სალომე ზურაბიშვილის მორიგი სკანდალი – მუშებს 700 ლარი ,,აახია,,

საქართველოს პრეზიდენტად წოდებული სალომე ზურაბიშვილი ახალ სკანდალში ეხვევა. პრეზიდენტად წოდებულს იმიტომ ვამბობთ, რომ თავად თქვა მან რომ ივანიშვილია პრეზიდენტიო, თან ეს სოფლის ორღობეში, ან სალობიეში ჩუმად შეპარულმა კი არ დაიჩურჩულა, არამედ ევროსაბჭოს ტრიბუნიდან ამცნო სამყაროს. ეს ცალკე გოდების საბაბია და ჩვენ ისევ მის სკანდალს დავუბრუნდეთ.

მუშები, რომლებიც სალომე ზურაბიშვილმა ოთხი წლის წინ დაიქირავა აცხადებენ, რომ პრეზიდენტმა მათ კუთვნილი გასამრჯელო სრულად არ გადაუხადა.

როგორც ეს ადამიანები „თაიმერს“ უყვებიან სალომე ზურაბიშვილმა მათ ჭიშკარი გააკეთებინა. საუბარია იმ ცნობილ მწვანე ჭიშკარზე, რომელიც ჩვენი მკითხველების დიდ ნაწილს ტელევიზიით ნანახი აქვს.

– სალომე ზურაბიშვილს 4 წლის წინ დავუმზადეთ ეს ჭიშკარი. მოლაპარაკებული ვიყავით რომ 4.000 ლარს გადაგვიხდიდა. 2.000 ლარი მაშინვე გადაგვიხადა. დანარჩენს მერე გადაგიხდითო, გვითხრა. გვეუბნებოდა ახლა ფული არ მაქვსო. ჩვენ გაგებით მოვეკიდეთ. თან ისტუმრებდა ამ ვალს ნაწილ-ნაწილ. ბოლო 700 ლარის გადახდა ძალიან გააჭიანურა. ერთხელაც როცა მივაკითხეთ გვითხრა, ჩემ მძღოლთან მიდით, ის გადაგიხდითო. მივედით მძღოლთან, ის არაფრის აზრზე არ იყო და გვისაყვედურა, მე რას მთხოვთო. დავბრუნდით ისევ სალომესთან. მან კი გამოგვყარა, აქედან დაიკარგეთ, რას მთხოვთ, არაფერს გადაგიხდითო, -ყვებიან „თაიმერთან“ საუბარში მუშები.

ჩვენ დარწმუნებული ვართ რომ პრეზიდენტის ადმინისტრაცია ამ ინფორმაციას აუცილებლად გამოეხმაურება. იმედია არ იტყვიან რომ ფეიკნიუსია. იმ შემთხვევაში თუ მათი პატრონი გადაწყვეტს მუშებს კუთვნილი 700 ლარი გადაუხადოს, „თაიმერი“ მათ ამ მუშების მოძებნაში დაეხმარება. ჩვენ გვაქვს მათი საკონტაქტო მონაცემები. წესით სალომე ზურაბიშვილსაც უნდა ჰქონდეს მათი ტელეფონის ნომრები.

“თაიმერის” ექსკლუზივი.

banner
წინა სტატიაშიგიორგი გახარია – საქართველოს მთავრობა ყოველდღიურ და გრძელვადიან გეგმაში გამოყოფს ოთხ პრიორიტეტულ მიმართულებას – უსაფრთხოება, ეკონომიკური განვითარება და სამუშაო ადგილები, განათლება და ადამიანური კაპიტალის განვითარება და ღია მმართველობა
შემდეგი სტატიაგიორგი გახარია – მნიშვნელოვანია შიდა უსაფრთხოების კომპონენტი, რომელიც მართლმსაჯულების სისტემის გამართულ ფუნქციონირებასა და ქვეყანაში სისხლის სამართლის პოლიტიკის ერთიანი სისტემის შექმნას მოიცავს