უკრაინის პრეზიდენტმა კოპენჰაგენის დემოკრატიის სამიტის მონაწილეებს სიტყვით მიმართა

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ კოპენჰაგენის დემოკრატიის სამიტის მონაწილეებს სიტყვით მიმართა და განაცხადა, რომ ევროპული დემოკრატიული სისტემა საფრთხეშია.

როგორც ზელენსკიმ აღნიშნა, დემოკრატია შესაძლოა, დამარცხდეს, თუ სიტყვები მოქმედებით არ იქნება გამყარებული.

“დემოკრატია – ეს ყოველთვის არის სიტყვების პატივისცემა. საერთაშორისო სამართალიც სიტყვების პატივისცემაა, მაგრამ ისინი მუშაობენ და შეუძლიათ გამარჯვება მხოლოდ მაშინ, როდესაც მათი გამყარება შესაძლებელია მოქმედებით…

თუ გამოკითხვები აჩვენებს, რომ ევროპელთა 71% უკრაინას ევროპული ოჯახის ნაწილად მიიჩნევს, ჯერ კიდევ რატომ არსებობენ პოლიტიკური სკეპტიკოსები, რომლებიც ყოყმანობენ, დაუშვან თუ არა უკრაინის გაწევრიანება ევროკავშირში?

თუ ევროპის ძირითადი ღირებულებები გულისხმობს, რომ ყველა ერი ერთნაირად მნიშვნელოვანია და თანაბრად უნდა სცენ პატივი, რატომ ეუბნებოდნენ უკრაინელ ხალხს ამდენი ხნის განმავლობაში, რომ ისინი უნდა დარჩნენ “ნაცრისფერ” ზონაში ევროკავშირსა და რუსეთს შორის?

თუ რუსეთი ცინიკურად არღვევს საერთაშორისო სამართლის ფაქტობრივად ყველა სასიცოცხლო დოკუმენტს, რატომ არიან ისეთები, რომლებიც ყოყმანობენ ამ სახელმწიფოსთან რაიმე ურთიერთობის დაბლოკვაზე?

ეს კითხვები რეალურად მიუთითებს იმაზე, რომ ევროპული სისტემა შესაძლოა, დამარცხდეს, თუ სიტყვები მოქმედებით არ იქნება გამყარებული. დემოკრატიული სისტემა შეიძლება დამარცხდეს ჩვენს კონტინენტზეც კი, თუ არ იქნება ქმედება.

ასე რომ, უპირველეს ყოვლისა, საბოლოოდ უნდა მოვიშოროთ ეს “ნაცრისფერი” ზონა, რომელიც ასეთი მაცდურია რუსეთის სახელმწიფოსთვის. სიტყვებიდან, რომ უკრაინა ევროპული ოჯახის ნაწილია, ქმედებაზე უნდა გადავიდეთ”, – აღნიშნა ზელენსკიმ.

მან ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების საკითხზე გაამახვილა ყურადღება და თქვა, რომ ევროკომისიას გადაწყვეტილებით შეუძლია დაამტკიცოს, რომ უკრაინელების ევროპულ ოჯახზე სიტყვები ცარიელი არ არის.

“უახლოეს კვირებში ევროკავშირმა შესაძლოა, გადადგას ისტორიული ნაბიჯი, რომელიც დაამტკიცებს, რომ სიტყვები უკრაინელი ხალხის ევროპულ ოჯახთან დაკავშირებით ცარიელი არ არის”, – თქვა უკრაინის ლიდერმა.

გარდა ამისა, ზელენსკიმ განაცხადა, რომ საჭიროა ეფექტური გარანტიები ევროპის კონტინენტის უსაფრთხოების განახლებულ არქიტექტურაში. ასევე, ომის ყველა დამნაშავის დასჯა.

“სამართლიანობამ თავისი სიტყვა უნდა თქვას და სამართლიანობის სიტყვა უნდა იყოს გამყარებული მოქმედებით”, – თქვა უკრაინის პრეზიდენტმა.

banner
წინა სტატიაშიპრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი „სანკო ჰოლდინგის” მმართველობითი საბჭოს თავმჯდომარეს შეხვდა
შემდეგი სტატიააფხაზებს უნდა შევთავაზოთ ქართველთა და აფხაზთა საერთო სახელმწიფოს, საქართველოსა და აფხაზეთის ფედერაციის შექმნა ადმინისტრაციული ცენტრით ქუთაისში – სააკაშვილი