,,ივანიშვილმა ,,ოცნების,, მარცხი აღიარა,, – ლევან ქარდავა

levan-qardava,,თაიმერთან,, ინტერვიუში პარლამენტის წევრმა ლევან ქარდავამ, რომელიც მომავალ საპარლამენტო არჩევნებში, წალენჯიხა-ჩხოროწყუს გაერთიანებულ ოლქში ,,ნაციონალური მოძრაობის,, სახელით – მაჟორიტარად იყრის კენჭს, ბიძინა ივანიშვილის ბოლო შეხვედრა ქართული ბიზნესის წარმომადგენლებთან, შეაფასა როგორც მისი მხრიდან საპარლამენტო არჩევნებში ,,ქართული ოცნების,, მარცხის აღიარება…

ლევან ქარდავასთან ინტერვიუს ,,თაიმერი,, სრულად გთავაზობთ.

 

_ ბატონო ლევან, არჩევნების საქმე როგორ მიდის? შანსები როგორი გაქვთ?

_ კარგად… არჩევნებში გამარჯვებას ვგეგმავთ. ჩემი ხედვა  წალენჯიხასა და ჩხოროწყუში არსებული პრობლემების მოგვარებისა, ამომრჩევლებისთვის სულ უფრო მისაღები ხდება, რადგან თავად ამ პრობლემებს მე უკეთ ვიცნობ – ვიდრე ჩემი კონკურენტები და პოლიტიკურადაც იმ ძალას წარმოვადგენ, რომელსაც საქმე ხელეწიფება. ,,ნაციონალურ მოძრაობას,, ქვეყნისთვის ბევრი საქმე გაუკეთებია და ,,ოცნების,, უნიათობის ფონზე ხალხი ამას ახლა უფრო აფასებს. რაც შეეხება საარჩევნო ფონს და საარჩევნო კამპანიას, სასურველი იყო ის მანკიერებები, რაც საარჩევნო პროცესს ადრე უკავშირდებოდა, გამოსწორებულიყო, მაგრამ უარესობისკენ მიდიან.

წინა ხელისუფლების  დროინდელ მანკიერებას გულისხმობთ?

_ ყველასთვის ცნობილია, რომ ეს მანკიერებები „ნაციონალების“ დროს კი არ დაწყებულა… გაცილებით უფრო ადრე იყო და ,,ნაციონალების,,  დროს უფრო ნაკლებად.

ახლანდელმა არჩევნებმა შევარდნაძის დრო გააცოცხლა. საარჩევნო კომისიებში ის ხალხი  დააბრუნეს, ვინც გამყალბებლების სახელით, ჯერ კიდევ შევარდნაძის დროიდან იყვნენ ცნობილნი… თუმცა არც ,,ნაციონალების,, დროინდელებზე აამბობენ უარს.

_ გეშინიათ, რომ ,,ოცნება,, არჩევნებს გაყალბებს? ,,ნაციონალებიც,, ხომ აყალბებდნენ?

_ პირადად მე პოლიტიკაში  2012 წლის საპარლამენტო არჩევნების დროს გამოვჩნდი… თუმცა ვიცი, რომ ,,ნაციონალური მოძრაობა,, 2003 წელს, სწორედ არჩევნების გაყალბების საწინააღმდეგო საპროტესტო ტალღაზე,  რევოლუციის შედეგად მოვიდა ხელსუფლებაში… სწორედ ისინი იყვნენ პირველები, ვინც არჩევნების ტოტალური გაყალბების გამო აჯანყდნენ და ხალხიც სწორედ მათ გაჰყვა. შესაძლებელია ხელსიუფლებაში მოსვლის შემდეგ მათაც ჰქონდათ გარკვეული გადაცდომები, მაგრამ ეს იმ დოზით არ ხდებოდა, რაც შევარდნაძის დროს და არც ისე, როგორც ამას ,,ოცნების,, ხელისუფლება დღეს აკეთებს.

_ თქვენ საკმაოდ განათლებული ადამიანი ბრძანდებით და   გამოქვეყნებული ციხისა და კასრებში აღმოჩენილი კადრების შემდეგ,  არ გერჩივნათ, რომ პროტესტის ნიშნად უარი გეთქვათ 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში ,,ნაციონალების,, მაჟორიტარობაზე? მითუმეტეს, რომ დღემდე უპარტიო ადამიანი ხართ…

