მინდა, დღეს ჩემი გამოსვლა იყოს, პირველ რიგში, ერთგვარი ანგარიში საზოგადოების წინაშე ჩვენი გუნდის მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ

1biuroუპირველეს ყოვლისა, მსურს, მადლობა გადავუხადო საქართველოს პრემიერ-მინისტრს გამოცხადებული ნდობისთვის და იმისთვის, რომ თუ საკანონმდებლო ორგანო ჩემს კანდიდატურას დაამტკიცებს, მე შესაძლებლობა მომეცემა, დაწყებული რეფორმები ბოლომდე მივიყვანო. მათ შორის, განვახორციელო შსს-ს სწრაფი ტექნოლოგიური განვითარება, რომლის ეფექტიანობის ძალა კარგად მაქვს გააზრებული და ზუსტად ვიცი, რა პოზიტიურ შედეგებს მოიტანს იგი საქართველოს თითოეული მოქალაქისთვის.

გასული წლის დეკემბერში, მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხის განხილვისას, მე პარლამენტს ჩემეული ხედვა და სამოქმედო გეგმა წარვუდგინე.

მინდა, დღეს ჩემი გამოსვლა იყოს, პირველ რიგში, ერთგვარი ანგარიში საზოგადოების წინაშე ჩვენი გუნდის მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ.

ბუნებრივია, ჩვენთვის ერთ-ერთი საპასუხისმგებლო მიმართულება იყო და არის ვიზალიბერალიზაციის პროცესი, რომელშიც შსს აქტიურად იყო ჩართული. ჩვენ განვახორციელეთ კომპლექსური ღონისძიებები კონკრეტულ ქვეყნებთან მიმართებაში. გარდა ამისა, მე პირადად შევხვდი ჩემს ბევრ კოლეგას ევროპაში, რათა ჩვენს სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის ურთიერთობები მაქსიმალურად გაგვეღრმავებინა. შეიძლება ითქვას, რომ დღეს ევროკავშირის ქვეყნებთან ჩვენი საერთაშორისო საპოლიციო თანამშრომლობა არის უპრეცედენტოდ მაღალი, რამაც უკვე კონკრეტული, პოზიტიური შედეგები მოიტანა. საქართველოს უკვე ჰყავს 13 პოლიციის ატაშე პარტნიორ ქვეყნებში. უახლოეს მომავალში ასევე ხელს მოვაწერთ მაღალი დონის შეთანხმებას ევროპოლთან.

ჩვენ ვმუშაობთ ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის ახალ სტრატეგიაზე, რომლის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება საზღვარგარეთ ქართულ ორგანიზებულ დანაშაულთან უფრო აქტიური და კომპლექსური ბრძოლა იქნება, რისთვისაც პარლამენტს ამ სფეროში რამდენიმე საკანონმდებლო ინიციატივითაც მოგმართავთ.

პარლამენტში ჩემი შარშანდელი გამოსვლის მნიშვნელოვანი ნაწილი დაეთმო კრიმინალური პოლიციის მოდერნიზაციისა და განვითარების გეგმებს. ამ გეგმებიდან დიდი ნაწილი უკვე შესრულების პროცესშია.

სისტემის მოდერნიზაციისა და პოლიციის გაძლიერების პროცესი ჩვენ დავიწყეთ შსს-ს ერთობლივი ოპერაციების ცენტრის შექმნით, რომელიც პოლიციის ცენტრალიზებულ ტექნოლოგიურ ჰაბს წარმოადგენს. ამით შსს-ში იქმნება 21-ე საუკუნის პოლიცია. მსგავსი მაღალტექნოლოგიური ცენტრი მსოფლიოში სულ რამდენიმე განვითარებულ ქვეყანას აქვს და იგი დანაშაულის პრევენციის, აღკვეთისა და გამოვლენის საქმეში ყველაზე თანამედროვე მიდგომაა.

