გიორგი მღებრიშვილი: დაჭრილი პოლიციელის დასახმარებლად თბილისიდან თელავში ვერტმფრენით ექიმთა ჯგუფი გაიგზავნა

დაჭრილი პოლიციელის, მაია ჯავახიშვილის დასახმარებლად თბილისიდან თელავში ვერტმფრენით ექიმთა ჯგუფი გაიგზავნა, – ამის შესახებ ჟურნალისტებს შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა განუცხადა, რომელმაც ცოტა ხნის წინ თელავის ცენტრალურ საავადმყოფოში დაჭრილი სამართალდამცავი მოინახულა.
ამასთან, შს უწყების ხელმძღვანელის ინფორმაციით, დაკავებულია 19 წლის სანდრო მეტრეველი, ნივთმტკიცებად კი ამოღებულია სანადირო თოფი.
“მედიაში არასწორი ინფორმაცია გავრცელდა – გასროლა ცეცლსასროლი იარაღიდან არ მომხდარა. ამოღებულია სანადირო თოფი”, – აღნიშნა მღებრიშვილმა.
მისივე ინფორმაციით, დაკავებულმა, რომელიც პოლიციის მიმდებარე ტერიტორიაზე ცხოვრობს, სამართალდამცავების მისამართით გასროლა არა პოლიციის ეზოდან, არამედ საკუთარი სახლის ეზოდან მოახდინა.
რაც შეეხება დაჭრილ პოლიციელს, მაია ჯავახიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა, მინისტრის ინფორმაციით, უმძიმესია.
როგორც ცნობილია, თელავში, პოლიციის შენობის ეზოში დღეს იარაღიდან გასროლით ერთი პოლიციელი მოკლეს, კიდევ ერთი სამართალდამცავი ქალი კი დაჭრეს.
მომხდარის გამო გიორგი მღებრიშვილმა, რომელიც მინისტრთა კაბინეტის სხდომას ესწრებოდა, მთავრობის ადმინისტრაცია დატოვა და თელავში გაემგზავრა.

banner
წინა სტატიაშიIDFI: პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილეები და სხვა თანამდებობის პირები ყოველთვიურად დაახლოებით თანამდებობრივი სარგოს ოდენობის დანამატს იღებენ
შემდეგი სტატია1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.3949 ლარი გახდა