თბილისის მერიის ცხელ ხაზს თანამშრომლები დაემატება

მოქალაქეთა ზარებზე დროულად და სრულფასოვნად რეაგირების მიზნით, თბილისის მერიის ცხელ ხაზს თანამშრომლები დაემატება, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

დედაქალაქის მერის თქმით, ცხელი ხაზის 42 ოპერატორის მეშვეობით გაწეული 24-საათიანი მომსახურების მიუხედავად, დღის განმავლობაში, 400-მდე ზარი რეაგირების გარეშე რჩება.

მისივე განცხადებით, თბილისის მერიის ცხელ ხაზს დაემატება და გადამზადდება იმდენი თანამშრომელი, რამდენიც საჭიროა, რათა მოქალაქეების არცერთი ზარი უპასუხოდ არ დარჩეს. კახა კალაძემ მოქალაქეთა მომსახურების საკითხის მოწესრიგება ვიცე-მერს, ირაკლი ხმალაძეს დაავალა.

„მერიის ცხელი ხაზი საკონსულტაციო და საინფორმაციო მომსახურებაა, რომლის ფარგლებშიც, დღის განმავლობაში, 42 ოპერატორის საშუალებით დაახლოებით 2500 ზარი ხორციელდება. მომსახურება 24-საათიანია. ცხელი ხაზი კვირის ყველა დღეს მუშაობს, თუმცა პირადად მე, მისი მუშაობის შესახებ ბევრი ადამიანისგან უკმაყოფილება მსმენია. ამიტომ, ვავალებ ირაკლი ხმალაძეს, რეფორმა რაც შეიძლება სწრაფად განხორციელდეს. თუ დასამატებელია, დაამატეთ თანამშრომლები და დაატრენინგეთ, კვალიფიკაცია აუმაღლეთ, რომ არც ერთი ზარი არ დარჩეს პასუხგაუცემელი. რეაგირების გარეშე 400-მდე ზარი რჩება. ეს მიდგომა და დამოკიდებულება ჩემთვის კატეგორიულად მიუღებელია. შესაბამისად, ეს საკითხი ძალიან მალე უნდა მოწესრიგდეს“, – აღნიშნა დედაქალაქის მერმა.

კახა კალაძე მოქალაქეთა სერვისცენტრების მუშაობის გაუმჯობესების მიზნით დაგეგმილ სხვა ღონისძიებებსაც შეეხო.

„გარდა ამისა, საჭიროა მოქალაქეთა სერვისცენტრების გაუმჯობესება, მოწესრიგება და რეაბილიტაცია. ამჟამად, დაწყებულია მუშაობა პროექტირებაზე და მომავალი წლიდან დავიწყებთ სერვისცენტრების სრულ რეაბილიტაციას იმისთვის, რომ არ იყოს რიგები სერვისცენტრებში და არც ცხელ ხაზზე. ეს ის მინიმალური კომფორტია, რომელიც მოქალქეებს უნდა შევუქმნათ. ამის მოლოდინი და იმედი აქვს ჩვენს მოსახლეობას“, – განაცხადა თბილისის მერმა.

banner
წინა სტატიაში“ევროპულ საქართველოს” პარლამენტში საგამოძიებო კომისიის რეკომენდაციების შესრულების მოთხოვნით, რეზოლუციის პროექტი შეაქვს
შემდეგი სტატიაკომერციულ ბანკებში 1 აშშ დოლარის ღირებულება 2 ლარსა და 80 თეთრს აღწევს