გიგი უგულავას საპატიმრო ვადასთან დაკავშირებით პროკურატურა განცხადებას ავრცელებს

PROKURTAURA GANCXADEBAS AVRCELEBS

პროკურატურის შეფასებით, ბრალდებულის ადვოკატების მხრიდან მიზანმიმართულად ხდება საზოგადოების შეცდომაში შეყვანა და დეზინფორმირება, თითქოსდა გიორგი უგულავა უკანონო პატიმრობაში იმყოფება

“ბრალდებულის ადვოკატების მხრიდან მიზანმიმართულად ხდება საზოგადოების შეცდომაში შეყვანა და დეზინფორმირება, თითქოსდა გიორგი უგულავას მიმართ გავიდა საპატიმრო ვადა და იმყოფება უკანონო პატიმრობაში.

გვინდა განვმარტოთ, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარეობს ბრალდებულების – გიორგი უგულავას, მიხეილ სააკაშვილის, დავით კეზერაშვილის, ზურაბ ადეიშვილის და ივანე მერაბიშვილის ბრალდების სისხლის სამართლის საქმის განხილვა, სადაც გ.უგულავას ბრალი ედება სიტყვისა და აზრის გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვაში, მასობრივი ინფორმაციის საშუალებების მონოპოლიზაციაში, არკადი პატარკაციშვილის კუთვნილი ტელე და რადიო კომპანია “იმედის”, მთაწმინდის პარკის უკანონო დაუფლებაში.

თბილისის საქალაქო სასამართლოში ასევე მიმდინარეობს გიორგი უგულავასა და ალექსანდრე გოგოხიას ბრალდების სისხლის სამართლის საქმის განხილვა, სადაც გიორგი უგულავას ბრალი ედება სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში (ე.წ. სიტი პარკის ეპიზოდი), ყალბი დოკუმენტის დამზადების ორგანიზებაში, უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციაში, ასევე იძულებასა და ისეთი ჯგუფური მოქმედების ორგანიზებაში, რომელიც უხეშად არღვევს საზოგადოებრივ წესრიგს და დაკავშირებულია ხელისუფლების წარმომადგენლის კანონიერი მოთხოვნისადმი აშკარა დაუმორჩილებლობასთან (ე.წ. მარნეულის ეპიზოდი). აღნიშნულ საქმეზე გიორგი უგულავას 2014 წლის 04 ივლისის თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინებით აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული ჰქონდა პატიმრობა, რომელიც გაუქმდა 2015 წლის 27 მარტს, ვინაიდან ბრალდებულის წინასწარი პატიმრობის ვადა ერთ სისხლის სამართლის საქმეზე არ უნდა აღემატებოდეს 9 თვეს.

გვსურს საზოგადოებას განვუმარტოთ, რომ მიუხედავად ამ სისხლის სამართლის საქმეზე აღკვეთის ღონისძიების გაუქმებისა, გიორგი უგულავა
რჩება პატიმრობაში, ვინაიდან ე.წ. „ტელეიმედის” საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 15 მარტის განჩინებით მას აღკვეთის ღონიძიების სახით შეეფარდა პატიმრობა.

საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით, ბრალდებულის წინასწარი პატიმრობის ვადა არ უნდა აღემატებოდეს 9 თვეს. დაცვის მხარის მტკიცება, რომ პატიმრობის 9-თვიანი ვადის გასვლის შემდგომ არ შეიძლება გამოყენებული იქნას იმავე ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა – მცდარია, რადგან სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მიხედვით, დანაშაულის ერთი შემთხვევის გამო წინასასამართლო სხდომის დაწყებამდე პირი ბრალდებულად შეიძლება ცნობილი იყოს არა უმეტეს 9 თვისა, თუ ამ ვადის გასვლამდე მისთვის დანაშაულის სხვა შემთხვევის გამო არ წაუყენებიათ ახალი ბრალი. ასეთი ბრალის წაყენებისას აღნიშნული ვადის დინება წყდება და ვადა აითვლება ახალი ბრალის წაყენების დღიდან.

გარდა ხსენებულისა, გიორგი უგულავას მიმართ გამოყენებული პატიმრობის კანონიერებაზე იმსჯელა თბილისის სააპელაციო სასამართლომ, რომელმაც ადვოკატების საჩივარი დატოვა განუხილველი. სასამართლოს განმარტებით, პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების მიღებისას ადგილი არ ჰქონია საქართველოს კონსტიტუციით, ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართლებრივი ნორმებით და პროცესუალური წესებით გარანტირებული ადამიანის თავისუფლების ხელშეუვალი პრინციპის დარღვევას იმდენად, რამდენადაც ეს განპირობებული იყო პირის კანონიერი დაპატიმრების მოთხოვნით, რაც ასევე აღიარებულია ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მეხუთე მუხლით. სააპელაციო სასამართლომ ასევე განმარტა, რომ სასამართლო უფლებამოსილია ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით გამოიყენოს პატიმრობა, თუ ბრალდება ეხება სხვა სისხლის სამართლის საქმეზე წარდგენილ განსხვავებულ ეპიზოდებსა და ფაქტებს. ამასთან, თავდაპირვებული ბრალდების იმ სისხლის სამართლის საქმეზე, რომელზეც გამოყენებულია პატიმრობა, იწურება ამ აღკვეთის ღონისძიების კონსტიტუციით დადგენილი ვადა და არსებობს მყარი არგუმენტები დასაბუთებული ვარაუდისთვის, რომ განსახილველ ბრალდებასთან დაკავშირებით გიორგი უგულავას სათანადო ქცევის ერთადერთი საშულება მისი დაპატიმრებაა.

ამდენად ინფორმაცია თითქოსდა ბრალდებულის მიმართ გავიდა საპატიმრო ვადა და გიორგი უგულავა რჩება უკანონო პატიმრობაში, არ შეესაბამება რეალობას”, – აღნიშნულია განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშიპრემიერი ალასანიას განცხადებაზე – ძალიან ვწუხვარ, რომ სახელმწიფოებრივი საკითხებით ხდება სპეკულირება
შემდეგი სტატიააშშ-ში ,,ჯენერალ ელეკტრიკის,, ქარხანა იწვის