სააკაშვილი: ჩვენ ვიყავით ფლაგმანები და ახლა სად ვართ?

“მინდა იცოდეთ, როგორ დავიხსენით საქართველო და გადავიყვანეთ აღმოსავლეთ ევროპაში…” – საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, 2008 წელს, საგარეო საქმეთა მინისტრებთან შეხვედრას იხსენებს. ამის შესახებ საუბარია მის მიერ კლინიკა ვივამედიდან გავრცელებულ განცხადებაში:

მე მინდა იცოდეთ, როგორ დავიხსენით საქართველო უბრალოდ სამხრეთ კავკასიის ქვეყნის სტატუსიდან და გადავიყვანეთ აღმოსავლეთ ევროპაში. 2008 წლის სექტემბერში შევიკრიბეთ მე, შვედეთისა და პოლონეთის საგარეო მინისტრები, კარლ ბილდტი და რადეკ სიკორსკი, ევროკომისიის თავმჯდომარე ბაროსო. მაშინ ბაროსომ მითხრა, რომ ჩვენ უნდა შეგვექმნა აღმოსავლეთის პარტნიორობა, როგორც პასუხი საქართველოზე რუსეთის თავდასხმაზე. “თუ გაიმარჯვებთ თქვენ, რუსეთი დამარცხდება და მე მინდა ის დამარცხდეს”, – თქვა ბაროსომ.

თავდაპირველად, ვარაუდობდნენ საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვას ჩართვას. ჩემი წინადადებით დაამატეს ბელარუსი და სომხეთი. ბელარუსი ძალიან ბედნიერი იყო, ხოლო სომხეთში მე და ბაროსოს ერთად მოგვიხდა ჩაფრენა და მაინც არაფერი გამოგვივიდა, იმდენად დიდი იყო რუსეთის შიში ერევანში.

ამ ყველაფერს იმიტომ ვყვები, რომ ერთ დროს ჩვენ ვიყავით ფლაგმანები და ახლა სად ვართ?

მეცინება, ტელევიზიით როდესაც მესმის, რომ საქართველოს ახლანდელ ხელისუფლებას რამის კეთება ვაიძულოთ. ათი წელი არ გვეყო იმის გაგება, რომ ვერავის ვერაფერს ვაიძულებთ?! ძალიან უკბილო ხუმრობად ჩანს უკვე ეს. მომაბეზრებელია ტელევიზიით ოპონენტების ყურება, რომ თურმე თუ ხელისუფლება ვერ დავარწმუნეთ, არაფერი გამოვა. ეს არის საკუთარი თავების და ხალხის მოტყუების მცდელობა, – წერს მიხეილ სააკაშვილი.

წინა სტატიაში“თუ ბატონი ივანიშვილი თავს თვლის პატრიოტად და უყვარს საკუთარი ქვეყანა, მაშინ მართლა უნდა წავიდეს”-მაიკლ გალერი
შემდეგი სტატიალომჯარია: ქართველი დიპლომატებიდან ვინმემ რამე გვითხრა? არ ეხებათ საგარეო კურსის ცვლილება?