ზურაბ პატარაძე პრემიერის აზერბაიჯანში ვიზიტზე – ძალიან დატვირთული შეხვედრები იქნება, რომელიც გარკვეულ შედეგებს მოიტანს ქვეყნებს შორის და გააუმჯობესებს ეკონომიკურ მაჩვენებლებსაც

დაიწყო საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბატონი ირაკლი ღარიბაშვილის სამუშაო ვიზიტი აზერბაიჯანის რესპუბლიკაში, – ამის შესახებ აზერბაიჯანის რესპუბლიკაში საქართველოს ელჩმა ზურაბ პატარაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ვიზიტის ფარგლებში განხილული იქნება ის მნიშვნელოვანი პროექტები, რომელიც აქტიურ ფაზაშია ორ ქვეყანას შორის.

„როგორც თქვენთვის ცნობილია, აზერბაიჯანი ჩვენთვის მეგობარი სტრატეგიული პარტნიორი სახელმწიფოა. დღეს გაიმართება პირისპირ შეხვედრა აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტთან. განხილულ იქნება მთელი რიგი საკითხები, როგორც პოლიტიკურ ჭრილში, ასევე სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობებით, კულტურული, ჰუმანიტარული მიმართულებით, რა თქმა უნდა. დღეს ქართულ მხარეს, დელეგაციას ექნება შესაძლებლობა, ქალაქ გაბალაში დაათვალიეროს რამდენიმე საწარმო, ასევე ახლად გახსნილი სერვის ცენტრი. ვფიქრობ, რომ ძალიან ნაყოფიერი შეხვედრები გაიმართება ქალაქ გაბალაში, ზოგადად, აზერბაიჯანის რესპუბლიკაში.

ვიზიტის ფარგლებში განხილული იქნება ის მნიშვნელოვანი პროექტები, რომელიც აქტიურ ფაზაშია ჩვენს ქვეყნებს შორის. რა თქმა უნდა, საინვესტიციო პოლიტიკა, სავაჭრო ბრუნვის გაზრდა, ახალი საინვესტიციო პროექტები, რა თქმა უნდა, სატრანსპორტო კუთხით, ლოჯისტიკური კუთხით, ენერგეტიკის კუთხით პროექტების განხილვა. რა თქმა უნდა, საუბარი შეეხება ელექტრო კაბელის გაყვანას შავი ზღვის ფსკერზე. ვფიქრობ, ძალიან დატვირთული შეხვედრები იქნება, რომელიც გარკვეულ შედეგებს მოიტანს ქვეყნებს შორის და გააუმჯობესებს ეკონომიკურ მაჩვენებლებსაც.

ორიოდე სიტყვით მინდა შევეხო კულტურულ-ჰუმანიტარულ ურთიერთობებს. სულ ახლახანს ჩვენ ვიზეიმეთ 30 წლის იუბილე დიპლომატიური ურთიერთობების ჩვენს ქვეყნებს შორის. წელსაც გაიმართება რამდენიმე ძალიან მნიშვნელოვანი ღონისძიება, კულტურული პროგრამა, როგორც აზერბაიჯანში, ასევე საქართველოში. ვფიქრობ, ძალიან ნაყოფიერი იქნება ეს შეხვედრები და რა თქმა უნდა, შესძენს დამატებით იმპულსს ჩვენს ქვეყნებს შორის მეგობრულ ურთიერთობებს.

როდესაც საუბარია იმ დიდ პროექტებზე, რომელიც მუშაობს ჩვენს ქვეყნებს შორის და გაფართოებაზეა საუბარი, პირველ რიგში, უნდა აღინიშნოს ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის პროექტი, რომლის გაფართოებაც მიმდინარეობს და აზერბაიჯანი და საქართველო აქტიურად არის ჩართული ამ მიმართულებით. რა თქმა უნდა, განახლებადი ენერგია და ამ მიმართულებით ახალი პროექტების დაწყება და განხორციელება, ესეც ერთ-ერთი უმთავრესი მოლაპარაკების საგანი იქნება. რა თქმა უნდა, სატრანზიტო პოტენციალი, ჩვენს ქვეყნებს გააჩნია ძალიან დიდი პოტენცია და შესაბამისად, ტვირთბრუნვის გაზრდა არ არის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი და რა თქმა უნდა, ინფრასტრუქტურა უნდა იყოს მოწესრიგებული, გაფართოებული და ამ მიმართულებით აქტიურად ვართ ორივე მხარე ჩართული“, – განაცხადა ზურაბ პატარაძემ.

banner
წინა სტატიაშიმოვუწოდებთ “ოცნებას”, მივიღოთ სამართლებრივი ზომები სასამართლოს დამოუკიდებლობის ხელყოფის წინააღმდეგ – ხალხის ძალა
შემდეგი სტატიასაქართველოს ბანკთან პარტნიორობით, თბილისში მულტიფუნქციური სამედიცინო კლინიკა „პირველი“ გაიხსნა