სალომე სამადაშვილი თეა წულუკიანს – „მომავალში პარლამენტში რომ დაბრუნდებით, შეეცადეთ რამე გვესაუბროთ თქვენს მიღწევებზე, სიძულვილის ენის საუბრის ნაცვლად“

პარლამენტის სხდომაზე, სადაც მინისტრის საათის ფორმატში ტეა წულუკიანს მოუსმინეს, ოპოზიციონერმა დეპუტატმა, სალომე სამადაშვილმა კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრს მიმართა.

„ქალბატონო თეა, თქვენ დღეს მე მკითხეთ რატომ გადმოვინაცვლე ნაციონალური მოძრაობის რიგებიდან, აქ ამ რიგებში. ჩემი გადაწყვეტილება დიდწილად განპირობებული იყო იმით, რომ საქართველოს პოლიტიკაში ჩვენ გაგვენეიტრილებინა ის, რაც დღეს მოვისმინეთ თქვენს გამოსვლაში – სიძულვილი, წარსულზე საუბარი და არც ერთი სიტყვა ამ ქვეყნის მომავალზე, სადაც ჩვენ ყველამ ერთად უნდა ვიცხოვროთ. სანამ დაიწყებთ ადამიანების ბიოგრაფიებზე საუბარს, მიმოიხედეთ თქვენს გარშემო. დღეს თქვენს რიგებში ძალიან ბევრი ადამიანია, ვინც იმ საოცარი სისხლიანი 9 წლიანი რეჟიმის პირობებში ძალიან აქტიურად თანამშრომლობდა იმ ხელისუფლებასთან და დღეს აქ ოპოზიციის მხარეს, აქ მგონი მარტო მე ვარ, რომელსაც არასდროს უთანამშრომლია ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკურ რეჟიმთან. კითხეთ საკუთარ თავს – რატომ მოხდა ასე? რატომ ხართ იქ, სადაც ხართ? რატომ აღმოჩნდით დღეს ასეთ მდგომარეობაში ქვეყნის კულტურის მინისტრი, რომ 9 წელიწადია მართავთ ამ ქვეყანას და როდესაც გთხოვთ დაასახელოთ ერთი მიღწევა მაინც, თქვენ ჩემთვის სათქმელი არაფერიც არ გაქვთ. თქვენი სიძულვილის წყაროც სწორედ აქედან მოდის, იმიტომ რომ ადამიანებს, რომლებსაც სჯერათ საკუთარი თავის და ადამიანებს, რომლებსაც შეუძლიათ პოლიტიკაში პოზიტიური მემკვიდრეობა შექმნან, მათ სიძულვილი არ სჭირდებათ. ძალიან დიდი მორალური განსხვავებაა, ქალბატონო თეა, თქვენსა და ჩემს შორის. მე პოლიტიკური განსხვავებები შეიძლება მქონდეს, მათ შორის, მიხეილ სააკაშვილთან, მაგრამ არ ვითანამშრომლებ და სამსახურში არ ჩავუდგები იმ რეჟიმს, რომელიც ჩემს ყოფილ თანაგუნდელებს დილეგში აგდებს. მომავალში აქ რომ დაბრუნდებით, შეეცადეთ რამე გვესაუბროთ თქვენს მიღწევებზე სიძულვილის ენის საუბრის ნაცვლად. ეს ქვეყანა და მისი ათასწლიანი კულტურის მემკვიდრეობა უკეთესს იმსახურებს კულტურის მინისტრისგან“, – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

წინა სტატიაშიწულიკიანი: მინდა, გიორგი ვაშაძეს და სალომე სამადაშვილს შევახსენო, რომ მათი ხელისუფლების დროს სპეცრაზმი შეიჭრა მწერალთა კავშირში
შემდეგი სტატიაანა ნაცვლიშვილი – თეა წულუკიანს: რასაც თქვენ აქ გვიყვებით, ეს არის საბრალდებო დასკვნა თქვენი წინამორბედების მიმართ, რომლებიც თქვენს ხელისუფლებას წარმოადგენდნენ