პროკურატურა სამართლებრივ ჩიხშია შესული, საიდანაც გამოსვლას ვერ მოახერხებს, რადგან დანაშაული არ მომხდარა

9514samushia_levan_advთავდაცვის სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსნების, ე.წ. კაბელების საქმეზე, დაცვის მხარის ადვოკატ ლევან სამუშიას აზრით, პროკურატურა სამართლებრივ ჩიხშია შესული, საიდანაც გამოსვლას ვერ მოახერხებს, რადგან დანაშაული არ მომხდარა.

„რაც არ მომხდარა, იმის მტკიცებულებებს ვერ წარმოადგენენ. ჩვენი დასკვნის თითეული ხაზი კი უტყუარ მტკიცებულებას შეიცავს“, – განაცხადა სასამართლო სხდომის დასრულების შემდეგ ადვოკატმა ლევან სამუშიამ.

თბილისის საქალაქო სასამართლოში ე.წ. კაბელების საქმეზე დღეს დახურული სხდომა გაიმართა, სადაც პროკურატურამ დამატებითი მტკიცებულებები წარმოადგინა, მათ შორის “სილქნეტიდან” მიღებული ინფორმაცია და ექსპერტიზის დასკვნა.

დაცვის მხარე პროკურატურის მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებებს უნდობლობას უცხადებს და მათ ფარატინა ფურცელს უწოდებს.

ადვოკატ ლევან სამუშიას მიაჩნია, რომ პროკურატურის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები კანონის დარღვევით აქვთ მოპოვებული და მოითხოვს, მოსამართლემ ისინი უსაფუძვლოდ ცნოს.

„სასამართლომ ჩვენი შუამდგომლობები უნდა დააკმაყოფილოს, კერძოდ, ბრალის დადგენილებისა და ექსპერტიზის დასკვნის დაუშვებლად ცნობა, რომელიც ვერანაირ სამართლებრივ კრიტიკას ვერ უძლებს“ – აცხადებს ადვოკატი.

მისივე ინფორმაციით, პროკურატურის მიერ წარმოდგენილი დამატებითი მასალების გაცნობისა და დაცვის მხარის არგუმენტების მოსმენის შემდეგ, მოსამართლე თავის დასკვანს მომდევნო სასამართლო სხდომაზე გამოაცხადებს. სხდომის თარიღს კი მხარეებს დამატებით აცნობებენ.

თავდაცვის სამინისტროს მოქმედი თანამდებობის 5 პირი, 4 მილიონ ლარზე მეტი საბიუჯეტო თანხების გაფლანგვის ბრალდებით, 2014 წლის 28 ოქტომბერს დააკავეს. გამოძიების ინფორმაციით, თავდაცვის სამინისტრომ საიდუმლო შესყიდვა გამოაცხადა, რომელიც ოპტიკურ-ბოჭკოვანი მაგისტრალის გაყვანას შეეხებოდა. სამინისტროს მაღალი თანამდებობის პირებმა კი კომპანია „სილქნეტი“ პრივილეგირებულ მდგომარეობაში ჩააყენეს და მომსახურებაში, რომელიც, პროკურატურის შეფასებით, 2 მილიონი ლარის ღირებულებისაა, „სილქნეტმა“ 6 მილიონი ლარი მიიღო.

banner
წინა სტატიაშიმსოფლიო სკანდალი +foto
შემდეგი სტატიარაულ ხაჯიმბასა ვლადიმერ პუტინის შეხვედრის დეტალები