– ჩემთვის ყველანაირი ძალადობა მიუღებელია და პროტესტის გრძნობა მეც მქონდა, მაგრამ 2012 წელს, ციხის კადრები ისეთ დროს გამოჩნდა, რომ ჩემთვის ნათელი გახდა მისი გამავრცელებლის ზუსტი მიზანი… ეს არ გახლდათ დანაშაულის გამოვლენა ან დამნაშავეების დასჯის სურვილი… გამავრცელებლებს პოლიტიკური მიზნები ჰქონდათ.  მათ მუხტის ასაწევად შემოაგდეს ის კადრები, რომელთა ნახევარზე მეტი, მოსყიდული  ბედუკაძის მიერ სპეციალურად იყო გადაღებული… „ქართულმა ოცნებამ“ ყველაზე ცუდი ის გააკეთა, რომ ბევრი ფაქტის უტრირება და დანაშაულის განზოგადება მოახდინა. დანაშაულის განზოგადება კი დამნაშავის არდასჯას იწვევს… რაც შეეხება მოგვიანებით გამოქვეყნებულ ე.წ. ,,სამეგრელოს კადრებს,, , მე როგორც მოქალაქეს მაინტერესებს, დაადგინა თუ არა გამოძიებამ, დანაშაულს კონკრეტულად რომელი ჯგუფი, რა მოტივით ჩადიოდა.. თუ ეს კადრები ათასობით იყო, დაზარალებულებიც ათასობით უნდა ყოფილიყო და შესაბამისად ათასობით დამნაშავეც – გასამართლებული… თუმცა ამ კადრებს, ,,ოცნება,, მხოლოდ ,,ნაციონალების,, საწინააღმდეგო პიარის ელემენტად იყენებს, ყველა არჩევნების წინ ისე,  რომ რეალური დამნაშავეები დღემდე არ გამოუვლენია.

-თქვენზე ამბობენ, რომ სერიოზული ბიზნესი გაქვთ რუსეთში… სამეგრელოშიც თუ ფლობთ რაიმე ბიზნესს… 

რუსეთში ჩემი ბიზნესი არ მაქვს… რუსეთში მამაჩემი ცხოვრობს დიდი ხანია და მას აქვს ბიზნესი… მეც 6 წლამდე რუსეთში ვიზრდებოდი, მაგრამ მამამ გადაწყვიტა, რომ როგორც ,, ნაღდ ქართველს,, ბავშვობიდან საქართველოში  უნდა მეცხოვრა, სამშობლო რომ მეტად მყვარებოდა… ამიტომ მეტი დრო აქ მაქვს გატარებული…  რამდენად კარგი ქართველი გამოვიდა ჩემგან, ამას სხვები შეაფასებენ… მე შემიძლია ვთქვა – რომ ჩემი ქვეყანა და კუთხე მართლაც უზომოდ მიყვარს…  სამეგრელოში ყოველთვის ვერიდებოდი ბიზნესის კეთებას, მაგრამ გარკვეული დროის უკან, ქარხნის აშენება გადავწყვიტეთ წალენჯიხაში… თუმცა ამ ქარხანას მიწა ჭირდებოდა თანაც ისეთ ადგილზე, სადაც ახლოს წყალიც იქნებოდა. შერჩეულიც გვქონდა ასეთი ადგილი, თუმცა ადგილობრივმა ხელისუფლებამ საჭირო მიწის შესყიდვაში ხელისშეწყობის ნაცვლად, ხელი შეგვიშალა… ამ არჩევნების შემდეგ ამ პროექტს მაინც განვახორციელებთ.

-თქვენ წალენჯიხელი ხართ… ამ არჩევნებში კი  წალენჯიხა-ჩხოროწყუს გაერთიანებულ ოლქში მაჟორიტარობაზე აცხადებთ პრეტენზიას… ჩხოროწყუში როგორია თქვენი შანსები?

ისეთივე, როგორიც წალენჯიხაში. ეს ორი პატარა რაიონი იმდენად ახლოა ერთმანეთთან, რომ ცნობადობის პრობლემა ნაკლებადაა. ორივე რაიონს და მის მოსახლეობას იდენტური პრობლემები აქვს… ჩემთვის წალენჯიხის სოფლებში მაცხოვრებელთა პრობლემები ისევე ნაცნობია, როგორც ლესიჭინეს, ახუთის თუ მუხურის პრობლემები. ჩხოროწყუშიც ისევე უჭირს ხალხს, როგორც წალენჯიხაში. კარდაკარ დავდივარ და პირადად ვხდები ორივე რაიონის მოსახლეობას… ბევრია სოციალურად დაუცველი, რომელიც სახელმწიფოსაგან დახმარებას ვერ ღებულობს… დიდი პრობლემაა უმუშევრობა და ამ რაიონებში მაცხოვრებელი ადამიანების დიდი ნაწილი, ლუკმა პურის საშოვნელად თბილისში, თურქეთში და ძირითადად რაიონის გარეთაა გადახვეწილი… ხალხს წამლის ფულის უქონლობა, უგზოობა, უგაზობა და ბევრი სხვა პრობლემა აწუხებს. ამ პრობლემების მოსაგვარებლად ,,ოცნებას,,  გასული 4 წლის მანძილზე თითი-თითზე არ გადაუდვია… მათ მოგვარებას, მხოლოდ ის ძალა შეძლებს, ვინც საქმეზე და საქმის მკეთებელ ადამიანებზეა ორიენტირებული… ასეთები კი დღევანდელ პოლიტიკურ სპექტრში მხოლოდ ჩვენ ვართ.

