თუკი რუსეთის მხარე გადადგამს შემდგომ ნაბიჯს, ჩვენ ამას მივესალმებით

საყოველთაოდ ცნობილია, რომ, 2008 წლის აგვისტოს მოვლენებთან დაკავშირებით, ჩვენსა და რუსეთის მხარეების შეფასებებში რადიკალური განსხვავება არსებობს, – ასე გამოეხმაურა საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში ზურაბ აბაშიძე ვლადიმერ პუტინის მიერ დღეს გაკეთებულ განცხადებას.

მისივე თქმით, ამ პოზიციას სრულად იზიარებს საერთაშორისო თანამეგობრობა.

„მიუხედავად რუსეთთან ურთიერთობაში არსებული დიდი სირთულეებისა, ჩვენ მზად ვართ, სახელმწიფოს ინტერესების სრული დაცვით, გავაგრძელოთ დიალოგი და ძალისხმევა ამ პრობლემების ეტაპობრივად მოსაგვარებლად, რაც უმთავრესად ჟენევის საერთაშორისო კონსულტაციების ფორმატში ხდება“, – განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.

რაც შეეხება სავიზო რეჟიმის გამარტივებას ან გაუქმებას, მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლებამ, ჯერ კიდევ 2011 წლიდან, ცალმხრივად გააუქმა რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო მოთხოვნები, ხოლო მიმდინარე წლის დასაწყისიდან გამარტივდა რუსეთის სავიზო რეჟიმი საქართველოს მოქალაქეებისათვის.

„თუკი რუსეთის მხარე გადადგამს შემდგომ ნაბიჯს, ჩვენ ამას მივესალმებით, თუმცა ეს გადაწყვეტილება მათი პრეროგატივაა. საქართველო აღიარებულია უსაფრთხო ქვეყნად, რისი დასტურიც არის ბოლო წლებში საქართველოს მიერ სავიზო რეჟიმის გამარტივება ცალკეულ ქვეყნებთან, მათ შორის უახლოეს პერიოდში შენგენის ზონის ქვეყნებთან უვიზო მიმოსვლის დაწესება. საქართველო სხვადასხვა ფორმით აქტიურად უჭერს მხარს საერთაშორისო ძალისხმევას ტერორიზმის წინაღმდეგ ბრძოლაში, რასაც კვლავაც გააგრძელებს. ამ მიმართულებით, დასავლეთის ქვეყნებთან ერთად, გარკვეული გამოცდილება გვაქვს 2014 წელს სოჭში გამართულ ოლიმპიადასთან დაკავშირებითაც, რაც საზოგადოებისათვის ცნობილია”, – აღნიშნა ზურაბ აბაშიძემ.

banner
წინა სტატიაშიირაკლი კობახიძე – ჩვენ გვაქვს მკაფიოდ არჩეული საგარეო პოლიტიკური კურსი და გვაქვს წითელი ხაზები
შემდეგი სტატიარვაწლიანი შეზღუდვის შემდეგ, აფხაზეთის საოკუპაციო ხაზზე სატრანსპორტო მოძრაობა აღდგა