პარლამენტარებს შორის მივლინებებზე ყველაზე დიდი თანხა თედო ჯაფარიძემ დახარჯა

ხელისუფლება უდიდეს მნიშვნელობას ანიჭებს სიტყვის თავისუფლებასა და მედიაპლურალიზმს

პარლამენტარებს შორის მივლინებებზე ყველაზე დიდი თანხა თედო ჯაფარიძემ დახარჯა2015 წლის 17 აგვისტოს მდგომარეობით, საქართველოს პარლამენტის სამივლინებო ხარჯები 843 387 ლარს შეადგენს.
“ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის” (IDFI) ცნობით, ამის შესახებ იმ დოკუმენტებიდან ირკვევა, რომელიც ორგანიზაციამ უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოდან გამოითხოვა. საქართველოს პარლამენტარებს შორის, 2015 წელს (იანვარი-აგვისტო) ყველაზე დიდი თანხა მივლინებებზე დახარჯულია თედო ჯაფარიძის მიერ – 113 059 ლარი.
“საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის დავით უსუფაშვილის სამივლინებო ხარჯები აღნიშნულ პერიოდში შეადგენს 65 707 ლარს. მაღალი სამივლინებო ხარჯებით გამოირჩევიან აგრეთვე, დავით ბაქრაძე – 47 726 ლარი, გიორგი კანდელაკი – 40 085 ლარი, გიორგი წერეთელი – 39 031 ლარი.
საქართველოს პარლამენტის მიერ როუმინგულ მომსახურებაზე გაწეული ხარჯი შეადგენს 6258.91 ლარს საიდანაც, ყველაზე მეტი დახარჯული აქვს პარლამენტის წევრ თედო ჯაფარიძეს – 1 296 ლარი”,- ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში.
მათივე ინფორმაციით, საქართველოს პარლამენტის აპარატის თანამდებობის პირებზე, ყოველთვიურად განსაზღვრული სახელფასო დანამატების გარდა, კვარტალში ერთხელ გაიცემა დაახლოებით თანამდებობრივი სარგოს ოდენობის პრემია.
საქართველოს პარლამენტის ადმინისტრაციის მიერ გაწეული წარმომადგენლობით ხარჯების შესახებ ინფორმაცია ინსტიტუტისათვის უცნობია.
პარლამენტის აპარატის მიერ ახალი ავტომობილების შეძენას ან ძველის ახლით ჩანაცვლებას ადგილი არ ჰქონია.
საქართველოს პარლამენტის აპარატში 2015 წლის აგვისტოს მდგომარეობით, დასაქმებული იყო 142 შტატგარეშე მოსამსახურე. აღნიშნულ მოსამსახურეებზე გაწეული შრომის ანაზღაურების ოდენობის (სარგო, პრემია, დანამატი) შესახებ ინფორმაცია პარლამენტის აპარატის მიერ ინსტიტუტისათვის არ იქნა მიწოდებული.
2015 წელს (იანვარი-აგვისტო) საქართველოს პარლამენტის აპარატიდან სულ გათავისუფლდა 88 თანამშრომელი, რომელთაგან 44 გათავისუფლდა ხელშეკრულებაზე ვადის გასვლის გამო, 40 თანამშრომელი – პირადი განცხადების საფუძველზე, 3 თანამშრომელი – სხვა სამსახურში გადასვლასთან დაკავშირებით, ხოლო 1 თანამშრომელი – სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე.
“ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა” (IDFI)-იმ 2015 წლის 17 აგვისტოს საჯარო ინფორმაციის მოთხოვნით მიმართა საქართველოს პარლამენტის აპარატს, პრეზიდენტის და მთავრობის ადმინისტრაციებს. მოთხოვნა შეიცავდა 16 პუნქტს, რომელთა შორის იყო ისეთი საკითხები, როგორიცაა 2015 წელს თანამდებობის პირებზე გაცემული პრემიები და სახელფასო დანამატები, სამივლინებო ხარჯები, წარმომადგენლობითი ხარჯები, შესყიდული ავტომობილები.
საქართველოს პარლამენტის აპარატიდან პასუხი ინსტიტუტს ეცნობა მიმდინარე წლის 3 სექტემბერს, პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან 18 სექტემბერს, ხოლო მთავრობის ადმინისტრაციიდან 4 თვის დაგვიანებით – 10 დეკემბერს.

banner
წინა სტატიაშიშინაგან საქმეთა სამინისტრო თელავში პოლიციელის მკვლელობასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
შემდეგი სტატიაIDFI: პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილეები და სხვა თანამდებობის პირები ყოველთვიურად დაახლოებით თანამდებობრივი სარგოს ოდენობის დანამატს იღებენ