უკრაინის ვიცე-პრემიერმა ვიაჩესლავ კირილენკომ განაცხადა, რომ რუსეთს “ევროვიზია 2017”-ში მონაწილეობის მიღება იმ შემთხვევაში შეუძლია, თუკი გამოიყვანს ისეთ მონაწილეს, რომელსაც უკრაინის კანონმდებლობასთან პრობლემა არა აქვს – ამის შესახებ ნათქვამია “იუთუბზე” გამოქვეყნებულ განცხადებაში, რომელიც დღეს დაიდო.
“ცხადია, ჩვენ მზად ვართ 43-ვე ქვეყნის წარმომადგენელი მივიღოთ, მათ შორის, რუსეთის. რუსეთმა სიტუაციიდან გამოსავალი თვითონ უნდა იპოვოს ისეთი მონაწილის შემოთავაზებით, რომელსაც უკრაინის კანონმდებლობასთან პრობლემები არა აქვს. ამ შემთხვევაში, ამ პრობლემას მალე გადავჭრით” – ამბობს ვიცე-პრემიერი.
მან მოსკოვის მიერ იულია სამოილოვას მონაწილედ დასახელებას “პროვოკაცია” უწოდა. ადრე ქვეყნის უშიშროების სამსახურმა იულია სამოილოვას ქვეყანაში შესვლა სამი წლით აუკრძალა იმის გამო, რომ ის 2015 წელს ყირიმში იმყოფებოდა.