სახალხო დამცველმა სარჩელი შეიტანა არა საპატრიარქოს, არამედ პარლამენტის წინააღმდეგ, მაქვს მანდატი, საქმე წავიღო სასამართლოში იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც არ არსებობს დაზარალებული – ლომჯარია

საქართველოს სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ პარლამენტში უპასუხა „ქართული ოცნების“ რამდენი დეპუტატის შეკითხვას, რომელიც ეხებოდა ომბუდსმენის კონსტიტუციურ სარჩელს მართლმადიდებლური ეკლესიისთვის საკუთრების გარშემო არსებული ტერიტორიის მინიჭების თაობაზე.

როგორც ნინო ლომჯარიამ განმარტა, სახალხო დამცველმა სარჩელი შეიტანა არა საპატრიარქოს წინააღმდეგ, არამედ პარლამენტის წინააღმდეგ და საქმეში მოპასუხე მხარე საქართველოს პარლამენტია.

„დეპუტატებმა ისე წარმოაჩინეს, თითქოს სახალხო დამცველი სარჩელით ებრძვის საქართველოს მართლმადიდებლურ ეკლესიას. ასევე, განმარტებას გავაკეთებდი იმაზე, რომ არასწორად ითქვა, თითქოს სახალხო დამცველმა საპატრიარქოს წინააღმდეგ შეიტანა სარჩელი. ეს სამართლებრივად არასწორია, რადგან სარჩელი შეტანილ იქნა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ და გავასაჩივრეთ პარლამენტის მიერ მიღებული კანონი. შესაბამისად, მეორე მხარე, ამ შემთხვევაში, მოპასუხე მხარე საქმეში არის საქართველოს პარლამენტი“, – განაცხადა ლომჯარიამ.

ნინო ლომჯარიას თქმით, საქართველოს სახალხო დამცველს ორგანული კანონის თანახმად, აქვს უნიკალური მანდატი, საქმე წაიღოს საკონსტიტუციო სასამართლოში იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც არ არსებობს დაზარალებული.

„ასევე განგიმარტავთ, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს რამდენიმე წლის წინ აქვს ანალოგიურ საქმეებზე ორი გადაწყვეტილება მიღებული. ორივე საქმე დააკმაყოფილა. საკონსტიტუციო სასამართლომ თავისი პრაქტიკით უკვე თქვა, რომ მთელი რიგი საკანონმდებლო ნორმები, რომლებიც ერთ რელიგიურ ორგანიზაციას აძლევს უპირატესობებსა და პრივილეგიებს საგადასახადო თუ პრივატიზების საკითხების მიმართულებით და ამ შესაძლებლობით სარგებლობა არ შეუძლია სხვა რელიგიურ ორგანიზაციებს, არის არაკონსტიტუციური. შესაბამისად, რამდენიმე ნორმის მოქმედება საკონსტიტუციო სასამართლომ გააჩერა. ამიტომ ეს არ არის პირველი შემთხვევა, საკონსტიტუციო სასამართლოს უკვე აქვს ზუსტად ანალოგიურ საქმეებზე მიღებული გადაწყვეტილებები.

რაც შეეხება იმას, რომ კონკრეტული მაგალითი მოიყვანეთ, თითქოს ამ საქმეში დაზარალებული არ არსებობს, საქართველოს სახალხო დამცველს ორგანული კანონის თანახმად, აქვს უნიკალური მანდატი, საქმე წაიღოს საკონსტიტუციო სასამართლოში იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც არ არსებობს დაზარალებული. ანუ, ჩვენ შეგვიძლია, ნორმატიული აქტი გავასაჩივროთ საკონსტიტუციო სასამართლოში, თუკი მიგვაჩნია, რომ ეს ნორმატიული აქტი არღვევს ადამიანის უფლებებს“, – აღნიშნა სახალხო დამცველმა.

banner
წინა სტატიაშიუკრაინა მსოფლიოში პირველი იქნება, რომელიც მიიღებს უახლეს IRIS-T საზენიტო-სარაკეტო სისტემებს
შემდეგი სტატიაყველა თანხმდება, რომ ქვეყნის პრეზიდენტები არ უნდა კვდებოდნენ – აქტიურად ვმუშაობთ საერთაშორისო პარტნიორებთან, მათი როლი სააკაშვილისთვის ჰუმანიტარული კორიდორის შექმნაში მნიშვნელოვანია – დოლიძე