ილია II მახათას მთაზე პარაკლისს გადაიხდის და ბავშვებს დალოცავს

მახათას მთაზე დღეს, ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის მშენებარე ტაძარში, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე პარაკლისს გადაიხდის და ბავშვებს დალოცავს.

ამის შესახებ ინფორმაციას „საზოგადოება ივერიისა“ ავრცელებს და განმარტავს, რომ ხვალ პირველად, მახათას ტაძრის ზარებს დარეკავენ.

„აღსანიშნავია, რომ იწყება მახათას პროექტის ახალი ეტაპი, რომელიც ტაძრის მშენებლობასთან ერთად მისთვის საგანმანათლებლო ფუნქციის შეძენას მოიცავს. 2016 წლიდან, მისი უწმინდესობის ლოცვა-კურთხევით, საზოგადოების საქმიანობას სათავეში ჩაუდგა გიორგი თავაძე, რომელიც ამ ფონდის დაარსებიდან მისი სამეთვალყურეო საბჭოს წევრია. შექმნილია ქტიტორთა საბჭო, რომელიც საზოგადოებისთვის ცნობილი ადამიანებისგან შედგება.

ქტიტორთა საბჭო წევრები არიან, კინორეჟისორი ელდარ შენგელაია; მწერალი გურამ დოჩანაშვილი; კინორეჟისორი მერაბ კოკოჩაშვილი; საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე და საქართველოს სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლ „რუსთავის“ სამხატვრო ხელმძღვანელი ანზორ ერქომაიშვილი; პოეტი და ფილოლოგი ლია სტურუა; მწერალი ლაშა თაბუკაშვილი; ანთროპოლოგი დავით ლორთქიფანიძე; ისტორიკოსი, საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის დირექტორი ზაზა აბაშიძე; სუხიშვილების სახელმწიფო ქორეოგრაფიული ანსამბლის სამხატვრო ხელმძღვანელი ნინო სუხიშვილი; მხატვარი რუსუდან ფეტვიაშვილი;

ჟურნალისტი და გაზეთ „კვირის პალიტრის“ მთავარი რედაქტორი გიორგი თევდორაშვილი; მწერალი და სცენარისტი კოტე ჯანდიერი; დირიჟორი და კომპოზიტორი ნიკოლოზ რაჭველი; კინორეჟისორი და სცენარისტი ლევან კოღუაშვილი; ჟურნალისტი ნინო ქაჯაია; ისტორიკოსი და წმინდა გიორგის სახელობის ბრიტანულ–ქართული სკოლის დირექტორი, პროფესორი ეკა კვაჭანტირაძე; ”საზოგადოება ივერიისას“ თავმჯდომარე გიორგი თავაძე 1998 წლიდან არის „ჯი-ემ-თი ჯგუფის“ პრეზიდენტი; არის წმინდა გიორგის სახელობის საგანმანათლებლო ფონდის დამფუძნებელი, ასევე ფასეულობათა კვლევის საზოგადოების დამფუძნებელი. 2015 წლიდან არის ამერიკა-საქართველოს ბიზნეს საბჭოს დირექტორთა საბჭოს წევრი. 2015 წლიდან კი გიორგი თავაძე არის საქართველოში ჰარვარდის ასოციაციის (კლუბი) პრეზიდენტი“, – ნათქვამია ”საზოგადოება ივერიისას“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

banner
წინა სტატიაშიდღეს ბარბარობაა
შემდეგი სტატიამახათას მთის მიმართულებით, ავტობუსები დღეს უფასოდ იმოძრავებენ