სამი ამბავი პოლონეთიდან

ამბავი N 1

 

ნატა გოგოხია – სტუდენტი

ახალი ქვეყანა, როგორც ახალი გამოწვევა

პირველად როცა გავიგე ევროპაში სწავლის შესახებ, ჩავთვალე, რომ ეს ჩემი შესაძლებლობა იყო უფრო მეტი გამოცდილება მიმეღო და გავცნობოდი სხვა კულტურებს. ამიტომ, სწავლის გარდა ჩემი მიზანი იყო მოგზაურობა, ახალი ადამიანების გაცნობა, და ახლა, როცა აქ ვარ, ჩემს ოცნებებს ვიხდენ. ჩემთვის სიტყვა პოლონეთი უკვე ბევრ რამეს აერთიანებს და ნიშნავს ერთდროეულად. პირველ ყოვლისა, ეს პირველი ადგილი იყო, სადაც საცხოვრებლად წავედი სახლის და ჩემი ოჯახის დატოვების შემდეგ. პოლონეთმა ბევრი რამ მომცა, გავიცანი ძალიან ბევრი კეთილი ადამიანი, ბევრ რთულ სიტუაციაში ვიყავი, რაც ჯამში კარგი გამოცდილება იყო. პოლონეთი ჩემთვის არის შესაძლებლობა, ენერგია, მომავალი და ადგილი, სადაც შეგიძლია გაიზარდო ფსიქოლოგიურად, მენტალურად როგორც პიროვნება. როგორც უცხოელი, ვგრძნობ, რომ პოლონეთმა მიმიღო და აქ არაფერი მექაჩება უკან მხოლოდ იმიტომ, რომ ადგილობრივი არ ვარ.

ისტორიები კულტურული განსხვავების ფონზე

ეს არ არის სასაცილო, უფრო უხერხული ისტორიაა. ერთხელ, მართლაც ძალიან კარგმა წყვილმა ქართველი სტუდენტები შობაზე სახლში დაგვპატიჟა. ქართულ კულტურაში, როცა სტუმრად მიდიხარ, შენ უბრალოდ ზიხარ, არაფერს აკეთებ. ჩვენი პოლონელი მასპინძლები ძალიან თბილები, ყურადღებიანები იყვნენ ჩვენს მიმართ. ისინი აკეთებდნენ ყველაფერს, ჩვენ უბრალოდ ვიჯექით. მაგრამ ვიგრძენი, რომ რაღაც ვერ იყო წესრიგში და მივხვდი, რომ უნდა დავხმარებოდი. ეს იყო პირველი, როცა კულტურულ სხვაობას შევეხე. ახლა უკვე, ცხადია, ყოველთვის ვეხმარები მასპინძლებს. მაგრამ მაშინ ეს სიტუაცია ძალიან უხერხული იყო.

მეორე ისტორიაც მაქვს. ეს უფრო სამარცხვინოა, ვიდრე უხერხული. როცა პირველად ჩამოვედით პოლონეთში, გვეგონა რომ მეტალის დიდი ყუთები, რომელიც ბევრი დგას ქუჩებში, არის სანაგვე ყუთი. კარგა ხნის მანძილზე, შევაგროვებდით ნაგავს, მოვდიოდით ამ ყუთთან და იქ ვაგდებდით. ერთხელაც მეზობელმა დაგვინახა. დაურეკა ჩვენი ბინის მეპატრონეებს და უთხრა, რომ თურმე ნაგავს ვყრიდით ყუთებში, რომელიც დგას ქველმოქმედებისათვის. ვთქვათ, თუკი გაქვს ტანსაცმელი ან სხვა რამ ნივთი, რომელიც შეგიძლია სხვასთვის გასცე, უნდა ჩააგდო ამ ყუთებში. შემდეგ მას იმ ადამიანებს ურიგებენ, ვისაც დახმარება სჭირდება. ამ ისტორიის დიდი ხანი მრცხვენოდა. ახლაც მრცხვენია.

ახალი კულტურა როგორც ბარიერი?

იმდენად ბარიერი არ ყოფილა, რამდენადაც შესაძლებლობა, დაინახო თუ რამდენია კულტურული და ქცევების სხვაობა. მე, როგორც ქართველი, ყოველთვის ვფიქრობდი, რომ ყველა ისე ფიქრობს, როგორც ქართველი, რომ ეს მიღებული გამოცდილება და ცოდნაა დედამიწის ყველა წერტილისთვის, რადგანაც ყველანი ადამიანები ვართ. მაგრამ, პოლონეთში დავინახე, რომ თუკი ერთსადაიმავე ხეს ხუთი სხვადასხვა კულტურის წარმომადგენელი უყურებს, ყველა მათგანი მას განსხვავებულად ხედავს. განსხვავებული პერსპექტივებია სხვადასხვა კულტურული ხედვებიდან. ეს მნიშვნელოვანი ონტოლოგიური აღმოჩენა იყო ჩემთვის.

რა იყო პოლონეთში სრულიად ახალი

ეს არ არის იმდენად პოლონეთზე, რამდენადაც თავად ჩემი ცხოვრების სტილზე. მე 18 წლის ვიყავი როცა აქეთ გადმოვბარგდი. მანამდე სულ მშობლებთან ვცხოვრობდი. აქ, პოლონეთში მე თავად უნდა მეზრუნა ჩემს თავზე, თავისუფლება იყო ჩემთვის სიახლე, რაც ძალიან მომეწონა. მომეწონა დამოუკიდებლად საქმეების მოგვარება, გაუკვალავ ტყეში პატარა მაკრატლით ხეების ჭრა ყოველდღე, რომ გზა გაიკვალო. ყოველი დღე ახალი გამოცდილებაა. პირდაპირი გაგებით, ყოველ კვირას რაღაც ახალი ხდება.

ერთი წინადადება მათთვის ვინც უცხო ქვეყანაში მიდის საცხოვრებლად
ორი წლის წინ, რასაც პოლონეთში წამოსვლამდე საკუთარ თავს ვეტყოდი, არის ვყოფილიყავი უფრო ღია ახალი გარემოსადმი, კულტურისადმი, და მხოლოდ იმიტომ, რომ ის განსხვავებულია, არ იფიქრო, რომ ის ცუდია. ახლა საკმარისად ჭკვიანი ვარ ეს ვიცოდე. უნდა გაეხსნა ახალ გარემოს და არ უნდა შეაფასო ის. კულტურები განსხვავდებიან ერთმანეთისგან და მისი უნიკალურობაც ზუსტად ეს არის.

 

ამბავი N 2

 

 

ჩემი წერილი ციხეში მყოფ მოშიმშილე მიშას

 

მიშა, ზუსტად 9 წლის წინ ზუსტად ოქტომბერში შენი ხელისუფლებისგან გაქცეულმა, პოლონეთის ციხეში, სხვა ჩემსავით დევნილებთან ერთად შიმშილობა გამოვაცხადეთ. ბედის ირონიაა, დღეს შენ შიმშილობ. არ ვიცი რატომ, ალბათ იმ სამართლიანობის აღდგენას ითხოვ, შენ რომ გქონდა. ჩვენ, დაახლოებით 80 ადამიანი, შენს საშინელებას გაქცეულები, პოლონეთში კრიმინალებივით ჩაგვყარეს ციხეში (მას ოფიციალურად დახურული ბანაკი ქვია მიგრანტებისთვის, შემდეგ სიტყვაზე რომ არ შემომედავო). აღარ მახსოვს ახლა ზუსტად სად, მაგრამ ერთი-ერთი ასეთი ციხის კარცერში ჩაგდებული ქართველი ორი თვე შიმშილობდა, 35 კილო იყო გამხდარი, ხელოვნურ კვებაზე ყავდათ – მის შესახებ ვერაფერი გავიგეთ შემდეგ.
იმ ოთხმოცმა ადამიანმა ოთხი დღე ვიშიმშილეთ. საპირფარეშომდე ძლივს მივდიოდი და შემდეგ რეაბილიტაციაზე თვეები დამჭირდა – წარმომიდგენია ახლა შენი მდგომარეობა, თუმცა, ვიცი რომ არ გეშიება უკვე და აღარც ის ბოლო ხინკალი გახსოვს, ხელიდან რომ გაუგდებინებიათ თურმე.

