სარჯველაძე: რეალური ანალიზი თუ გაკეთდება, აღმოჩნდება, რომ არც ისე წვიმს, როგორც ქუხს

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე აცხადებს, რომ გავრცელებულ ჩანაწერებთან დაკავშირებით შეფასებებისა და დასკვნის გასაკეთებლად საკმარისი წინაპირობები უნდა არსებობდეს.

„რაღაც შეფასება როდესაც კეთდება, შეფასებისა და დასკვნის გამოსატანად სავალდებულო და საკმარისი წინაპირობები უნდა არსებობდეს. როდესაც ერთ ამბავს გავიგებთ, არ შეიძლება, ამას ავტომატურად ისეთი დასკვნა მიებას, რასაც კიდევ სხვა ფაქტორების შესწავლა სჭირდება. ვინ ვის უსმენს, რას უსმენს, რომელია ავთენტური და რომელი – არა, ამას შესწავლა სჭირდება და ამის შემდეგ შეიძლება დასკვნის გაკეთება, გვისმენენ თუ – არა. ბევრი კითხვა მაქვს, ვიდრე დასკვნას გავაკეთებ. ზოგიერთ შემთხვევაში, ვიღაცამ დაადასტურა, ვიღაცამ – არა. ამას კარგად შემოწმება სჭირდება და ამის შემდეგ შეიძლება შეფასების გაკეთება. სხვაგვარად არაერთხელ ყოფილა, როცა წინასწარ გამოტანილი დასკვნები მცდარი აღმოჩნდა.

მსურველი, რომ ეს გამოიყენოს არაკეთილსინდისიერი მიზნებით და რეპუტაციული ზიანისთვის, ბევრია. რეალური ანალიზი და კვლევა თუ გაკეთდება, აღმოჩნდება, რომ არც ისე წვიმს, როგორც ქუხს. გრიგოლ ლილუაშვილი რატომ უნდა მოვიდეს, რას უნდა უპასუხოს? კითხვა რა არის? იმისთვის უნდა მოვიდეს, რომ ჰკითხონ, უსმენდით თუ არაო? – გიპასუხებთ, არაო და სხდომა უნდა დავასრულოთ? დასკვნებამდე არგუმენტაციით უნდა მივდიოდეთ და ამას არ ვაკეთებთ. არ მგონია, საკმარისი არგუმენტები იყოს, რომ რომელიმე თანამდებობის პირი მოვიდეს და მოხსენება გააკეთოს. სხდომაზე დაბარება ერთადერთი ფორმა არ არის, როცა სადეპუტატო უფლებამოსილებას ვასრულებთ“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

banner
წინა სტატიაშიდაპირსპირება ჭყონდიდის ეპარქიაში (ვიდეო)
შემდეგი სტატიამდინარაძე: მომდევნო დღეებში „ნაციონალური მოძრაობა“ პირადი ცხოვრების ამსახველი გარკვეული ჩანაწერების გავრცელებას გეგმავს