თბილისში 30 ადგილზე საზოგადოებრივი საპირფარეშოები მოეწყობა

თბილისის მერია საზოგადოებრივი  საპირფარეშოების მოწყობისთვის აუქციონს უახლოეს მომავალში გამოაცხადებს. ინფორმაციას ქალაქის მერია ავრცელებს. მიწის ნაკვეთები საპირფარეშოების მოსაწყობად 20 წლიანი სარგებლობის უფლებით გაიცემა. პირველ ეტაპზე ქალაქში 30 საპირფარეშო აშენდება.

აუქციონის პირობების თანახმად, საზოგადოებრივი  საპირფარეშო ადაპტირებული უნდა იყოს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის, როგორც ტექნოლოგიური მოწყობილობით, ასევე ფართით. საინფორმაციო წარწერებზე კი გათვალისწინებული უნდა იყოს ბრაილის შრიფტი.

საზოგადოებრივი საპირფარეშო, ასევე, აღჭურვილი უნდა იყოს ბავშვის გამოსაცვლელი მაგიდით, რომელიც სპეციალური, ანტიბაქტერიული მასალით იქნება დამზადებული.

აუქციონში გამარჯვებული  ვალდებულებას აიღებს საზოგადოებრივი საპირფარეშოს მოვლა-პატრონობასა და სანიტარულ-ჰიგიენური პირობების დაცვაზე. მოიჯარე, ასევე, ვალდებული იქნება, უზრუნველყოს ცხელი ხაზის მუშაობა კვირაში 7 დღის განმავლობაში, 24 საათიანი სამუშაო რეჟიმით.

საზოგადოებრივი საპირფარეშო იფუნქციონირებს ნაღდ ანგარიშსწორებაზე, ან/და სპეციალურ ბარათებზე (მაგ. „მეტრომანი“).  საზოგადოებრივი საპირფარეშოს გარე ფასადი  შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს  ჩაშენებული ბანკომატის, გადახდის აპარატის ან  სხვა აპარატურის დასამონტაჟებლად.

banner
წინა სტატიაში„საზოგადოება ამ ტყუილებს არ დაიჯერებს“ – მდინარაძე ოპოზიციის პოზიციაზე საკონსტიტუციო ცვლილებებთან მიმართებით
შემდეგი სტატია,,ეს არის ხელისუფლება, რომელმაც რუსი ჯაშუშები გამოუშვა ციხიდან, აკავებს ქვეყნის პატრიოტებს”