გიორგი მარგველაშვილი: უაღრესად მნიშვნელოვანია არაღიარების პოლიტიკის გაძლიერება

საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის შეფასებით, საქართველო-რუსეთის ურთიერთობები ევროპული პოლიტიკის ნაწილია და ერთიან ევროპულ ნათელ გზავნილს საჭიროებს.

როგორც გიორგი მარგველაშვილმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, საერთო ევროპული უსაფრთხოების მთავარ პრობლემად კვლავაც ახალგაზრდა დემოკრატიების დაცვა და კონფლიქტები რჩება.

“საერთო ევროპული უსაფრთხოების მთავარ პრობლემად კი კვლავაც ახალგაზრდა დემოკრატიების დაცვა და კონფლიქტები რჩება. საქართველო, მოლდოვა, უკრაინა – აღმოსავლეთ პარტნიორობის ყველაზე წარმატებული ქვეყნები ტერიტორიული მთლიანობის პრობლემის წინაშე დგანან. შარშან ჩვენთან ერთად საერთაშორისო საზოგადოებამ გაიზიარა შეშფოთება რუსეთის ფედერაციის მიერ აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან ხელშეკრულების გაფორმების გამო. ამაზე პასუხი ოკუპაციისა და ახალი გამყოფი ხაზების დაუშვებლობის ერთიანი ევროატლანტიკური პოლიტიკა უნდა გახდეს. შავი ზღვისა და აღმოსავლეთ ევროპის რეგიონის უსაფრთხოების პრობლემები სწორედ საერთო ევროპული უსაფრთხოების კონტექსტში უნდა გადაიჭრას. საქართველო-რუსეთის ურთიერთობები ევროპული პოლიტიკის ნაწილია და ერთიან ევროპულ ნათელ გზავნილს საჭიროებს. გზავნილს, რომ: როგორც ყველა სხვა ქვეყანასთან, საქართველო რუსეთთანაც ესწრაფის თანასწორობის პრინციპზე დაფუძნებულ ურთიერთობებს; ერთიანი, სტაბილური, განვითარებული, დემოკრატიული და ძლიერი საქართველო კავკასიაში უსაფრთხოების გაძლიერების, წინსვლისა და მეზობლებთან ურთიერთმომგებიანი თანამშრომლობის გარანტია; რომ, ვერც ერთი ქვეყნის, მათ შორის ვერც რუსეთის ფედერაციის კეთილდღეობა ვერ იქნება მიღწეული მეზობელი ქვეყნის ტერიტორიების ოკუპაციისა და მისი მოსახლეობის ინტერესების უგულვებელყოფით. კიდევ ერთხელ, როგორც სახელმწიფოს მეთაური, ვადასტურებ საქართველოს სწრაფვას კეთილმეზობლური, ერთმანეთის ეროვნული ინტერესების, ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემასა და თანასწორუფლებიანობაზე დაფუძნებული ურთიერთობებისათვის”,-განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტის თქმით, რუსული რბილი ძალის შეტევების გასანეიტრალებლად აუცილებელია დასავლელ პარტნიორებთან კოორდინირებული მუშაობა.

“ამასთან ერთად, უაღრესად მნიშვნელოვანია არაღიარების პოლიტიკის გაძლიერება. გაეროს, ეუთოსა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების ჩართულობა კონფლიქტების მოგვარების საქმეში. ამ მიმართებით მნიშვნელოვანია გაეროში ლტოლვილთა და დევნილთა დაბრუნების შესახებ რეზოლუციის მხარდამჭერთა ზრდის ტენდენციის შენარჩუნება. იმავდროულად მნიშვნელოვანია, რომ ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ მოსახლეობას, ჩვენს მოქალაქეებს მიეცეთ საქართველოს ევროპული ინტეგრაციის სიკეთეებით სარგებლობის შესაძლებლობა. მნიშვნელოვანია ყველამ დაინახოს და ირწმუნოს, რომ საქართველო იყო, არის და იქნება ევროპული სივრცის განუყოფელი შემადგენელი. ამ ვითარებაში რუსული რბილი ძალის შეტევების გასანეიტრალებლად აუცილებელია კოორდინირებული მუშაობა ჩვენს დასავლელ პარტნიორებთან”, – აღნიშნა პრეზიდენტმა.

banner
წინა სტატიაშიგიორგი მარგველაშვილი: ეს ქვეყანა ყველა ჩვენგანს ერთნაირად გვეკუთვნის, მისი მომავალი დღეს ჩვენ უნდა შევქმნათ
შემდეგი სტატიაგიორგი მარგველაშვილი: მოქალაქეებს მართლმსაჯულების უმაღლესი სტანდარტის იმედი უნდა ჰქონდეთ