ეს ნოვაცია საშუალებას მოგვცემს, რეალურ დროში მოხდეს დანაშაულზე სწრაფი რეაგირება და მისი პრევენცია, მოსახლეობაში გაზრდის უსაფრთხოებისა და დაცულობის ხარისხს, ამაღლდება პოლიციის საქმიანობის ეფექტურობა და გამოძიების ხარისხი. ჩვენ ველით, რომ ამ ცენტრის შექმნის შემდეგ, ქვეყანაში დანაშაული მნიშვნელოვნად შემცირდება. ამასთან, აღნიშნული სისტემა გზებზე სატრანსპორტო რეგულაციის, ავტოსაგზაო დარღვევებსა და შემთხვევებზე დროულად რეაგირების საშუალებას იძლევა.

ცენტრი ამჟამად რამდენიმე პროექტზე მუშაობს, რომელთაგან ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბურია პროექტი – „უსაფრთხო ქალაქი, უსაფრთხო რეგიონი, უსაფრთხო ქვეყანა“, რაც მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე ვიდეომონიტორინგის სისტემის შექმნას და საპოლიციო საქმიანობაში თანამედროვე ტექნოლოგიების უფრო მეტად გამოყენებას გულისხმობს.

პოლიციასთან დაკავშირებული სამოქმედო გეგმებიდან, რომელიც პარლამენტს გასულ წელს წარვუდგინე, მნიშვნელოვანი იყო ანალიზზე დაფუძნებული პოლიციის პროექტი, რომელიც დღეს, საპილოტე რეჟიმში, უკვე ხორციელდება. ამ პროექტის ფარგლებში, ჩვენ შევქმენით სრულიად ახალი პროგრამა e-Police, რომლის თანახმადაც, საპოლიციო საქმის წარმოება მთლიანად ელექტრონულ ფორმატში გადადის და შესაბამისი ანალიტიკური პროგრამების გამოყენებით, რისკებს წინასწარ განსაზღვრავს.

ჩემი ერთ-ერთი ინიციატივა უკავშირდებოდა დნმ ბანკის შექმნას, რაც საგამოძიებო მიმართულების გაძლიერებას გულისხმობს. ეს საკმაოდ რთული და ძვირადღირებული პროექტია. პროექტირების და სამართლებრივი რეგულაციების მომზადების ეტაპები უკვე დასრულებულია. მომავალ წელს ჩვენ ამ სფეროში საკანონმდებლო ინიციატივებით მოგმართავთ და პარლამენტის მიერ მოწონების შემთხვევაში, უკვე იმპლემენტაციის ეტაპზე გადავალთ.

15209119_1824868644464801_1138410097_n

მაღალი ტექნოლოგიები და განვითარება საჭიროა იმისთვის, რომ კრიმინალთან ბრძოლა კიდევ უფრო წარმატებით გაგრძელდეს. 2015 წლიდან დღემდე ჩვენ უკანონო ბრუნვიდან ამოვიღეთ 37 კილოგრამი კოკაინი და 181 კილოგრამი ჰეროინი, რომლის უდიდესი ნაწილი ტრანზიტისთვის იყო განკუთვნილი. ასევე, 15 კილოგრამი ფსიქოტროპული ნივთიერება „პრეგაბალინი“ და სხვა ნარკოტიკი. ამავე პერიოდში, უკანონო ბრუნვიდან ამოვიღეთ 1482 ერთეული ცეცხლსასროლი იარაღი, რაც, თავის მხრივ, კიდევ უფრო მძიმე დანაშაულის პრევენციაა.

მოგეხსენებათ, თანამედროვე მსოფლიოს ერთ-ერთ მთავარ გამოწვევას კიბერდანაშაული წარმოადგენს. ეს პრობლემა აქტუალურია ჩვენთვისაც. მომავალ წელს ჩვენ ვგეგმავთ კიბერდანაშაულთან ბრძოლის სამმართველოს ტექნიკური შესაძლებლობების განვითარებას ულტრათანამედროვე ტექნოლოგიური საშუალებებით.

შსს-ს საქმიანობის პრიორიტეტებია, ასევე:

ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლა;

ტრეფიკინგთან დაკავშირებული რისკების ანალიზი და პრევენცია. აქვე ხაზი მინდა გავუსვა იმ საკითხს, რომ ჩვენ, აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის შეფასებით, საგრძნობ პროგრესს მივაღწიეთ და პირველ კალათაში გადავინაცვლეთ.

