შემოსავლების სამსახური რადიო “მაესტროს” შემოწმებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

შემოსავლების სამსახური რადიო “მაესტროს” შემოწმებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და რადიო “მაესტროს” დამფუძნებლის, მამუკა ღლონტის განცხადებებს პასუხობს.

განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

“შემოსავლების სამსახური, მაღალი საზოგადოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე, საგადასახადო კანონმდებლობაზე დაყრდნობით, (საგადასახადო კოდექსის 39-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, გადასახადის გადამხდელის მიერ, თავისი საგადასახადო ინფორმაციის საჯაროდ, მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში გამოქვეყნება ან/და გავრცელება ითვლება ამ გადასახადის გადამხდელის ნებართვად აღნიშნული საგადასახადო ინფორმაციის ფარგლებში საგადასახადო ორგანოს მიერ მესამე პირისათვის ინფორმაციის გადაცემაზე), უფლებამოსილია უპასუხოს 8 დეკემბერს, მედიასაშუალებებით გავრცელებულ „მაესტროს” აქციების საკონტროლო პაკეტის მფლობელისა და დირექტორის, მამუკა ღლონტი განცხადებას რადიო “მაესტროს” საგადასახადო შემოწმების ფაქტთან დაკავშირებით და განასაჯაროოს შპს “ქართული რადიოს“ საგადასახადო (თემატური) შემოწმების მასალები.

კერძოდ: შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტში მიმდინარეობდა შპს “ქართული რადიოს“ (ს/ნ 200221991) მიერ ელექტრონულად გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების 2016 წლის თებერვლის, მარტის, მაისის თვის საანგარიშო პერიოდების დღგ-ს დეკლარაციებში ასახვის სისწორის გადამოწმება. 2016 წლის 5 დეკემბერს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტის პროექტი, რის მიხედვითაც, გადამხდელს არ განესაზღვრა დამატებითი საგადასახადო ვალდებულება.

აუდიტორების მიერ, აქტის პროექტის შედგენისთანავე, 5 დეკემბერს შედეგები სიტყვიერად ეცნობა შპს “ქართული რადიოს“ (ს/ნ 200221991) ბუღალტერს. 7 დეკემბერს გადასახადის გადამხდელს აქტი გაეგზავნა წერილობით. აქვე აღვნიშნავთ, რომ საგადასახადო ორგანოს თანამშრომლებს შპს “ქართული რადიოს“ დამფუძნებლებთან აღნიშნულ პერიოდში არანაირი სახის კონტაქტი არ ქონიათ. აქედან გამომდინარე, გაუგებარი და უსაფუძვლოა 8 დეკემბერს, რამდენიმე დღით ადრე დასრულებული საგადასახადო შემოწმების შესახებ, როგორც მიმდინარე შემოწმების კონტექსტში საუბარი. მითუმეტეს, გაუმართლებელია გავრცელებულ განცხადებაში გადამხდელის მიერ, შემოსავლების სამსახურის მიმართ გამოთქმული, ცილისწამების ნიშნების შემცველი მოსაზრებები. ამასთან, მსგავსი ტიპის თემატური საგადასახადო შემოწმება ამ ეტაპზე მიმდინარეობს 1000 – მდე გადასახადის გადამხდელთან (მათ შორის 3 რადიო კომპანია)”,-ნათქვამია შემოსვლების სამსახურის განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშისაია: კულტურის მინისტრის ბინაში რეგისტრირებულ კომპანიას სახელმწიფოს მიმართ მილიონ ლარზე მეტი ვალი აქვს
შემდეგი სტატიაგორში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა