რატომ არ მისცა წულუკიანმა შალვა თადუმაძეს ხმა – მინისტრი განმარტებას აკეთებს

იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი ადასტურებს, რომ მთავარი პროკურორობის კანდიდატის შერჩევისას კენჭისყრაში მონაწილეობისგან თავშეკავების მიზეზი ისიც იყო, რომ იგი შალვა თადუმაძის შვილის ნათლიაა.

საპროკურორო საბჭოს სხდომის შემდეგ წულუკიანს კითხეს, იმის გამო ხომ არ შეიკავა თავი კენჭისყრაში მონაწილეობისგან თავი, რომ ის შალვა თადუმაძის შვილის ნათლიაა.

„კენჭისყრისგან თავი შევიკავე, რადგან, დიახ, მე გახლავართ შალვა თადუმაძის შვილის, იმ ქართველი პატარა გოგონას ნათლია, რომელიც განათლებული და კარგი ქართველი ქალი დადგება და ეს მეამაყება. შალვა თადუმაძე „ქართული ოცნების“ წიაღში გავიცანი, როდესაც ჩვენ უსამართლობას ერთად ვებრძოდით. ერთი ჩემი ყოფილი თანამებრძოლი შალვა შავგულიძე და შალვა თადუმაძეც ასეთია. უბრალოდ, ჩვენ დღესაც ერთი მთავრობის პირობებში გვიწევდა მუშაობა და ეს არ არის დასამალი, რომ ეს კავშირი მასთან მაქვს. შალვა თადუმაძის თანამებრძოლი, მისი თანამოაზრე და მისი შვილის ნათლია ვარ, როგორც მან ეს პატივი მომაგო“, – განაცხადა იუსტიციის მინისტრმა.

ამასთან, მისი თქმით, იყო უფრო მნიშვნელოვანი მიზეზებიც, რის გამოც კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღია.

„კიდევ იყო სხვა და უფრო მნიშვნელოვანი მიზეზები, რის გამოც მე არ მივიღე კენჭისყრაში მონაწილეობა – კენჭისყრაში მონაწილეობა არ მივიღე, რადგან ჩემი მონაწილეობით რამე ტიპის თუნდაც პატარა ჩრდილი არ მისდგომოდა ისეთი მაღალი კვალიფიკაციის მქონე პირების გადაწყვეტილებას, როგორიც პროკურორთა საბჭოს წევრები არიან“, – განაცხადა მინისტრმა.

შალვა თადუმაძის კანდიდატურა მთავარი პროკურორის თანამდებობაზე საპროკურორო საბჭომ დღეს კენჭისყრის შედეგად შეარჩია. შალვა თადუმაძის კანდიდატურას ხმა კენჭისყრაში მონაწილე საბჭოს 12-ვე წევრმა მისცა. საბჭო 15 წევრისგან შედგება, მათგან ეკა ბესელია და ოთარ კახიძე სხდომას არ ესწრებოდნენ, თეა წულუკიანს კი, კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღია.

banner
წინა სტატიაშიბრიუსელში ნატო-ს სამიტი გაიხსნა
შემდეგი სტატია“ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი იქნება ოკუპაციის პირობებში როგორ უნდა გახდეს საქართველო ალიანსის წევრი და ამაზე არის პასუხი”