თბილისის მერს 25 აგვისტოს თბილისის საკრებულოში იბარებენ

საკრებულოს ოპოზიციონერი დეპუტატები 25 აგვისტოს თბილისის მერს დავით ნარმანიას საკრებულოში იბარებენ. როგორც ”ნაციონალური მოძრაობის” წევრმა ირაკლი აბესაძემ საკრებულოს ოპოზიციონერ დეპუტატებთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ყაზბეგის 24 ნომერში, ათეულობით ხის უკანონოდ გაჩეხვის ფაქტმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ თბილსიის მერიაში ბევრი სისტემური ხარვეზია, რაზეც თბილისის მერი და მერიის ხელმძღვანელობა პასუხისმგებლობას არ იღებს.

”ამიტომ, ჩვენ ხუთშაბათს საკრებულოში ვიბარებთ თბილისის მერს, რომელსაც მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად მოუწევს პასუხი გასცეს ამ და სხვა შეკითხვებს, რომელიც მოქალაქეებს აწუხებთ”, – განაცხადა აბესაძემ.

ფრაქცია ”რესპუბლიკელების” სახელით დავით ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ ყაზბეგის გამზირზე ხეების მოჭრა არ არის ერთადერთი ფაქტი და ამ მიმართულებით ბევრი პრობლემაა.

”ჩვენ ვფიქრობთ, რომ თბილისის მერი უნდა მობრძანდეს და პასუხი გასცეს ყველა იმ შეკითხვას, რაც აწუხებს არა მარტო დეპუტატებს, არამედ მოსახლეობას”, -განაცხადა დავით ზურაბიშვილმა.

დავით ნარმანიას საკრებულოში დაბარების განცხადებას საკრებულოს 4 ფრაქცია აწერს ხელს. ესენი არიან: ”ნაციონალური მოძრაობა” „ნაციონალური მოძრაობა-თბილისი“, ფრაქცია ”რესპუბლიკელები”, ფრაქცია ”გაერთიანებული დემოკრატები” და დამოუკიდებელი დეპუტატი ალეკო ელისაშვილი.

banner
წინა სტატიაშისუს – იმართებოდა თუ არა ეს ჯგუფი უკრაინიდან ჯერ დაუდგენელია
შემდეგი სტატიასუს-ი აღკვეთილი ტერაქტის გრაფიკულ ვიდეოს ავრცელებს