-როგორ მოაგვარებთ მათ პრობლემებს? ბიზნესს განავითარებთ? ბევრი ადამიანი ამტკიცებს, რომ თქვენი პოლიტიკური ძალის ხელისუფლებაში ყოფნის დროს ბიზნესი დატერორებული იყო…

– არ ვიცი თქვენ რომელ ბიზნესზე საუბრობთ… არ გამოვრიცხავ იყვნენ ბიზნესმენები, ვისზეც ვიღაც არაკეთილსინდისიერი ჩინოვნიკი ზეწოლას ახდენდა… მაგრამ მე ვიცი, რომ განვითარდა სამშენებლო, საბანკო, ტურისტული ბიზნესი… ფეხზე დადგა ღვინის ბიზნესი, სადაზღვეო ბიზნესი და ბევრი სხვა… გაშენდა თბილისი, ბათუმი, სიღნაღი, ანაკლია, მესტია… გალამაზდა უამრავი ქალაქი და სოფელი, აშენდა უამრავი საავადმყოფო… გაიმართა ინფრასტრუქტურა, ჩინოვნიკებში მოისპო კორუფცია, შეწყდა კრიმინალთა თარეში, ლარის კურსი გამყარდა… ქვეყანა ქვეყანას დაემსგავსა და ეს ყველაფერი იმ ყბადაღებული 9 წლის განმავლობაში მოხდა, დღეს რომ ზოგიერთებს მხოლოდ ცუდად ახსენდებათ. არც ის უნდა დაგვავიწყდეს, თუ როგორი ჭაობი გადაიბარა ,,ნაციონალურმა მოძრაობამ,, შევარდნაძისაგან. აღმშენებლობა იმ დღიდანვე განახლდება, რომელი დღიდან ჩვენ მოვალთ ხელისუფლებაში. ხოლო ის ბიზნესმენები, რომლებიც დღეს ამტკიცებდნენ, რომ სააკაშვილისაგან ზეწოლას განიცდიდნენ, ხვალ, ახალი ხელისუფლების მოსვლის შემდეგ, იგივე დანაშაულში ბიძინა ივანიშვილს დაადებენ ხელს… და არც თუ ისე უსაფუძვლოდ. სხვათაშორის ძალიან საგულისხმო იყო გუშინდელი ფაქტი, როდესაც ივანიშვილმა ბიზნესმენები დაიბარა და ყურები აუწია – ,,ოცნებას,, რატომ არ ეხმარებითო… პირდაპირ მოსთხოვა ბიზნესს მის მიერ მართული პარტიის მხარდაჭერა… ეს იყო ბიზნესზე ზეწოლის აშკარა ფაქტი, რომლის მსგავსი არასდროს მომხდარა. ამ ფაქტით ბიძინა ივანიშვილმა ფაქტიურად აღიარა ,,ოცნების მარცხი. მან არჩევნებამდე ორი კვირით ადრე აღიარა, რომ მის გუნდს არჩევნებში გამარჯვებისათვის მისი მხარდაჭერა არ ჰყოფნის და მთელი ქართული ბიზნესის მხარდაჭერა მოითხოვა ურცხვად… თუმცა არც ბიზნესი უშველით უკვე. ხალხის მხარდაჭერა, რომ მოიპოვო, დანაპირები უნდა შეუსრულო… პრობლემა უნდა მოუგვარო და ეს ყველაფერი პროფესიონალ და კეთილსინდისიერ კადრებს უნდა დაავალო, რაც ,,ოცნებას,, არ გაუკეთებია. საქმეს ჩვენი პოლიტიკური ძალა აკეთებდა ადრე და გააკეთებს მომავალშიც.

-წარმატებები ბატონო ლევან!

– მე მინდა 8 ოქტომბერს საქართველოს მოსახლეობამ გაიმარჯვოს! ღმერთმა წარმატება მოგცეთ!

 

www.timer.ge

 

 

 

 

 

 

banner
წინა სტატიაშიბიძინა ივანიშვილი: განმუხურში უნიკალური სასტუმრო და ბოტანიკური ბაღი აშენდება
შემდეგი სტატიაჩოხატაურში მამაკაცი სასტიკად აწამეს