“ვენეციის კომისიამ გაითვალისწინა საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გამოთქმული წინადადებები და კრიტიკული შენიშვნები”

ევროპის საბჭოს ვენეციის კომისიამ გამოაქვეყნა წინასწარი დასკვნა “საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ კანონმდებლობაში შესატანი ცვლილებების თაობაზე.

ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილის, ლევან ბოძაშვილის განცხადებით, როგორც დადებით, ასევე უარყოფით ნაწილშიც ვენეციის კომისიამ გაითვალისწინა საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გამოთქმული წინადადებები და კრიტიკული შენიშვნები.

„ასევე, დადებითად არის შეფასებული საკონსტიტუციო სასამართლოს საქმის წარმოებაში ელექტრონული წარმოების შემოღებისა და მოსამართლეთა გამწესების საკითხები, რაზეც პრეზიდენტს თავიდანვე დადებითი მოსაზრებები ჰქონდა. რამდენიმე მნიშვნელოვანი მომენტი, რომელზეც პრეზიდენტს კრიტიკული დამოკიდებულება ჰქონდა და რომელსაც ვენეციის კომისიაც იზიარებს, ეს არის საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეების კონსტიტუციური ათწლიანი ვადის დაცვა. კომისიას მიაჩნია, რომ ეს ნორმა საკანონმდებლო პაკეტში არ უნდა იდოს. ასევე კრიტიკული შენიშვნა აქვს ვენეციის კომისიას საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის მიერ გადაწყვეტილების მიღების მაღალ კვორუმთან დაკავშირებით. ვენეციის კომისიის დასკვნის მიხედვით, სასამართლოს პლენუმის მიერ გადაწყვეტილების მიღება უნდა შეეძლოს 6-ზე ნაკლებ მოსამართლეს. ვენეციის კომისიამ კრიტიკული შენიშვნები გამოთქვა ასევე, იმ ნორმასთან დაკავშირებით, რომლის მიხედვითაც, ერთ მოსამართლეს შეუძლია, კოლეგიაში საქმის განხილვის ნებისმიერ ეტაპზე საქმე პლენუმს განსახილველად გადასცეს. ვენეციის კომისიამ დასკვნა ცვლილებათა პაკეტის ევროპულ სტანდარტებთან შესაბამისობის თვალსაზრისით მოამზადა“, – განაცხადა ლევან ბოძაშვილმა.

ამასთან, მისივე თქმით, “საქართველოს პრეზიდენტი დიდ მადლიერებას გამოხატავს ვენეციის კომისიის მიმართ, რომელმაც უპრეცედენტოდ შემჭიდროებულ ვადებში წინასწარი მოსაზრებები წარმოადგინა და გამოაქვეყნა”.

banner
წინა სტატიაში,,Loveland,, – სიყვარულის პარკი კორეაში (+18)
შემდეგი სტატიაახალი პარტია “სახელმწიფო ხალხისთვის” პირველი ყრილობისთვის ემზადება