ზალკალიანი – კონგრესმენთა დელეგაციის ვიზიტი არის მნიშვნელოვანი გზავნილი, თუ რაოდენ დიდ მნიშვნელობას ანიჭებს აშშ საქართველოსთან თანამშრომლობას და ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობის განვითარებას

კონგრესმენთა დელეგაციის ვიზიტი არის მნიშვნელოვანი გზავნილი, თუ რაოდენ დიდ მნიშვნელობას ანიჭებს აშშ საქართველოსთან თანამშრომლობას და ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობის განვითარებას, – ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილისა და კონგრესმენთა დელეგაციას შორის გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

როგორც ვიცე-პრემიერმა აღნიშნა, კონგრესმენთა დელეგაციის ვიზიტი უაღრესად მნიშვნელოვანია იმ გეოპოლიტიკური ცვლილებების ფონზე, რაც რეგიონში მიმდინარეობს.

„შეხვედრა გვქონდა ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის უაღრესად წარმომადგენლობით დელეგაციასთან. ვიზიტი არის მნიშვნელოვანი გზავნილი, თუ რაოდენ დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ საქართველოსთან თანამშრომლობას, ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობის განვითარებას. ვიზიტის დროც ასევე უაღრესად მნიშვნელოვანია, იმ გეოპოლიტიკური ცვლილებების ფონზე, რაც რეგიონში მიმდინარეობს. აშშ-ის მხარდაჭერა ჩვენთვის უაღრესად მნიშვნელოვანია და სწორდ ამ თემებზე გვქონდა საუბარი. აღინიშნა, რომ საქართველო არის აშშ-ის ყველზე სანდო პარტნიორი რეგიონში და აუცილებელია თანამშრომლობის განვითარება ყველა იმ ძირითადი მიმართულებებით, როგორიცაა თავდაცვა, უსაფრთხოება, პოლიტიკური სფერო თუ ვაჭრობა და ეკონომიკა. განსაკუთრებით ხაზი გაესვა თავისუფალი ვაჭრობის მიმართულებით არსებულ პერსპექტივებს და მეტი ამერიკული ინვესტიციის მოზიდვას საქართველოში. ჩვენი მდგრადობის განვითარებას, რა უაღრესად მნიშვნელოვანია იმ აგრესიისა და ოკუპაციის ფონზე, რაც დაკავშირებულია ჩვენს ოკუპირებულ ტერიტორიებთან. ჩვენ რა თქმა უნდა, მივიღეთ რწმუნება, რომ აშშ მომავალშიც მხარს დაუჭერს საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებას. განსაკუთრებული მადლიერებით აღინიშნა ის მხარდაჭერა, რომელიც აშშ-ს ჰქონდა ავღანეთიდან მოქალაქეების ევაკუაციის პროცესში დ ის წვლილი, რომელიც საქართველოს მთავრობამ და პირადად პრემიერ-მინისტრმა შეიტანა ამ პროცესში. ვისაუბრეთ ასევე რეგიონული გამოწვევების შესახებ და იმ მედიაციის პროცესზე, რომელიც განვითარდა რეგიონში ბოლო პერიოდში, ესკალაციის შემდეგ და იმ მედიაციის როლზე, რომელიც განხორციელდა პრემიერ-მინისტრის ინიციატივით“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.

წინა სტატიაშიკონგრესმენი ალექს ქსავიერ მუნი – გვახარებს ის ფაქტი, რომ კარგი მეგობარი გვყავს ამ რეგიონში – საქართველოსთან მეგობრობა ამერიკის შეერთებულ შტატებს, ხოლო შეერთებულ შტატებთან მეგობრობა საქართველოს სურს
შემდეგი სტატიაპრემიერ-მინისტრი ნიჩბოსან ალექსი წივწივაძეს გამარჯვებას ულოცავს