საქართველო ვერ იქნება იზოლირებული, არამედ ის გახსნილი ეკონომიკისა და საერთაშორისო ვაჭრობის წყალობით, მეტად წარმატებული და მდიდარი ქვეყანა გახდება

საქართველოში ევროკავშირის ელჩის კარლ ჰარცელის განცხადებით, კორონავირუსთან ბრძოლის პერიოდში გამოჩენილი სოლიდარობა როგორც საქართველოში, ისე ევროპაში, ნამდვილი მონაპოვარია და იმედი აქვს, რომ ის მძიმე კრიზისიდან გამოსვლის შემდეგაც შენარჩუნდება.

ამ განცხადებით ჰარცელმა ვიდეოკონფერენციაზე უპასუხა შეკითხვას, რომლის თანახმადაც: „ რა აზრის ხართ შექმნილ სიტუაციაზე, მაგალითად, მე ვფიქრობ, რომ პანდემიამ კაცობრიობა ომებისგან გადაარჩინა, რომ ჩვენ, ადამიანებმა, ერთმანეთის სიცოცხლის გადარჩენისა და სიყვარულის გაზიარების მნიშვნელობა უკეთ გავიგეთ. გარდა ამისა, სახელმწიფოებმა უცხო ბაზრების ძიების ნაცვლად, საკუთარ ეკონომიკაზე ზრუნვა, მათ შორის ადგილობრივი პროდუქციის, ექსპორტის ნაცვლად, ადგილობრივ ბაზრებზე რეალიზაცია დაიწყეს. გაგვიზიარეთ თქვენი მოსაზრებები“.

„პირველ რიგში, რაც ეხება სოლიდარობას და რაც ჩემი აზრით, ძალიან მნიშვენლოვანია, ის, რისი მოწმენიც ბოლო დროს გავხდით როგორც აქ, საქართველოში, ასევე ევროპაში „კოვიდ-19“-თან ბრძოლის პერიოდში, მე ვთვლი, რომ ეს არის ნამდვილი მონაპოვარი, რომელსაც, ვიმედოვნებ, შევინარჩუნებთ ამ მძიმე კრიზისიდან გამოსვლის შემდეგაც“,- განაცხადა ჰარცელმა.

კარლ ჰარცელის შეფასებით, საქართველო ვერ იქნება იზოლირებული, არამედ ის გახსნილი ეკონომიკისა და საერთაშორისო ვაჭრობის წყალობით, მეტად წარმატებული და მდიდარი ქვეყანა გახდება.

„რაც შეეხება მიღებულ გამოცდილებას, მე ვთვლი, რომ ერთი მხრივ მართალი ხარ, კრიზისის დროს, იქნება ეს პანდემია, თუ სხვა, ყველა ფიქრობს ისეთ საკითხებზე, როგორიცაა სასურსათო უსაფრთხოება, ენერგეტიკული უსაფრთხოება და ა.შ. იმისთვის, რომ გადარჩეს. ამავე დროს, მე ვფიქრობ, რომ ისეთი პატარა სახელმწიფო, როგორიც საქართველოა, იზოლირებული და თვითკმარი ვერ იქნება. საქართველო, გახსნილი ეკონომიკისა და საერთაშორისო ვაჭრობის წყალობით, უფრო წარმატებული და მდიდარი ქვეყანა გახდება.

ჩვენ ვეხმარებით საქართველოს კომპანიებს ევროპული და სხვა ბაზრების მოძიებაში, რადგან ეს სახელმწიფოს და მის მოსახლეობას საკუთარი პროდუქციის საზღვარგარეთ გატანისა და შესაბამისად, კეთილდღეობის გაზრდის შესაძლებლობას აძლევს, რასაც ჩაკეტილი ეკონომიკის პირობებში ქვეყანა ვერ მოახერხებს“,- აღნიშნა კარლ ჰარცელმა ვიდეოკონფერენციაზე.

banner
წინა სტატიაშიევროკავშირის ელჩი: ამ ქვეყნის სიძლიერე მის მოსახლეობაშია
შემდეგი სტატიამოქალაქეები მხოლოდ ელექტრონული, ე.წ.ჩიპიანი პირადობის მოწმობების აღებას შეძლებენ