სამგორის რაიონში 57 ოჯახს საცხოვრებელი ფართები სიმბოლურ ფასად გადაეცემა

საცხოვრებელი ფართების დაკანონების დამადასტურებელი მოწმობები სამგორის რაიონში კიდევ 57 ოჯახს გადაეცემა, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, საცხოვრებელი ფართების დაკანონების პროგრამის ფარგლებში, საერთო ჯამში, 2 000-ზე მეტი ოჯახია დაკმაყოფილებული.

კახა კალაძემ ანალოგიური პრობლემის მქონე მოქალაქეებს მოუწოდა, დაკანონებასთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაციის მისაღებად, მათივე რაიონის გამგეობებს მიმართონ.

„ჩვენ გვაქვს საცხოვრებელი ფართების დაკანონების პროგრამა, რომელიც გულისხმობს ქონების სიმბოლურ ფასად – ერთ ლარად გადაცემას იმ ოჯახებისთვის, რომლებიც გარკვეული პრობლემების გამო ვერ ახერხებდნენ მათ დაკანონებას. 2 000-ზე მეტ ოჯახს საცხოვრებელი ფართები დავუკანონეთ და ამ ადამიანებს სიხარული და ბედნიერება დავუბრუნეთ. დღეს მაქვს პატივი, სამგორის რაიონში კიდევ 57 ოჯახს გადავცეთ სიმბოლურ ფასად საცხოვრებელი ფართები, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. მინდა, ამ ოჯახებს მივულოცო და წარმატებები ვუსურვო. მივმართავ ასევე, ყველა იმ ოჯახს, რომელსაც ანალოგიური პრობლემა აქვს, რომ აუცილებლად უნდა მიმართოთ თქვენივე რაიონის გამგეობას, სადაც მოგაწვდიან დაწვრილებით ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, თუ რა საბუთები უნდა წარმოადგინოთ საცხოვრებელი ფართების დასაკანონებლად. 300 მილიონზე მეტი ღირებულების ქონება გვაქვს მთლიანობაში მსგავსი ოჯახებისთვის გადაცემული, რომელიც სახელმწიფო საკუთრებაში იყო“, – განაცხადა კახა კალაძემ.

წინა სტატიაშიდიღმის მასივში ავტოფარეხების დემონტაჟის შემდეგ, დასასვენებელი სივრცე მოეწყობა
შემდეგი სტატიაშსს თბილისის ცალკეულ ქუჩებზე ავტოსატრანსპორტო მოძრაობის შეზღუდვასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს