თუ კორონავირუსი უსიმპტომოდ მიმდინარეობს, როგორ უნდა მოიქცეთ – თენგიზ ცერცვაძის რეკომენდაციები

ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, კორონავირუსის ყველაზე საშიში გამავრცელებლები უსიმპტომო პაციენტები არიან. „მინდა მივმართო მოსახლეობას და პირველადი ჯანდაცვის რგოლის ექიმებს, არ დაიბნენ. მათი რეკომენდაციები უნდა იყოს ცალსახა“, – ამის შესახებ ცერცვაძემ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემა „შაბათის ქრონიკაში“ განაცხადა.

მისი თქმით, ჯანმო-ს რეკომენდაციით, საეჭვოს წარმოადგენს ის შემთხვევა, როცა ტემპერატურა 38,5 გრადუსია. „ჩვენ ეს რეკომენდაცია შევცვალეთ. ეს რომ არ გვექნა დაინფიცირების სამივე შემთხვევა გაგვეპარებოდა. შესაძლოა ინფიცირებულთა რიცხვი გაიზარდოს. საგულისხმოა, რომ ისინი დაინფიცირდნენ უცხოეთში და ეს შემთხვევა ჩამოსვლისთანავე დააფიქსირეს“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

კითხვაზე – თუ დაავადება უსიმპტომოა, როგორ უნდა მოვიქცეთ, ცერცვაძემ განაცხადა, რომ ექიმებს აქვთ ცალსახა რეკომენდაცია – თუ პაციენტს ანამნეზში არ აქვს საეჭვო განაცხადი, რომ იმოგზაურა რისკჯგუფის ქვეყნებში 14 დღის წინ და ჰქონდა კონტაქტი სავარაუდო ინფიცირებულთან, მაშინ პაციენტის მდგომარეობა არ არის რისკ ჯგუფში.

მისი თქმით, ყველამ, ვისაც ექნება მწვავე რესპირაციული სიმპტომები, ხველა, სიცხე, ყელის ტკივილი, აუცილებლად უნდა მიმართონ ოჯახის ექიმს. „კორონავირუსის სამკურნალოდ პირდაპირი მედიკამენტები და სპეციფიკური მკურნალობა არ არსებობს. ხდება დამხმარე და სიმპტომურ მკურნალობა, რასაც აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა და დიდ როლს თამაშობს პაციენტის სიცოცხლის გადარჩენაში“, – აღნიშნა ცერცვაძემ.

რაც შეეხება პაციენტის კლინიკიდან გაწერის კრიტერიუმებს, ცერცვაძის განცხადებით, თუ პაციენტს კლინიკური სიმპტომები არ აქვს და რენტგენის სურათით ფილტვის დაზიანება არ არის, მას ჩაუტარდება ტესტირება კორონავირუსზე ორჯერ და მხოლოდ ამის შემდეგ გაწერენ. „კორონავირუსს ახასიათებს რეციდივი. გამოჯანმრთელებულად ჩაითვლება პაციენტი, თუ ორი თანმიმდევრული გამოკვლევა და ტესტირება უარყოფით შედეგს აჩვენებს“, – აღნიშნა ცერცვაძემ.

banner
წინა სტატიაშიდეკანოზი ილია ჭიღლაძე: ვეზიაროთ თუ არა კოვზით?!
შემდეგი სტატიავაჟა ნოზაძის მხრიდან ელისო კილაძის მიმართ მუქარის ფაქტზე გამოძიება დაიწყო