რა ზეწოლაზე საუბრობთ… ვინმე უცემია მურუსიძეს? – ლევან მურუსიძე გვენეტაძის ასისტენტს პასუხობს

უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის ყოფილი ასისტენტის, კახა წიქარიშვილის განცხადებებს, რომლის თანახმადაც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრები ნინო გვენეტაძეზე ზეწოლას ახდენდნენ და მას ფიზიკური ანგარიშსწორების შიში ჰქონდა, საბჭოს მოქმედი და ყოფილი მოსამართლე წევრები კითხვას სასაცილოს უწოდებენ.

„სასაცილოა, ნამდვილად სასაცილოა! ასეთი განცხადებებით ყურადღების მიქცევა და ყურადღების მიქცევის მცდელობა, როგორსაც ეს ბატონი აკეთებს, არის ნამდვილად სასაცილო,“ – ამბობს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი, გიორგი მიქაუტაძე.

კახა წიქარიშვილს აკრიტიკებს ასევე თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე, ლევან მურუსიძე. მისი თქმით, ნინო გვენეტაძის ყოფილი ასისტენტის განცხადებებს სერიოზულად დიდი ხანია, აღარ აღიქვამს.

„რა ზეწოლაზე საუბრობთ… ვინმე უცემია მურუსიძეს? მითხარით, მოიკითხეთ საქართველოში. უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე უნდა ეცემა მურუსიძეს, ამას იძახის კახა წიქარიშვილი და რუსთავი2-ის ჟურნალისტი მეკითხება, რომ კახა წიქარიშვილმა თქვა, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლე უნდა ეცემა. რა სისულელეებს მეკითხებით, რას ლაპარაკობს კახა წიქარიშვილი, თვითონ იცის?… ერთხელ ერთ შეხვედრაზე ვიყავით და თქვა, რომ რატომ უნდა იყოს სარჩელი შეტანილი მაინც და მაინც წერილობით, მე შემიძლია, ეს სიმღერით გამოვთქვა ან ცეკვითო. როდესაც ეს მან თქვა, მაშინ მივხვდი, რომ მისი განცხადებების სერიოზულად აღქმა არ შეიძლებოდა,“ – განაცხადა მურუსიძემ.

მიქაუტაძე-მურუსიძისგან განსხვავებული პოზიცია აქვთ საბჭოს არამოსამართლე წევრებს. მათთვის კახა წიქარიშვილის განცხადება რეალურია და აცხადებენ, რომ ყოფილი თავმჯდომარის მოულოდნელი გაუჩინარება არაერთ შეკითხვას აჩენს.

banner
წინა სტატიაშიმოსამართლეთა შერჩევის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის კანონპროექტს მაქსიმალური წინააღმდეგობა უნდა გავუწიოთ
შემდეგი სტატიასაქართველო ნოემბერიდან ევროსაბჭოს პრეზიდენტი ქვეყანა გახდება