ვაშაძე – კობახიძემ გვითხრა, რომ დღის წესრიგია შესაცვლელი, დეპოლარიზაციაზე საუბრობდა, თუმცა ეს იყო მისი გამოსვლის ერთი ფრაზა და 99% იყო სიძულვილის ენა, დაპირისპირების წახალისება

ირაკლი კობახიძე გამოვიდა და გვითხრა, რომ დღის წესრიგია შესაცვლელი, რაღაც ახალი უნდა გავაკეთოთო, დეპოლარიზაციაზე საუბრობდა, თუმცა ეს იყო მისი გამოსვლის მხოლოდ ერთი ფრაზა და 99% იყო ისევ სიძულვილის ენა, დაპირისპირების წახალისება, იმ პოლარიზების ხელშეწყობა, რომელიც, თვითონაც ამბობს, რომ ანგრევს ქვეყანას, – ასე გამოეხმაურა „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი გიორგი ვაშაძე პარლამენტის საშემოდგომო სესიის პლენარულ სხდომაზე ირაკლი კობახიძის მიერ გაკეთებულ განცხადებას.

ვაშაძის თქმით, უკანასკნელი პერიოდის განმავლობაში „ქართული ოცნების“ მიერ გადადგმულ ნაბიჯებს რომ გადავხედოთ, რომელიც „ჯიუტად“ აგრძელებს მოსამართლეების დანიშვნას, უარს ამბობდა ქვეყნის მესამე პრეზიდენტის ჰოსპიტალში გადაყვანაზე და სასამართლოში მიყვანაზე, საკრებულოების ძველი შემადგენლობით დაამტკიცა მუნიციპალიტეტების ბიუჯეტები, ვნახავთ, რომ ყველა ეს ნაბიჯი უნდობლობას აჩენს.

„გვაქვს უმძიმესი პოლიტიკური ვითარება, პოლარიზაცია, უერთიერთდაპირისპირება, ზიზღის ენა და რიტორიკა, თავდასხმები და კანონის ყოველთვის პოლიტიკური მიზნებით გამოყენება, უწესობის წესად ქცევა. მოდით შევხედოთ, რა ნაბიჯები გადადგა არჩევნების შემდეგ „ქართულმა ოცნებამ“ ქვეყანაში, იყო ეს იმისთვის, რომ დამშვიდებულიყო სიტუაცია თუ იყო პირიქით, იმისთვის, რომ არეულიყო სიტუაცია. დავიწყოთ თუნდა საკრებულოების თემით, მეგობრებო, ოპოზიციამ ხომ აიღო უმრავლესობა იმ საკრებულოში, თქვენ განა იმას წუხართ, რომ ხალხისთვის სასიკეთო ბიუჯეტი სწრაფად უნდა დამტკიცებულიყო, არა, უბრალოდ ელემენტარული ძალაუფლების განაწილება არ გინდათ. ელემენტარული შესაძლებლობა არ გინდათ შექმნათ, რომ გაანაწილოთ ძალაუფლებაც და გაანაწილოთ პასუხისმგებლობაც. პასუხისმგებლიანი ხელისუფლება თქვენს ადგილას იტყოდა: „თუ დაგიჭირა შენ მხარი იმ საკრებულოში ადგილობრივმა მოსახლეობამ, მაშინ იტვირთე პასუხისმგებლობა იმ ქალაქის განვითარებაზე და ბიუჯეტის დამტკიცებაზე“, მაგრამ თქვენ რას ამბობთ?! უპრეცედენტოდ მაღალი ჯარიმები გამოუწერეთ „მთავარ არხს“, 111 ათასი ლარი, არა იმიტომ, რომ მართლა ფიქრობთ, რომ რამე კანონდარღვევაა, არამედ იმიტომ, რომ თქვენ არ მოგწონთ ის რაც ხდება ოპოზიციურ მედიაში და გინდათ გააკონტროლოთ იქაც სარედაქციო პოლიტიკა.

მთელი მსოფლიო, აღარაფერს ვამბობ პოლიტიკურ ოპონენტებზე, გეუბნებათ, რომ შეაჩერეთ მოსამართლეების დანიშვნის პროცესი, გეუბნებათ, რომ ფუნდამენტური რეფორმა უნდა განხორციელდეს, რას აკეთებთ? მაინც ჯიუტად აგრძელებთ თქვენსას.

იგივე ნუგზარ ფუტკარაძის საქმე, ადამიანი, ფაქტობრივად, ფსიქოლოგიურ წნეხს ემსხვერპლა. ასევე მთელ მსოფლიოსა და მთელ საქართველოს გაუჯიუტდით ელემენტარულზე, რომ ქვეყნის მესამე პრეზიდენტი გადაგეყვანათ ნორმალურ სამედიცინო დაწესებულებაში, რომელსაც თქვენს მიერვე დაკომპლექტებული მედიკოსთა ჯგუფიც გეუბნებოდათ და მერე სასამართლოზე ექნებოდა თუ არა მისვლის შესაძლებლობა. მეგობრებო, რაზე ვლაპარაკობთ? მართლა გინდათ თქვენ რომ ქვეყანა წინ წავიდეს? არა, თქვენ ამის სურვილი არ გაქვთ! ამის სურვილი რომ გქონოდათ, 19 პრილის შეთანხმებიდან კი არ გახვიდოდით, ახლა იქნებოდა ეს სამოქმედო გეგმა ქვეყნის განვითარების და ეს მოხსნიდან დეპოლარიზაციას. სამწუხაროდ, ყველა იმ ნაბიჯით, რასაც თქვენ დგამთ, უნდობლობას აჩენთ. კოკა ყოველთვის წყალს ვერ მოიტანს! მთავარი პასუხიმგებლობა არის თქვენზე,“- განაცხადა ვაშაძემ.

წინა სტატიაშიროდესაც ომბუდსმენი ჩაერთვება იმ მესიჯბოქსში, რასაც ნაცმოძრაობა ალაგებს, ბუნებრივია, მას გავაკრიტიკებთ – მდინარაძე
შემდეგი სტატიაინჯია ფიქრობს, რომ დროა, ხელისუფლებამ მიიღოს შესაბამისი კანონი, სადაც რაღაც ჩარჩოებში ჩასვამს არასამთავრობო ორგანიზაციებს