2016 წლის 2 აგვისტოს ჩემი ბრძანებით შეიქმნა სამუშაო ჯგუფი, რომელიც საზოგადოებაზე ორიენტირებული პოლიციის კონცეფციაზე აქტიურად მუშაობს. მისი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ნაწილია უბნის ინსპექტორის ინსტიტუტის არსებითი რეფორმა.

გასულ წელს წარმატებული აღმოჩნდა ჩვენი საპილოტე პროექტი – მოთხილამურე პატრული. შედეგად, წელს უკვე საქართველოს ყველა სათხილამურო ტრასაზე უსაფრთხოებას მოთხილამურე პატრულები დაიცავენ.

ჩვენ, ასევე, დავიწყეთ ქვეითი პატრულის ინსტიტუტის განვითარება. ახლა ვამზადებთ საპატრულო პოლიციის რეფორმის პროექტს, რომელსაც მომავალ წელს წარმოგიდგენთ.

მიმაჩნია, რომ ადამიანები, რომლებიც, საკუთარი სიცოცხლისა და ჯანმრთელობის რისკის ფასად, მოქალაქეთა უსაფრთხოებაზე მუდმივად ზრუნავენ, განსაკუთრებულ სოციალურ გარანტიებს საჭიროებენ. ასეა ყველა განვითარებულ ქვეყანაში და ვცდილობთ, ეს სტანდარტი საქართველოშიც შეძლებისდაგვარად დავნერგოთ. გასული ერთი წლის განმავლობაში ჩვენ შევძელით, გაგვეზარდა კრიმინალური პოლიციის თანამშრომლების ხელფასები, რაც მოცემულ პირობებში მნიშვნელოვანი მიღწევაა.

ამასთან, ჩვენ სოციალური დაცვის სტაბილური გარანტიები შევქმენით მეხანძრე-მაშველებისთვის და მათი სტატუსი პოლიციელებისას გავუთანაბრეთ.

ჩვენი თანამშრომლებისთვის ღირსეული სამუშაო პირობების შექმნის მიზნით, რაც მათ ეფექტურ საქმიანობაზეც აისახება, განვახორციელეთ რიგი ინფრასტრუქტურული პროექტები.

გასული წლიდან მოყოლებული დღემდე ჩვენ ავაშენეთ: პოლიციის 2 ახალი შენობა – სამეგრელოსა და თბილისში; დაცვის პოლიციის 4 ახალი შენობა; გავხსენით ახალი საექსპერტო კრიმინალისტიკური ლაბორატორიები და „112“-ის ახალი, ალტერნატიული ცენტრი რუსთავში. ავაშენეთ 4 ახალი და 21 სრულიად რეაბილიტირებული სახანძრო-სამაშველო შენობა, შევიძინეთ გარკვეული ტექნიკა. თუმცა, დღეისთვის კვლავ დიდ გამოწვევად რჩება სახანძრო-სამაშველო ტექნიკისა და აღჭურვილობის სრული განახლების აუცილებლობა და ჩვენ კიდევ ბევრი ძალისხმევა მოგვიწევს ამ მიმართულებით.

15232113_938720539563279_458212935360470900_n

არსებული სერვისების შემდგომი სრულყოფა და ახალი სერვისების დანერგვა არის „112“-ის, მომსახურების სააგენტოსა და დაცვის პოლიციის უმთავრესი ამოცანა.

„112“-მა დაიწყო მობილური აპლიკაციისა და ახალი, ინოვაციური სერვისების დანერგვა, რაც მობილურს ხდის მის მომსახურებას და იგი კიდევ უფრო მეტად ხდება მომხმარებლის ინტერესებსა და მოთხოვნებზე ორიენტირებული.

რაც შეეხება შსს-ს მომსახურების სააგენტოს, მოგახსენებთ, რომ მომავალი წლიდან მართვის მოწმობის გამოცდების სისტემა შეიცვლება. მოსამზადებელი ეტაპი უკვე დავასრულეთ და საქართველოს პარლამენტს შესაბამისი საკანონმდებლო ინიციატივით მოგმართავთ.

