სალომე ზურაბიშვილი განცხადებას ავრცელებს – ველოდები, რომ ანა დოლიძე მიიღებს დროულ და ღირსეულ გადაწყვეტილებას

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრ ანა დოლიძის უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეწყვეტის საკითხთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

სალომე ზურაბიშვილი მიიჩნევს, რომ პირმა, რომელსაც უკავია საპასუხისმგებლო თანამდებობა, თავად უნდა იცოდეს კანონით გათვალისწინებული კრიტერიუმები, აცნობიერებდეს, სად გადის ზღვარი პოლიტიკურ საქმიანობასა და მის ამჟამინდელ თანამდებობრივ ვალდებულებებს შორის.

განცხადების თანახმად, პრეზიდენტი ელოდება, რომ ანა დოლიძე მიიღებს დროულ და ღირსეულ გადაწყვეტილებას.

რაც შეეხება საკითხის სამართლებრივ მხარეს, პრეზიდენტის პოზიციაა, რომ კანონით გათვალისწინებულია პრეზიდენტის მიერ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხი, მეორე მხრივ, კონსტიტუცია პრეზიდენტს ანიჭებს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის მხოლოდ დანიშვნის უფლებას.

„ბოლო დროს აქტუალური გახდა პრეზიდენტის მიერ დანიშნული იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრის, ქალბატონი ანა დოლიძის უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეწყვეტის საკითხი.

სამართლებრივი პოზიცია ასეთია: ერთი მხრივ, მოქმედი ორგანული კანონით „საერთო სასამართლოების შესახებ“ გათვალისწინებულია პრეზიდენტის მიერ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხი. მეორე მხრივ, კონსტიტუცია პრეზიდენტს, განსხვავებით საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურისა და სხვა მსგავსი შემთხვევებისა, ანიჭებს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის მხოლოდ დანიშვნის უფლებას.

საქართველოს პრეზიდენტი კონსტიტუციის დაცვის გარანტია. ის ვალდებულია, იმოქმედოს მხოლოდ კონსტიტუციით განსაზღვრული უფლებამოსილებებით, რომელიც არ მოიცავს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის გათავისუფლებას.

რაც ეხება საკითხის არასამართლებრივ მხარეს, პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ პირმა, რომელსაც უკავია ესოდენ მნიშვნელოვანი და საპასუხისმგებლო თანამდებობა, თავად უნდა იცოდეს კანონით გათვალისწინებული კრიტერიუმები, ესმოდეს და ათვითცნობიერებდეს, სად გადის ზღვარი პოლიტიკურ საქმიანობასა და მის ამჟამინდელ თანამდებობრივ ვალდებულებებს შორის.

სწორედ ასეთ თვითშეგნებაზე და პასუხისმგებლობაზეა დამოკიდებული საზოგადოების ნდობა. პრეზიდენტი ელოდება, რომ ქალბატონი ანა დოლიძე მიიღებს დროულ და ღირსეულ გადაწყვეტილებას“,- აღნიშნულია განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშიკობახიძე: 20 ივნისის დღე იყო ჩვენი შეცდომა, 20 ივნისის ღამე იყო “ნაციონალური მოძრაობის” დანაშაული
შემდეგი სტატიაპოლიტიკური პარტია 2020 წლის ოქტომბრის არჩევნებში მონაწილეობას 5 ათასი ამომრჩევლის ხელმოწერის შეგროვების შემდეგ შეძლებს