2017 წელს, სამხედრო ძალების რაოდენობა კვლავ 37 ათასი იქნება

ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომაზე 2017 წლისთვის სამხედრო ძალების რაოდენობა და თავდაცვის სამინისტროში დაგეგმილი რეფორმები განიხილეს,- ამის შესახებ საბჭოს დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს ირინა იმერლიშვილმა განუცხადა.

მისი ინფორმაციით, საბჭოს გადაწყვეტილებით, 2017 წლისთვის სამხედროთა რაოდენობა არ შეიცვლება და კვლავ 37 ათასი იქნება. ამაში არ შედის საომარი მდგომარეობის პერიოდი და რეზერვი.

„პირველი საკითხი, რომელიც განვიხილეთ ეს არის სამხედრო ძალების რაოდენობა 2017 წლისთვის. როგორც მოგეხსენებათ, ყოველწლიურად, სამხედრო ძალების რაოდენობა მტკიცდება ეროვნული უშიშროების საბჭოს მიერ. საბჭოს წევრების 2/3 არის აუცილებელი, რომ დამტკიცდეს. დღეს არ ესწრებოდა საბჭოს ორი მუდმივმოქმედი წევრი, დავით უსუფაშვილი და თედო ჯაფარიძე, რომლებიც არ იმყოფებიან საქართველოში. სხვა ყველა წევრი იმყოფებოდა და ერთხმად დაუჭირა მხარი გადაწყვეტილებას ,- ეს არის 37 ათასი, ამაში არ შედის, ცხადია, საომარი მდგომარეობის პერიოდში რაოდენობა და არ შედის რეზერვი. ეს დოკუმენტი პარლამენტში გაიგზავნება ბიუჯეტის პროექტთან ერთად და შემდეგ უკვე პარლამენტის მისაღებია გადაწყვეტილება აღნიშნულის თაოაბაზე”,- განაცხადა უშიშროების საბჭოს მდივანმა.

მისივე განცხადებით, მეორე საკითხი თავდაცვის სამინისტროში დაგეგმილი თუ განსახორციელებელი რეფორმებს ეხებოდა.

„თავდაცვის მინისტრმა უშიშროების საბჭოს წევრებს დაგეგმილი რეფორმები გააცნო და ამის შემდეგ, უკვე ფართო განხილვა დაიწყება ამ დოკუმენტის. ცხადია, ეს არ არის დამტკიცება ამ დოკუმენტის. დოკუმენტის განხილვა დაიწყება არასამთავრობოებთან, დაინტერესებულ პირებთან, ექსპერტებთან თავდაცვის და უშიშროების საკითხებში და მხოლოდ ამის შემდგომ იქნება მინისტრის მიერ მიღებული გადაწყვეტილება”,- განმარტა ირინა იმერლიშვილმა.

banner
წინა სტატიაში“უშიშროების საბჭოს მდივანი ვარ, ვიდრე საკონსტიტუციო სასამართლოში არ დავდებ ფიცს”
შემდეგი სტატია“რუსთავი 2”-მა საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე ტურავასა და სიჭინავას აცილების შუამდგომლობით მიმართა