მიგრაციის კონტროლის და საზღვრის დაცვის საკითხები, მსოფლიოში მიმდინარე პროცესების გათვალისწინებით, რჩება შინაგან საქმეთა სამინისტროს პრიორიტეტების ნუსხაში. საყურადღებოა, რომ არალეგალი მიგრანტების ქვეყნიდან გაძევების პროცესი ადამიანის უფლებათა დაცვის მაღალი სტანდარტით მიმდინარეობს.

აღსანიშნავია, რომ ჩვენ აქტიურად მივყვებით სასაზღვრო პოლიციის მოდერნიზაციის, სტანდარტიზაციის და უნიფიკაციის ხუთწლიანი პროგრამის შესრულებას გეგმას. თუმცა, ვფიქრობ, რომ ეს არ არის საკმარისი და საზღვრის მიმართულებით უფრო მეტი აქცენტები უნდა გაკეთდეს. ჩემი ხედვა საზღვრის დაცვის სფეროში იგივეა, რაც კრიმინალური პოლიციის მოდერნიზაციის კუთხით. ეს არის მეტი ტექნოლოგიები საზღვრის ეფექტურად დაცვისთვის. ერთი თვის წინ აშშ-ს ელჩთან ერთად გავხსენი სადახლოს სასაზღვრო სექტორი, რომელიც არის ნათელი მაგალითი იმისა, თუ როგორ უნდა ჩაანაცვლოს ტექნოლოგიებმა ადამიანის მიერ საზღვრის ფიზიკური დაცვა უფრო ეფექტურად ისე, რომ მესაზღვრეებმა ღირსეულად იმუშაონ და დაისვენონ, უფრო წარმატებული იყვნენ და რაც მთავარია, ეს ყოველივე იყოს ძალიან შედეგიანი.

შავი ზღვის მიმართულებით ჩრდილოატლანტიკური ალიანსის მეტი აქტიურობა და ინტერესი გვავალდებულებს, კიდევ უფრო მეტი ყურადღება გამოვიჩინოთ სანაპირო დაცვის განვითარების კუთხით. აშშ-ს მიერ ორი საპატრულო კატარღის გადმოცემა, რომლებიც მომავალ წელს ჩვენს ფლოტს შემოუერთდება, მნიშვნელოვნად გააძლიერებს ჩვენს შესაძლებლობებს საერთაშორისო სწავლებებსა და ოპერაციებში მონაწილეობის თვალსაზრისით. შსს, საგარეო საქმეთა და თავდაცვის სამინისტროებთან კოორდინაციით, მზად არის აქტიურად ჩაერთოს ნატო-ს საზღვაო ინიციატივებში შავ ზღვაზე.

დაწყებულია განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის რეფორმა, ნატო-ს და ევროპული საპოლიციო სპეციალური ძალების სტანდარტებთან შესაბამისობის მიმართულებით. დაგეგმილი გვაქვს, რომ განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტი გახდეს ევროპული და ხმელთაშუა ზღვის ქვეყნების ჟანდარმერიებისა და გასამხედროებული სტატუსის მქონე საპოლიციო ძალების გაერთიანების წევრი, რაც დამატებით შესაძლებლობას მოგვცემს, მონაწილეობა მივიღოთ სხვადასხვა საერთაშორისო პროექტსა და წვრთნებში.

ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ შსს-ში ადამიანის უფლებების დაცვის მაღალი სტანდარტის შესანარჩუნებლად. გასული წლიდან დროებითი მოთავსების იზოლატორებში მუდმივად ხელმისაწვდომია ექიმის მომსახურება. ჩვენ ვმუშაობთ რამდენიმე ახალ პროექტზე, რომლებიც ადმინისტრაციულ პატიმრობაშეფარდებულ პირთათვის დამატებითი სერვისების მიწოდებას გულისხმობს.

ამჟამად შსს-ს გენერალური ინსპექცია ევროპის საბჭოს ექსპერტებთან ერთად მუშაობს პოლიციის ეთიკის კოდექსისა და ადამიანის უფლებათა დაცვის შიდა მექანიზმების დახვეწაზე. აღსანიშნავია, რომ სულ რამდენიმე დღის წინ შსს-ს გენერალური ინსპექცია გახდა კორუფციის წინააღმდეგ ევროპელი პარტნიორების გაერთიანების (EPAC) სრულუფლებიანი წევრი.

შსს-ს განვითარების და ნებისმიერი რეფორმის წარმატების გარანტად მე მიმაჩნია, პირველ რიგში, კვალიფიციური კადრები. ამიტომ ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მოცემულ სფეროში საგანმანათლებლო სისტემის მუდმივი დახვეწა და მოდერნიზაცია. ამ მიზნით, მიმდინარე წელს შსს-ს აკადემიამ მრავალი მნიშვნელოვანი პროექტი განახორციელა. შემუშავდა და დაინერგა დისტანციური სწავლების პროგრამა. აკადემიის განვითარებისთვის უმნიშვნელოვანესი პროექტია მის ბაზაზე რეგიონული სასწავლო ცენტრის ჩამოყალიბება. ამ მიზნით, ჩვენს ამერიკელ კოლეგებთან აქტიურად ვთანამშრომლობთ.

ჩვენ ხელს ვუწყობთ ახალგაზრდა კადრების სისტემაში მოზიდვას. წელს პირველად, წარმატებით ჩავატარეთ კარიერული განვითარების ფორუმი, რომელიც შსს-ში ტრადიციად უნდა იქცეს. ასევე, ჩემი გადაწყვეტილებით, შსს-ს აკადემიის ყველა მაგისტრანტი უწყებაშივე დასაქმდება.

1biuro

მიმაჩნია, რომ დანაშაულის პრევენციისთვის ასევე დიდი მნიშვნელობა აქვს საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლებას. ამ მიზნით, შსს აქტიურად ახორციელებს სოციალურ საინფორმაციო კამპანიებს, როგორიცაა: „ძალა ნდობას“ – ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ; „დაიცავი შენი პირადი სივრცე“ – კიბერუსაფრთხოების შესახებ; „შენი გულისთვის, შენი უსაფრთხოებისთვის“ – საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების კამპანია. ასევე, მიმდინარეობს საგანმანათლებლო პროექტი – „მართლწესრიგისა და დანაშაულის პრევენციის პროგრამა საჯარო სკოლებისთვის“, რომლის ფარგლებშიც, გასული წლის მაისიდან დღემდე, მთელი ქვეყნის მასშტაბით, დედაქალაქისა და რეგიონების 75 საჯარო სკოლის 3500-მდე მოზარდს, მათ შორის, არაქართულენოვან მოსწავლეებს, შსს-ს შესაბამისი დანაყოფის წარმომადგენლებმა საინფორმაციო-ინტერაქტიული გაკვეთილები ჩაუტარეს.

ჩვენ აქტიურად ვუჭერთ მხარს ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაციას – შსს-ს სპროტული კლუბების წევრები მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონები არიან.

და ბოლოს, კიდევ ერთხელ მინდა, მოგმართოთ უაღრესად მნიშვნელოვანი საკითხით – ესაა საგზაო მოძრაობის უსაფრთხოება, რაც შსს-სთვის კვლავ პრიორიტეტად რჩება. წინა მოწვევის პარლამენტს განსახილველად გადავეცით ჩვენ მიერ შემუშავებული კანონპროექტი საგზაო მოძრაობის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით. იმედი მაქვს, ამ საკანონმდებლო ინიციატივაზე უკვე ახალი პარლამენტი იმსჯელებს. გამოვხატავ საკანონმდებლო ორგანოსთან თანამშრომლობის სრულ მზაობას იმისთვის, რომ საბოლოოდ მივიღოთ ისეთი შედეგი, რაც ამ მიმართულებით უფრო ქმედითი ნაბიჯების გადადგმის შესაძლებლობას მოგვცემს.

banner
წინა სტატიაში(video) ირმა ნადირაშვილმა „თაიმერის“ გახმაურებულ „ნარუშილოვკების“ სკანდალზე შს და თავდაცვის მინისტრობის კანდიდატებს პასუხი მოსთხოვა
შემდეგი სტატიაელენე ხოშტარია: მურისიძე ფიგურირებდა სანდრო გვირგვლიანის საქმეში