ქაშუეთის ტაძარში მოკლული პოლიციელის სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობს

ქაშუეთის ტაძარში მოკლული პოლიციელი ბექა მარგიშვილის სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობს.  ბექა მარგიშვილის ცხედარი ტაძარში რამდენიმე წუთის წინ, საპატიო ყარაულმა მიასვენა.
დაღუპული პოლიციელის პატივსაცემად ეკლესიასთან და მის მიმდებარე ტერიტორიაზე მობილიზებული არიან პოლიცია და სამხედრო მოსამსახურეები. გადაკეტილია რუსთაველის გამზირი.
ქაშუეთში აქ უკვე იმყოფებოდნენ თბილისის მერი დავით ნარმანია, “თავისუფალი დემოკრატების” წევრები – ალექსი პეტრიაშვილი და ვიქტორ დოლიძე. ამ დროისთვის სამოქალაქო პანაშვიდზე იმყოფებიან სასჯელაღსრულების მინისტრი გიორგი მღებრიშვილი და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია.
შსს-ს ისან-სამგორის სამმართველოს მე-8 განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებელი ბექა მარგიშვილი და დეტექტივის თანაშემწე – გამომძიებელი ვალერიან გრძელიშვილი 4 აპრილს, საღამოს საათებში, თბილისში, ვარკეთილის მეტროსთან, ჯავახეთის ქუჩაზე, სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდნენ, რა დროსაც მათ გადამოწმების მიზნით შალვა აბულაძე შეაჩერეს. შალვა აბულაძემ მოულოდნელად პოლიციელების მისამართით ცეცხლსასროლი იარაღიდან ცეცხლი გახსნა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. სროლის შედეგად ორივე სამართალდამცველი დაიჭრა. მიყენებული ჭრილობების შედეგად ბექა მარგიშვილი საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაყვანის შემდეგ გარდაიცვალა. ვალერიან გრძელიშვილს სამედიცინო დახმარება პირველ კლინიკურ საავადმყოფოში უტარდება. მიმდინარეობს ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებები შალვა აბულაძის დაკავების მიზნით. გამოძიებას ქალაქ თბილისის პროკურატურა აწარმოებს.

banner
წინა სტატიაში9 აპრილს დაღუპული გმირები ნაციონალური მოძრაობის წევრებმა გაიხსენეს
შემდეგი სტატიახონის მუნიციპალიტეტის გამგეობის რჩეულ თანამშრომლებს საკონკურსო საატესტაციო კომისიასთან გასაუბრებაზე შპარგალკები დაურიგეს