„ნაციონალურმა მოძრაობამ“ კარგად წაკითხვა უნდა ისწავლოს“

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის გუგული მაღრაძის განცხადებით, განსხვავებით „ნაციონალური მოძრაობის“ განათლების სამინისტროსგან, დღევანდელი განათლების სამინისტრო პროექტებს ხელაღებით არ ახორციელებს.

მასწავლებელთა პროფესიულ განვითარებისა და კარიერულ წინსვლის შესახებ სქემაზე „ნაციონალური მოძრაობის“ კრიტიკის საპასუხოდ, მაღრაძემ განაცხადა, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ კარგად წაკითხვა უნდა ისწვალოს.

„ეს პროექტი იმიტომ არის პილოტური, რომ თუ რაიმე უარყოფითი გამოჩნდება, მან უფრო უარყოფითი შედეგები არ გამოიწვიოს. შემდეგ გაანალიზდება მისი შედეგები და ამის მიხედვით დაინერგება ის განათლების სისტემაში. განსხვავებით „ნაციონალური მოძრაობის“ განათლების სამინისტროსგან, დღევანდელი განათლების სამინისტრო ხელაღებით არ ახორციელებს რაღაც პროექტებს და ისეთ ცვლილებებს, რომელიც სავალალო შედეგებამდე მიდიოდა“,- განაცხადა მაღრაძემ.

რაც შეეხება ნეპოტიზმის საფრთეს, მაღრაძის აზრით, ნეპოტიზმის საფრთხე შესაძლოა, ყველგან, ყველა დონეზე არსებობდეს.

„ფაქტიურად, ნეპოტიზმის საფრთხე შეიძლება ყველგან იყოს, თუმცა ძალიან მაღალი კონტროლია. როდესაც კომისიის შერჩევა მოხდება, ისეთი ადამიანები უნდა იყვნენ შერჩეულნი, რომლებთაც ავტორიტეტი აქვთ და ასეთ რამეებში არ ყოფილან შემჩნეულნი. მადლობა ღმერთს, ასეთი ადამიანები ყველა სკოლაში არსებობენ“, – განაცხადა მაღრაძემ

შეგახსენებთ, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ განცხადებით, მთავრობის მიერ დამტკიცებული მასწავლებელთა პროფესიული განვითარების სქემით, მასწავლებელთა კარიერული წინსვლა ორი წლით გადაიდება. მათივე შეფასებით, მასწავლებელთა შეფასების სტრატეგიით, სკოლაში კორუფციისა და ნეპოტიზმის საფრთხე ჩნდება.

banner
წინა სტატიაშილალი მოროშკინა ვახტანგ გომელაურს მის მიმართ მოსალოდნელი საბოტაჟის შესახებ აფრთხილებს
შემდეგი სტატიაჯანდაცვის სამინისტრო “სოციალურ პარტნიორობას” პასუხობს