ივანიშვილი და თეა წულუკიანი ყველა წესიერი მოქალაქის თვალში აღიქმებოდნენ როგორც სამოქალაქო საზოგადოების მტრები და სამართლიანი სასამართლოს დამსამარებლები.
თანამემამულენო! უნდა ვიბრძოლოთ ყველა კანონიერი მეთოდით, რათა ამ ქვეყანაში დამთავრდეს უკანონობა, ძალადობა, ადამიანების წამება. აღნიშნული შეუძლია მხოლოდ სამართლიან სასამართლოს”, -ნათქვამია ზაზა ხატიაშვილის მიმართვაში.

banner
წინა სტატიაშიალეკო ელისაშვილი: ნარმანიას ადგილას გადავდგებოდი
შემდეგი სტატიაგიორგი ალიბეგაშვილი: არა მგონია რომ დავით ნარმანიას წასვლა აუცილებლობას წარმოადგენდეს