თამარ ჩუგოშვილი : ძალიან მიხარია, რომ რთული პროცესის შემდეგ მივიღეთ საკონსტიტუციო ცვლილებები და არჩევნებს ახალი სისტემით შევხვდებით

საქართველოს პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატის თამარ ჩუგოშვილის განცხადებით, ძალიან უხარია, რომ საკონსტიტუციო ცვლილებები პარლამენტმა დაამტკიცა და ქვეყანა არჩევნებს ახალი საარჩევნო სისტემით ჩაატარებს.

ჩუგოშვილის შეფასებით, კონსტიტუციაში შესული ცვლილებები ქვეყნის ნორმალური განვითარებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილია.

„როგორც იქნა დასრულდა ერთწლიანი ძალიან რთული პროცესის შემდგომ. ძალიან მიხარია, რომ ბოლოს და ბოლოს მიღებულია საკინსტიტუციო ცვლილებები და ამ არჩევნებს ჩვენ შევხვდებით ახალი საარჩევნო სისტემით. მიუხედავად იმისა, რომ ოპოზიციის ნაწილი არ იღებდა კენჭისყრაში მონაწილეობას, პარლამენტში აღმოჩნდა საკმარისი ხმები, რათა ცვლილებები გასულიყო.

მე ვაფასებ ამ ცვლილებებს, როგორც ძალიან მნიშვნელოვან ნაწილს ქვეყნის სამომავლო პოლიტიკურად დაბალანსებული, ნორმალური განვითარებისთვის და ძალიან მიხარია, რომ ეს შედეგი დადგა“, – განაცხადა ჩუგოშვილმა.

ამასთან, ჩუგოშვილი მიიჩნევს, რომ ოპოზიციას კენჭისყრის პროცესში მონაწილეობა უნდა მიეღო.

„აუცილებლად მიმაჩნდა, რომ ოპოზიციას ამაში მონაწილეობა უნდა მიეღო. ჩემი აზრით, მათ ჰქონდათ პასუხისმგებლობა, რომ ყოფილიყვნენ ყველა მოსმენაზე სხდომათა დარბაზში და ხმა მიეცათ. მათი არჩევანია, რომ არ იღებენ ამ კენჭისყრაში მონაწილეობას, თუმცა მთავარია, რომ ამან შედეგზე გავლენა ვერ მოახდინა“, – აღნიშნა თამარ ჩუგოშვილმა.

117 ხმით საქართველოს პარლამენტმა საარჩევნო სისტემის შეცვლის მიზნით მომზადებული საკონსტიტუციო ცვლილებები დაამტკიცა. წინააღმდეგ ხმა მისცა სამმა დეპუტატმა – ბიძინა გეგიძემ, კახა ოქრიაშვილმა და ალექსანდრე ერქვანიამ.

კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღიათ „ნაციონალურ მოძრაობას“ და „ევროპულ საქართველოს“.

banner
წინა სტატიაშიმამუკა მდინარაძე : დღევანდელი ისტორიული დღე „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ევროპული საქართველოსთვის“ ისტერიული აღმოჩნდა
შემდეგი სტატიაარჩილ თალაკვაძე : დღევანდელი კენჭისყრა იყო წყალგამყოფი, რომლის ერთ მხარესაც დარჩა “ევროპული საქართველო” და” “ნაცმოძრაობა,” თამაშგარე მდგომარეობაში