სუბარი – პარტიებს, რომელთა მიზანი იყო პარლამენტის დელეგიტიმაცია, მხარს ვერ დავუჭერთ

პოლიტიკურმა პარტიებმა როდესაც სიები ჩახსნეს, კიდევ ერთხელ შეურაცხყოფა მიაყენეს დემოკრატიისა და პარლამენტარიზმის პრინციპს, რატომ ჩახსნეს სიები თუ მათი მიზანი არ იყო ხელისუფლების დამხობა, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, სოზარ სუბარმა განაცხადა.

მისი თქმით, პარტიებს, რომელთა მიზანი იყო პარლამენტის დელეგიტიმაცია უმრავლესობა მხარს ვერ დაუჭერს.

„რაც შეეხება ჩახსნილი სიების აღდგენას, როდესაც სიები ჩახსნეს პოლიტიკურმა პარტიებმა კიდევ ერთხელ შეურაცხყოფა მიაყენეს დემოკრატიისა და პარლამენტარიზმის პრინციპს. პირველ რიგში, შეურაცხყოფა მიაყენეს თავის კოლეგებს, რომლებიც მათთან ერთად შემოვიდნენ საპარლამენტო ბრძოლაში. დღეს, რომ გადაიფიქრეს, ბოდიში, ასე არ ხდება დემოკრატია. კანონი არის კანონი და ახლა ერთი კაცის თუ ხუთი კაცის ნებაზე კანონმდებლობას ყოველდღიურად ვერ შევცვლით. რატომ ჩახსნეს სიები თუ მათი მიზანი არ იყო ხელისუფლების დამხობა და პარლამენტის დელეგიტიმაცია. პარტიებს, რომელთა მიზანი იყო პარლამენტის დელეგიტიმაცია მხარს ვერ დავუჭერთ იმაში, რომ დღეს თავისი ლეგიტიმაცია გააძლიერონ პარლამენტში. გადაწყვეტილება საბოლოოა, კანონი არსებობს და იმ კანონის შეცვლას არ ვაპირებთ“, – განაცხადა სუბარმა.

რაც შეეხება სამი დეპუტატისთვის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხს, სუბარის თქმით, ამ საკითხზე უმრავლესობას გადაწყვეტილება უკვე მიღებული აქვს.

„ელენე ხოშტარიასთან დაკავშირებით კითხვები არ არის, რადგან არც შემოსულა პარლამენტში 70 მოწვევის განმავლობაში და არც აპირებს. შესაბამისად კითხვა აქ არ არსებობს. რაც შეეხება შალვა ნათელაშვილს, 70 სხდომა ისე ჩატარდა, რომ ერთხელ არ მოსულა და მთელი წელიწადნახევრის განმავლობაში რასაც აკეთებდა ეს პარლამენტის, პარლამენტარიზმის და დემოკრატიული ინსტიტუტების შეურაცხყოფა იყო. დღეს, რომ გადაწყვიტა პარლამენტში შემოსვლა ზუსტად იგივე მიზანი აქვს, რა მიზნითაც აქამდე არ შემოდიოდა. ბუნებრივია, მისთვის მანდატის შეწყვეტას მხარს დავუჭერ და მხარს დაუჭერს უმრავლესობა. ბადრი ჯაფარიძესთან დაკავშირებით არსებობს გამამტყუნებელი განაჩენი. ვის რა კითხვა აქვს ამ განაჩენთან დაკავშირებით განზე გადავდოთ. კითხვები ორმხრივია, ერთი მხრივ, ვიღაცას მიაჩნია, რომ ის უდანაშაულოა, მეორე მხრივ, კითხვებია, რომ სინამდვილეში ფულის გათეთრებას ჰქონდა ადგილი. ფაქტია, რომ სასამართლოს გამამტყუნებელი გადაწყვეტილება არსებობს და კანონი აქ უფლებამოსილების შეწყვეტას ითვალისწინებს. დღეს, რომ გვახსენებენ კოლეგები კოლეგიალობა გავიხსენოთო, როდესაც გამოძიებასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა გია ვოლსკიმ, ბადრი ჯაფარიძემ და მამუკა ხაზარაძემ საერთოდ, რომ არ გახსენებიათ კოლეგიალობა ისე უჩივლეს სასმართლოში და 300 ათას ლარს ითხოვდნენ. საინტერესოა, კოლეგიალობა რატომ ახსენდებათ მაშინ, როცა მათი პრობლემები წამოიწევს წინა პლანზე“, – განაცხადა სუბარმა.

banner
წინა სტატიაშიზარქუა ჟურნალისტს – ნათელაშვილს ასე გადაეცით, “რაც მოგივა დავითაო, ყველა შენი თავითაო”
შემდეგი სტატიაამირან გამყრელიძე – ვფიქრობთ, რომ ამ კვირის განმავლობაში შემთხვევების რაოდენობის კლება უნდა გვქონდეს