ბოლო ორი დღეა მახსენდება ასაკიანი ქალი, რომელიც რუსთაველზე, ჩემი როკ-კლუბის გვერდით 6 კვ/მეტრს ქირაობდა მაღაზიად, რომ საკუთარი ორი ბიჭისთვის ციხეში საჭმელი შეეგზავნა. ერთი არ ვიცი რაზე იჯდა, მაგრამ მეორე იმიტომ დაიჭირე, რომ ძმამ რომ დაურეკა და კითხა როგორ ხარო, ამან უპასუხა ქურდულადო. ამ სიტყვის გამო დაიჭირე (რომ უსმენდი საუბრებს ეგ რა მოსატანია). ჩემგან კი გინდოდა ჩემთან კლუბში მომსვლელებზე ინფორმაცია მიმეწოდებინა ან ნარკოტიკები ჩამედო მათთვის, რომ დაგეჭირა შემდეგ. შემოგიგზავნიდი ჩემს წიგნს ჩემი ისტორიებით, თუკი სთხოვ ვინმეს შემოგიყოლოს. ის შენი ბიჭები, მე რომ კბილების ჩამოღებით მემუქრებოდნენ თუკი კონსპირაციულ აგენტობას არ დავთანხმდებოდი, შემდეგ ამ უბადრუკებთან მუშაობდნენ. ალბათ, ახლაც იქ არიან. რა დაუშლიდათ, სინდისი თუ კანონი? შემდეგ, როცა გამოხვალ და მოშუშდები, გამომიგზავნე შენი ჩანაწერები ციხიდან.

 

ამბავი N3

დავით შაიშმელაშვილი – მეთონე, მცხობელი

ერთი შემთხვევის გავლენა

ვარ მეთონე, მეპურე. პოლონეთში ოცამდე თონე მაინც მაქვს ჩადგმული. ასევე, მაქვს საცხობი. ლოძიდან ტორუნში ჩამოვედი ოჯახთან ერთად. იქაც საცხობი გვქონდა. ლოძში რამდენიმე წლის წინ, გემახსოვრებათ, ალბათ, ქართველმა, ქუთაისელმა ახალგაზრდა კაცმა პოლონელი სტუდენტი ჯერ გააუპატიურა, შემდეგ კი ნაწილებად დაჭრა. ეს ერთნაირი შოკი იყო როგორც ქართველებისთვის, ასევე პოლონელებისთვის. ასევე, ეს ისტორია გარდამტეხი იყო პოლონელებისა და ქართველების ურთიერთობაში. იმის გარდა, რომ ქართველების მიმართ უნდობლობა გაჩნდა, რაც მანამდე უბრალოდ არ არსებობდა, ამბობდნენ, რომ მესაზღვრეებმაც გაართულეს ქვეყანაში შემოსვლა. ეს ძალიან კარგი მაგალითია იმისი, რომ ერთ ადამიანზე ძალიან ბევრი რამ არის დამოკიდებული. რადგანაც ეს ისტორია მოხდა იმ ქალაქში, სადაც მე ვცხოვრობდი, გადავწყვიტე, წამოვსულიყავი იქიდან – იმ განწყობას ვერ გავუძელი, რაც ქართველების მიმართ იყო. ამის გარდა, მეც, როგორც ქართველი, ჩემი მხრიდანაც თავს უხერხულად ვგრძნობდი ამ ამბის გამო. ჩვენ ყველას საკუთარი პასუხისმგებლობები გვაქვს საერთო განწყობებზე, ურთიერთობებზე, დამოკიდებულებებზე. პოლონელი რომ ამბობს, რომ მას ქართველები უყვარს – ამის უკან ერთი ადამიანი არ დგას, მისი ამ გრძნობის უკან ბევრი დაგროვილი გამოცდილებაა, ეს გამოცდილება კი ბევრ ადამიანთან ურთიერთობების შეჯამებაა.

