საქართველოს პრეზიდენტმა ყირგიზეთის პრეზიდენტი საქართველოში მოიწვია

თურქმენეთში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ყირგიზეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს ალმაზბეკ ატამბაევს შეხვდა და საქართველოში მოიწვია.

მხარეებმა ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გაღრმავების საკითხებზე ისაუბრეს.

საქართველოს პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ საქართველოსა და ყირგიზეთს შორის ეკონომიკური ურთიერთობების განვითარებას დიდი რესურსი გააჩნია და მისი პოტენციალი ორივე ქვეყნის მხრიდან შესაბამისად არ არის ათვისებული.

გიორგი მარგველაშვილმა იმედი გამოთქვა, რომ ევრაზიული კავშირის წევრობა ყირგიზეთს არ შეუშლის ხელს განავითაროს და გააღრმავოს საქართველოსთან სავაჭრო – ეკონომიკური თანამშრომლობა.

მხარეებმა შეხვედრისას აღნიშნეს, რომ სახელმწიფო მმართველობით სისტემაში განხორცილებული რეფორმების შესახებ გამოცდილების ურთიერთგაზიარება ხელს შეუწყობს სხვადასხვა სფეროებში ქვეყნებს შორის უფრო მჭიდრო, საქმიანი ურთერთობების დამყარებას, რაც დადებითად აისახება საერთაშორისო ურთიერთობების განვითარებაზეც.

საქართველოს პრეზიდენტმა კონფლიქტურ რეგიონებში არსებული ვითარების შესახებ ისაუბრა და განაცხადა, რომ საერთაშორისო თანამეგობრობამ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკა უნდა გააგრძელოს.

banner
წინა სტატიაშიახმეტის რაიონის სოფელ ქისტაურში 21 წლის ბიჭი ნაჯახით მოკლეს
შემდეგი სტატიაირაკლი ღარიბაშვილი: ჩვენი ხელისუფლების პირობებში რეგიონებში საუკეთესო პრაქტიკა დაინერგა