ეკა ბესელია: ირაკლი არ მიდის მთლიანად პოლიტიკიდან, რჩება გუნდში

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის ეკა ბესელიას მტკიცებით, პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი ირაკლი ღარიბაშვილი “გუნდის წევრად რჩება”. ამის შესახებ ბესელიამ ჟურნალისტებს საპარლამენტო უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ განუცხდა.
“ძალიან საინტერესო და კარგი შეხვედრა იყო. ყველა კითხვა, რომელიც ამ დროისთვის არსებობს, ჩვენთვის არის პასუხგაცემული. პრემიერ-მინისტრმა მიიღო ეს გადაწყვეტილება იმ ეტაპზე და იმ ფონზე, როდესაც მას აქვს ძალიან მაღალი მხარდაჭერა და ძალიან მნიშვნელოვანი და არსებითი წარმატებები. მისი გადასახედიდან და ჩვენი შეფასებითაც, მიუხედავად გულდაწყვეტისა, ეს არის კარგად შერჩეული დრო. ის არ მიდის მთლიანად პოლიტიკიდან, რჩება გუნდში. ირაკლი, რა თქმა უნდა, იქნება გუნდის წევრი და მე დარწმუნებული ვარ, ის კიდევ ძალიან ბევრ სიკეთეს გააკეთებს ჩვენი ქვეყნისთვის”, – განაცხადა ეკა ბესელიამ.
რაც შეეხება მომავალი პრემიერის კანდიდატურას, ბესელიას თქმით, თუ ვსაუბრობთ ირაკლი ღარიბაშვილის, როგორც მთავრობის მეთაურის წარმატებებზე, გიორგი კვრიკაშვილი, ამ წარმატებების თანამონაწილე იყო. “ჩვენ გვჯერა, რომ ის ნდობა, რომელიც დღეს გამოვხატეთ გიორგი კვირიკაშვილის მიმართ, აბსოლუტურად რეალიზებული იქნება”, – აღნიშნა ეკა ბესელიამ.

banner
წინა სტატიაშიტექნიკური უნივერსიტეტი – აღზრდილებმა აღმზრდელები დააჯილდოვეს!
შემდეგი სტატია“თბილისის მერის გადადგომა გარდაუვალია, ივანიშვილს ნარმანიას ხსენება აღარ უნდა”