“წლების წინ, სააკაშვილის მთავრობის დროს, უსამართლოდ შეექმნა თქვენს კომპანიას პრობლემები”

ხვალ, ირაკლი ღარიბაშვილი სახელმწიფო უსაფრთხოების სააგენტოს ხელმძღვანელის კანდიდატურას დაასახელებს

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, კომპანია ELBIT Systems-ის ხელმძღვანელებთან ერთად, საავიაციო ნაწილების საწარმოს მშენებლობას ჩაუყარა საფუძველი. როგორც პრემიერ-მინისტრმა სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, საწარმოში მაღალ ტექნოლოგიური მასალებისგან დამზადდება სამოქალაქო თვითმფრინავის ნაწილები, რომელიც მთლიანად ექსპორტზე გავა. „ჩემთვის დიდი პატივია ამ ღონისძიებაზე ყოფნა, ვინაიდან, პირველ რიგში, მნიშვნელოვანი პროექტი ხორციელდება საქართველოში და მეორე ის, რომ ამ პროექტს ჩვენს ებრაელ მეგობრებთან ერთად ვახორციელებთ. დღეს საქართველოში საფუძველი ეყრება ძალიან მნიშვნელოვან პროექტს, პირველად საქართველოში საერთაშორისო მნიშვნელობის საავიაციო ნაწილების საწარმო შენდება, რომლის ღირებულება იქნება 85 მილიონი დოლარი. საწარმოში მაღალ ტექნოლოგიური მასალებისგან დამზადდება სამოქალაქო თვითმფრინავის ნაწილები, რომლის მომხმარებლები იქნებიან ისეთი გიგანტები, როგორიცაა „ბოინგი“ „ბომბარდიერი“ და „ეარბასი“. ამ საწარმოში წარმოებული პროდუქცია, რა თქმა უნდა, მთლიანად ექსპორტზე გავა. ეს არის უმნიშვნელოვანესი პროექტი, რომელიც საქართველოს საპარტნიორო ფონდისა და ისრაელის კომპანიის ELBIT Systems – Cyclone-ის პარტნიორობით ხორციელდება. ELBIT Systems მსოფლიოში ცნობილი კომპანია გახლავთ. ის მრავალმილიარდაინი კომპანიაა, რომელიც თავდაცვითი სისტემების მიმწოდებელია, ისეთი წამყვანი ქვეყნებისთვის, როგორიცაა: აშშ, კანადა და დიდი ბრიტანეთი. ძალიან მიხარია, რომ ასეთი კომპანიის პრეზიდენტი დღეს ჩვენთან ერთად იმყოფება და მე მინდა, მივესალმო მას, განსაკუთრებულად. ეს არის ჩვენთვის გამოცხადებული ნდობის დემონსტრირება და მადლობას გიხდით ამისთვის”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა. ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ის რომ კომპანია ELBIT Systems საქართველოში ბრუნდება, ბევრს ნიშნავს პირადად მისთვის და მთავრობისთვის, ვინაიდან ესაა კომპანიის მხრიდან ნდობის გამოცხადება მთავრობისთვის. “მე ვიცი, რომ წლების წინ, სააკაშვილის მთავრობის დროს, უსამართლოდ შეექმნა თქვენს კომპანიას პრობლემები, რისთვისაც სააკაშვილის მთავრობას კომპენსაციის გადახდა მოუწია და ახლა თქვენ რომ ბრუნდებით ქვეყანაში, ნიშნავს, რომ ის ნდობა, რომელიც ჩვენს ქვეყნებს შორის არსებობდა, აღდგენილია. ასე რომ, ძვირფასო ინვესტორებო, ჩემთვის დიდი პატივია თქვენთან შეხვედრა და ამ პროექტში თანამონაწილეობა. როგორც უკვე აღინიშნა, ამ პროექტში საინვესტიციო მოცულობა 85 მილიონი დოლარია. საწარმოს გახსნა დაგეგმილია 2017 წლისთვის. მინდა აღვნიშნო, რომ ამ პროექტის განხორციელება საქართველოს საპარტნიორო ფონდის ხელშეწყობით გახდა შესაძლებელი, რომელშიც ის 40 მილიონი დოლარით შედის. მინდა აღვნიშნო, ასევე, რომ საპარტნიორო ფონდი კიდევ 15 პროექტზე მუშაობს და საერთო საინვესტიციო მოცულობა 2 მილიარდ დოლარს შეადგენს. ჩემთვის ძალიან სასიხარულოა, ასეთი დონის პროექტის დაწყება. ეს ნიშნავს იმას, რომ სახელმწიფო ხელს უწყობს ბიზნესს, ინვესტორებს და ნაყოფიერად მუშაობს ყველასთან, ვისთან მუშაობასაც კონკრეტული შედეგები მოაქავს ჩვენი ქვეყნისთვის. ეს პროექტი 300 ახალ სამუშაოს შექმნის. აქ დასაქმდებიან ჩვენი თანამოქალაქეები, რომლებსაც ისრაელიდან მოწვეული სპეციალისტები გადაამზადებენ. რაც მთავარია, ჩვენს ხალხს აქვს ამის ნიჭი და ეს ტალანტი აუცილებლად უნდა გამოვიყენოოთ. ასე რომ, ყველას მინდა მოგილოცოთ ამ პროექტის დაწყება, ეს არის ძალიან დიდი განაცხადი“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

banner
წინა სტატიაში,,ვნახოთ, რამდენად სწრაფად ჩამოვლენ ამერიკული სამხედრო ტექნიკა და ჯარისკაცები საქართველოს მიწაზე”
შემდეგი სტატია„კითხვა, სწორი პოლიტიკა გაატარა თუ არა ეროვნულმა ბანკმა, საერთოდ არ არსებობს“