გიორგი მარგველაშვილი: ეს ქვეყანა ყველა ჩვენგანს ერთნაირად გვეკუთვნის, მისი მომავალი დღეს ჩვენ უნდა შევქმნათ

ეს ქვეყანა ყველა ჩვენგანს ერთნაირად გვეკუთვნის, მისი მომავალი დღეს ჩვენ უნდა შევქმნათ, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლისას განაცხადა.

ქვეყნის პირველი პირი მიიჩნევს, რომ აუცილებელია ქართულ საზოგადოებაში ყველა მოქალაქის ინტეგრაციის შესაძლებლობათა უზრუნველყოფა, ერთდროულად ეთნიკური და კულტურული იდენტობის, ტრადიციებისა და ენის პატივისცემით.

“ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ კულტურული მრავალფეროვნების პოტენციალი, განსხვავებულთა ერთობა საქართველოს, როგორც ჩვენი საერთო სახლის შენების აუცილებელი პირობაა”, – განაცხადა მარგველაშვილმა.

მისივე თქმით, გზა ქვეყნის დამოუკიდებლობიდან თავისუფლებამდე თითოეული მოქალაქის თავისუფლებაზე გადის.

“თავისუფლება თავის მხრივ არ არსებობს საკუთარი თავის, თანამოქალაქეთა და ქვეყნის წინაშე პასუხისმგებლობის გარეშე. ეს პასუხისმგებლობა გულისხმობს მოქალაქეთა თანხმობას იმ ფუნდამენტურ ღირებულებებზე, რომლებზეც თავისუფალი და განვითარებული სახელმწიფო შენდება; გულისხმობს ზრუნვას და შრომას კეთილდღეობისა და მშვიდობისათვის, თანასწორობისა და დემოკრატიის გაძლიერებისათვის. ამ შრომამ ჩვენი ცხოვრების ყველა სფერო უნდა მოიცვას: უნივერსიტეტებსა თუ ქარხნებში, ფერმებსა თუ სამხედრო ნაწილებში ადამიანებს უნდა ჰქონდეთ განცდა, რომ ყოველდღური გარჯით ქვეყნის წინსვლას ემსახურებიან”, – განაცხადა მარგველაშვილმა.

ქვეყნის პირველი პირის შეფასებით, თავისუფალი სახელმწიფო აქტიური მოქალაქის გარეშე ვერ შედგება.

“მოქალაქის, რომელიც მონაწილეობს პოლიტიკურ პროცესებში როგორც ამომრჩეველი, როგორც ხელისუფლების, ან როგორც საზოგადოების წევრი – ის ვინც პასუხს თხოვს და ამოცანებს უსახავს ხელისუფლებას. ეს ქვეყანა ყველა ჩვენგანს ერთნაირად გვეკუთვნის. მისი მომვალი დღეს ჩვენ უნდა შევქმნათ. ხელიდან გაშვებულ შესაძლებლობებს, შეცდომებსა და წარუმატებლობას ვერავის ვერ გადავაბრალებთ. უნდა გამოვიყენოთ ყველა შესაძლებლობა, განვითარების ყველა რესურსი ქვეყნის გაერთიანების, გაძლიერებისა და განვითარებისთვის. უპირველეს ყოვლისა სწორედ აქტიურ, ინიციატივიან მოქალაქეთა, საზოგადოებრივ ჯგუფთა, თავისუფალ ნებაზე დაფუძნებულ ორგანიზაციათა, გაერთიანებათა ძალისმხევა და თანამშრომლობა მოაახლოვებს მიზანს, რომელიც დამოუკიდებლობის მოპოვებისთანავე დავისახეთ – თავისუფალ, ერთიან, ძლიერ, ევროპულ საქართველოს. ღმერთი ფარავდეს საქართველოს”, – განაცხადა პრეზიდენტმა.

banner
წინა სტატიაშიკიდევ ერთხელ მოვუწოდებთ პოლიტიკურ სპექტრს საარჩევნო ცვლილება უკვე 2016 წლის არჩევნებისთვის განხორციელდეს
შემდეგი სტატიაგიორგი მარგველაშვილი: უაღრესად მნიშვნელოვანია არაღიარების პოლიტიკის გაძლიერება