ტურიზმის განვითარების ფონდს ირაკლი ქარსელაძე უხელმძღვანელებს

საქართველოს თანაინვესტირების ფონდის მიერ დაფუძნებულ ტურიზმის განვითარების ფონდს ირაკლი ქარსელაძე უხელმძღვანელებს.

ტურიზმის განვითარების ფონდი თანაინვესტირების ფონდმა დააფუძნა და პრეზენტაცია დღეს გაიმართა, რომელსაც საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი დაესწრო.

თანაინვესტირების ფონდის ინფორმაციით, ფონდი ტურისტული ინფრასტუქტურის გასავითარებლად ახორციელებს $680 მლნ. აშშ დოლარის ღირებულების 8 მასშტაბურ პროექტს თბილისში, გურიაში, აჭარასა და სამეგრელოში. ამ პროექტებიდან სამ კომპლექსში შემოსულია “მარიოტის” საერთაშორისო ქსელის უმაღლესი კატეგორიის ბრენდი Autograph Collection.

ამასთან, საქართველოს თანაინვესტირების ფონდის მენეჯმენტის გადაწყვეტილებით, ტურიზმის განვითარებაზე ორიენტირებული პროექტებისთვის შეიქმნა საქართველოს ტურიზმის განვითარების ფონდი.

“ფონდის დაარსების მიზანია ქვეყანაში ტურისტული ინფრასტრუქტურის სწრაფი განვითარების ხელშეწყობა და კონკრეტული პროგრამების განხორციელება ტურიზმში ჩართული კომპანიების მომსახურების ხარისხის გასაუმჯობესებლად, რისთვისაც დაგეგმილია რეგიონული ტრენინგ ცენტრების შექმნა საქართველოს სხვადასხვა რეგიონში და ტურიზმის სფეროში ჩართული ადგილობრივი მოსახლეობის გადამზადება. ფონდის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მისიაა ტურისტული მიზიდულობის ახალი ცენტრების შექმნა და დამატებითი ინვესტიციების მოზიდვა ეკონომიკურად ნაკლებად აქტიურ რეგიონებში. ამის კარგი მაგალითია ფონდის პროექტები განმუხურსა და შეკვეთილში. ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ტურისტების ნაკადის მუდმივი ზრდის ტემპები ითხოვს ტურისტული ინფრასტრუქტურისა და მომსახურების ხარისხის განვითარებას და ახალი სტანდარტების სწრაფ იმპლემენტაციას, რაც იქნება “ტურიზმის განვითარების ფონდის” უმთავრესი მისია”,-ნათქვამია თანაინვესტირების ფონდის ინფორმაციაში.

banner
წინა სტატიაშიადვილად დასადგენი, მაგრამ უმოქმედო პროკურატურა – ზურაბიშვილი ყაზბეგზე მოჭრილი ხეების საკითხზე ხელისუფლებას უმოქმედობაში ადანაშაულებს
შემდეგი სტატიაჟენევის მოლაპარაკებების 37-ე რაუნდი იწყება