საკონსტიტუციო სასამართლო თეიმურაზ ჯანაშიასა და გიული ალასანიას სარჩელს განიხილავს

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო არსებითად განიხილავს საქართველოს მოქალაქეების – თეიმურაზ ჯანაშიასა და გიული ალასანიას კონსტიტუციურ სარჩელს საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.
საკონსტიტუციო სასამართლოს ინფორმაციით, აღნიშნულ საქმეზე დავის საგანს წარმოადგენს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან (საკუთრების უფლება) მიმართებით და ამავე კოდექსის 154-ე მუხლის მე-2 ნაწილის პირველი და მეორე წინადადებების კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველ და მე-3 პუნქტებთან (უფლება სამართლიან სასამართლოზე; დაცვის უფლება) მიმართებით:
“სადავო ნორმების მიხედვით, ქონების შესაძლო ჩამორთმევის უზრუნველსაყოფად, სასამართლოს შეუძლია მხარის შუამდგომლობის საფუძველზე ყადაღა დაადოს ბრალდებულის, მისი ქმედებისთვის მატერიალურად პასუხისმგებელი პირის ან/და მასთან დაკავშირებული პირის ქონებას, თუ არსებობს მონაცემები, რომ ქონებას გადამალავენ ან დახარჯავენ ან/და ქონება დანაშაულებრივი გზით არის მოპოვებული. ხოლო, ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ შუამდგომლობას მოსამართლე განიხილავს და გადაწყვეტილებას იღებს იმ პირის მონაწილეობის გარეშე ვისი ქონებასაც შესაძლებელია დაყადაღდეს. მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ სადავო ნორმები ითვალისწინებს პირის იმ ქონების დაყადაღების შესაძლებლობას, რომელიც შესაძლოა კავშირში არ იყოს დანაშაულის ჩადენასთან. შესაბამისად, არ არსებობს ასეთი ქონების დაყადაღების საზოგადოებრივი ინტერესი და ამდენად, გაუმართლებლად იზღუდება მისი საკუთრების ძირითადი უფლება. ამასთანავე, პირს არ აქვს უფლება ქონების დაყადაღების პროცესში მიიღოს მონაწილეობა და წარადგინოს საკუთარი მოსაზრებები აღნიშნული ღონისძიების აუცილებლობის შესახებ, რაც მას უზღუდავს უფლებას სამართლიან სასამართლოზე”, – აღნიშნულია საკონსტიტუციო სასამართლოს განცხადებაში.
როგორც მოსარჩელეების ადვოკატმა, ოთარ კახიძემ განმარტა, დაუშვებელია ყადაღის გამოყენება მაშინ, როცა ბრალდება არ ეხება დანაშაულებრივი გზით ქონების მოპოვებას. ადვოკატის განცხადებით, ამ შემთხვევაში ადგილი აქვს კონსტიტუციით გარანტირებული საკუთრების უფლების არამართლზომიერ, არაპროპორციულ და უმიზნო შეზღუდვას:
“მიგვაჩნია, რომ დაუშვებელია ყადაღის გამოყენება მაშინ, როცა თავად ბრალდება სისხლის სამართლის საქმეში არ ეხება დანაშაულებრივი გზით ქონების მოპოვებას. ამგვარი განმარტება კანონის არის კონსტიტუციის საწინააღმდეგო. ნორმა არის არაგანჭვრეტადი, ბუნდოვანი და მისი გამოყენება მოხდა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის, მისი ოჯახის წევრების მიმართ და ასევე, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილი უფროსის თეიმურაზ ჯანაშიასა და მისი ოჯახის წევრების ქონების მიმართ. უკვე ერთი წელია ამ ქონებას ყადაღა ადევს. ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ აქ ადგილი აქვს კონსტიტუციით გარანტირებული საკუთრების უფლების არამართლზომიერ, არაპროპორციულ და უმიზნო შეზღუდვას”, – აღნიშნა ოთარ კახიძემ.
საქმეს განიხილავს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგია.

banner
წინა სტატიაშიქობულეთის რაიონში თხილის გადამამუშავებელი ქარხნა აშენდება
შემდეგი სტატიაჩიორა თაქთაქიაშვილი – ახალი რეგულაციები “ოდეერების” სამსახურის ფუნქციონირებას კიდევ უფრო აფართოვებს