ამ პატარა ქუჩაზე

აქ ყველა მიცნობს. ქართველი თუ მოხვდება ჩამთან ერთ ცალ პურს მაინც გავატან ჩემს სახელზე. ჩემი წინა საცხობის მოპირდაპირედ ადგილობრივი გაზეთის რედაქცია იყო – ყველა ჩემთან ყიდულობდა წასახემსებელს. რამდენჯერმე გაზეთშიც დაწერეს ჩვენზე, ფოტოები გამოაქვეყნეს. ნახეთ, როგორი ლამაზი ქუჩაა, მთელი ეს ქუჩა და მოსაზღვრე ქუჩებიც იუნესკოს კულტურული მემკვიდრეობის სიაშია შესული. გარეთ ორი პატარა მაგიდა და ოთხი სკამი მედგა. საღამოს სოფელში მუშაობისგან დაღლილი რომ გახვალ ეზოდან და მეზობლებთან ერთად ჩამოჯდები სალაპარაკოდ, ე, ზუსტად მასე იყო საღამოს. იმ განსხვავებით, რომ აქ ქართველების გარდა პოლონელებიც იკრიბებოდნენ, სიტყვას ვუზიარებდით ერთმანეთს.

სამუშაო

ახლა ყველაფერი დალაგდა. ადრე გადაგდებები იყო. ბევრი გამიგია. ანუ, გამუშავებდნენ და ფულს ან არ გაძლევდნენ ან ხელფასის ნახევარს გაძლევდნენ – ხშირად ამას ქართველი შუამავლები აკეთებდნენ, თუმცა რამდენიმე სამშენებლო კომპანია ვიცი, ათობით ქართველს ხელფასი რომ არ მისცა. ახლა მოწესრიგდა. სამსახურის შოვნა ადვილია. დამსაქმებელს არ უღირს არალეგალი მუშა, ხელფასსაც უხდიან და გადასახადებსაც. ჩვენც უფრო მეტი ინფორმაცია გვაქვს. რადგანაც ქართველამდე წვდომა ყველაზე მეტად ისევ ქართველს აქვს, ახლაც ხდება წინასწარ რაღაც მიზნით ფულის გამორთმევა, შემდეგ საქმის არ გაკეთება, ამიტომ, როცა პოლონეთში სამუშაოდ გინდათ წამოსვლა, ინფორმაცია ძალიან კარგად უნდა გადაამოწმოთ. ქართველები სიდიდით უცხოელების მესამე უმსხვილეს ჯგუფს შეადგენენ პოლონეთში. სტატისტიკას ვერ გეტყვით, მაგრამ საკუთარი დაკვირვებით, მათგან უმეტესობა მამაკაცები არიან. არ ვიცი კარგია თუ არა საკუთარ სამშობლოს რომ ვტოვებთ და სხვაგან ვმუშაობთ, მაგრამ კარგია ის, რომ აქ სამუშაოს შოვნა არ ჭირს. პოლონეთი, მე როგორც ვიცი, ყველაზე მარტივად იძლევა სამსახურს, არ ჭირს არც საბუთების გაკეთება. თან ვიცნობთ და ვიცით ერთმანეთი და მეგობარი ხალხები ვართ. ქართველებსაც უყვართ პოლონელები და პოლონელებსაც ქართველები. ამაზე სასიამოვნო არაფერია, დამიჯერეთ, გადახვეწლი რომ ხარ და იქ, სადაც ხარ, შენს ქვეყანას რომ იცნობენ და უხარიათ რომ ქართველი ხარ.

 

ავტორი: ეკატერინე ლემონჯავა

წინა სტატიაშიპაპუაშვილი – ამხელა სხვაობის დროს, ბათილ ბიულეტენებზე საკუთარი წაგების გადაბრალება რომ ტყუილია, ეს, რა თქმა უნდა, კარგად იციან მათ, ვინც ამ რიცხვებით მანიპულირებს
შემდეგი სტატიაირაკლი ღარიბაშვილი – საქართველოსა და აშშ-ის ძლიერი სტრატეგიული პარტნიორობა უმნიშვნელოვანესია რეგიონისა და ევროატლანტიკური უსაფრთხოებისთვის