კალაძემ მერიაში თვენახევრის მუშაობა შეაჯამა

დედაქალაქის მერმა თბილისის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე მერიის მიერ თვენახევრის განმავლობაში განხორციელებული სამუშაოები შეაჯამა. როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, მერიამ რამდენიმე მიმართულებით მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა.კალაძემ სხდომაზე ისაუბრა ფართების დაკანონებასთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ 132 ოჯახს სიმბოლურ ფასად, 1 ლარად გადაეცა საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ფართები. მისივე თქმით, დღეს კიდევ 35 ოჯახს გადაეცემა ფართები წყნეთში.
მერმა ასევე სტრუქტურულ რეფორმასთან დაკავშირებით ისაუბრა და განაცხადა, რომ ბიუროკრატიის შემცირების მიზნით გაუქმდა 19 კომისია და ე.წ. ზონალური საბჭო.
თბილისის მერმა ასევე ისაუბრა ორბელიანის მოედნის რეაბილიტაციასთან დაკავშირებით და განაცხადა, რომ ეს ადგილი იქნება ერთ-ერთი საუკეთესო ადგილი დედაქალაქში, რეაბილიტაციის შემდეგ. კალაძის ინფორმაციით, პროექტი 52 მილიონი ლარი ჯდება და 2000 ადამიანი იქნება დასაქმებული.
უკანონო მშენებლობებთან დაკავშირებით კი კალაძემ აღნიშნა, რომ სამშენებლო ნორმები მკაცრდება. მისი ინფორმაციით, მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურმა უსაფრთხოების ნორმების დარღვევისთვის 216 მითითება გასცა, ასევე, გამოვლენილია უნებართვო მშენებლობის 500 ობიექტი, აქედან 270 ობიექტზე საქმის წარმოება დაიწყო.
დედაქალაქის მერმა ყურადღება გაამახვილა ქალაქის საცობებისგან განტვირთვის გეგმაზეც და აღნიშნა, რომ სწორედ ამას ემსახურება საყოფაცხოვრებო ნარჩენების ღამით გატანასთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილება. როგორც კალაძემ აღნიშნა, პირველი მარტიდან, 32 ქუჩაზე საყოფაცხოვრებო ნარჩენებს 22:00 საათიდან გაიტანენ.მისი ინფორმაციით, მერია ქალაქის საცობებისგან განსატვირთად კიდევ ერთ პროექტს იწყებს, რომლის თანახმად, ე.წ. ყვითელი სამარშრუტო ტაქსები რამდენიმე ქუჩაზე მხოლოდ გაჩერებებზე გააჩერებენ.
რაც შეეხება ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებას, მერის თქმით, ამ კუთხით უკვე დაწყებულია სამართლებრივი ცვლილებების მომზდება, რომელიც მწვანე ნარგავების ჭრის საკომპენსაციო თანხების გაზრდას ეხება. ასევე, სამშენებლო კომპანიებს დაეკისრებათ ვალდებულება ნარგავების გადარგვისა და მოვლა-პატრონობის შესახებ.
კახა კალაძემ საახალწლო სადღესასწაულო ღონისძიებებზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ ღონისძიებები სამ ლოკაციაზე – გლდანში, ვარკეთილსა და ძველ თბილისში გაიმართება, ხოლო საზოგადოებრივი ტრანსპორტი ღამით მოსახლეობას უფასოდ მოემსახურება. მერმა მოსახლეობას დამდეგი ახალი წელი მიულოცა.

banner
წინა სტატიაშისუს-ში ბრიფინგი ჩაინიშნა
შემდეგი სტატია“მე მახსოვს თქვენი სიტყვები, რომ ჩვენ არ ვართ უბრალოდ მეზობლები, ჩვენ ვართ ძმები” – სარგსიანი პატრიარქს