კალაძემ პირველი დავალება გასცა

ქეთი ფერაძე
: ქეთი ფერაძე ნოემბერი 7, 2017 12:15

კალაძემ პირველი დავალება გასცა

თბილისის არჩეულმა მერმა „თბილსერვის ჯგუფის“ ხელმძღვანელს დავალება მისცა მიწისქვეშა გადასასვლელების მოწესრიგება – დასუფთავება და მათი განათებით აღჭურვა დღეიდანვე დაიწყოს. კახა კალაძე დღეს ცირკსა და ზოოპარკის ტერიტორიაზე არსებულ მიწისქვეშა გადასასვლელეში იმყოფებოდა და განაცხადა, რომ სიტუაცია კრიტიკას ვერ უძლებს.

„დღეს დავათვალიერეთ მიწისქვეშა გადასასვლელები და მართლაც კრიტიკას ვერ უძლებს – ძალიან მძიმე მდგომარეობაა. აქ არის რამდენიმე მიმართულება. პირველი, რაც მინდა ვთქვა და ვთხოვო „თბილსერვისის“ ხელმძღვანელს, დღესვე დავიწყოთ სამუშაოების შესრულება, მორეცხვა, ელექტროგაყვანილობა, განათება, იმიტომ რომ არაფერი არ არსებობს. სხვათაშორის იყო განათება და კამერები, მაგრამ მოგლეჯილი, დაზიანებული და გაუბედურებულია, ყველაფერი დანგრეულია. ეს ყველაფერი, რაც შეიძლება მალე უნდა მოვიყვანოთ მწყობრში და ადამიანებს უნდა ჰქონდეთ შესაძლებლობა, როცა მიწისქვეშა გადასასვლელებით ისარგებლებენ, ელემენტარული სისუფთავე იყოს და ნორმალურად შეეძლოთ გადაადგილება“, – განაცხადა კალაძემ.

გარდა ამისა, თბილისის არჩეულმა მერმა „თბილსერვის ჯგუფის“ ხელმძღვანელობას 10 დღის ვადაში, მიწისქვეშა გადასასვლელებთან დაკავშირებით ერთიანი სტანდარტის შემუშავებაც დაავალა.

„ჩვენ ვიცით, რომ მიწისქვეშა გადასასვლელები ქალაქში ზოგი არის გასხვისებული, ზოგი იჯარით გაცემული. ჩვენ არავის საკუთრებას არ ვეხებით. მინდა უბრალოდ გთხოვოთ, რომ ერთიანი სტანდარტი იყოს შემუშავებული. სრული სურათი წარმოადგინოთ 10 დღის განმავლობაში და ყველა ადამიანმა, მესაკუთრემ თუ ვისაც იჯარით აქვს აღებული, კეთილი უნდა ინებოს და ერთიან სტანდარტში უნდა მოიყვანოს არსებული სიტუაცია მიწისქვეშა გადასასვლელების, იმიტომ რომ უამრავი ადამიანი სარგებლობს. ბევრ კონკრეტულ ადგილზე არის მძიმე მდგომარეობა და ეს უნდა მოვაგვაროთ ძალიან სწრაფად“, – აღნიშნა კალაძემ.

ქეთი ფერაძე
: ქეთი ფერაძე ნოემბერი 7, 2017 12:15

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


6,617
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics