რა ბედი ელის სომხეთის მიტაცებულ ჰუჯაბის ტაძარს?!

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge აპრილი 20, 2018 15:38

რა ბედი ელის სომხეთის მიტაცებულ ჰუჯაბის ტაძარს?!

“მამიდა, რომელიც ოპერის მომღერლობისთვის ემზადებოდა, მეუღლეს, რომელიც გაანაწილეს ამ რაიონში სატყეოს უფროსად, გაჰყვა და ვინაიდან ფილოლოგიც იყო, დარჩა და მთელი ცხოვრება ემსახურა ამ დაუნახავ ხალხს, ეხმარებოდა გაჭირვებულებს, სოფელში ყველა სიახლე ამ ორი ადამიანისგან ვრცელდებოდა, ყველას ეხმარებოდნენ. უშვილოები იყვნენ და ქველმოქმედებით ცხოვრობდნენ. როცა სამკურნალოდ ჩამოვიყვანეთ, გაუძარცვეს სახლი, დაგვემუქრნენ, არც გაბედოთ ამ სახლ-კარის დაპატრონებაო. გაძარცვეს, სოფელში მკვდრებად გამოაცხადეს და დარდისგან ორივე მალე გარდაიცვალა”, – ეს არის რეალური ისტორია, რომელიც ერთმა ქალბატონმა, “თაიმერის“ მიერ გამოქვეყნებული სტატიას – „რა ხდება საქართველო-სომხეთის საზღვარზე“ – კომენტარად დაურთო. სტატიაში საუბარი იყო მარნეულის რაიონში შექმნილ ვითარებაზე, რომელიც გაგვაცნო სოფელ ოფრეთში მოღვაწე მონაზონმა, დედა ფოტინემ. სტატია შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე აქ https://www.timer.ge/ra-khdeba-saqarthvelo-somkhethis-sazghvarze/ .
ჩემდა სამარცხვინოდ, მინდა გითხრათ რომ მარნეულში არასდროს ვყოფილვარ, არასდორს მინახავს ის უძველესი ქართული ძეგლები, რაც აქ, ამ მადლიან მიწაზე დგას, როგორც ციხე-სიმაგრე, ჩვენი ქართველობის, ჩვენი ისტორიის დარაჯად. იმ დიდი სიამოვნებისათვის, რაც კვირაცხოვლობას, მარნეულის რაიონის მცირე ნაწილის დათვალიერებით მივიღე, რომელსაც თან სამწუხაროდ, უდიდესი სევდა და წუხილი ახლდა, მინდა მადლობა მოვახსენო დიდუბის ეკლესიის მრევლს, განსაკუთრებით ქალბატონ თამარ ძნელაძეს. ქალბატონი თამარი, დიდუბის ეკლესიის მრევლის ნაწილი და მათი მეგობრები, უკვე შვიდი წელია დადიან საქართველოს სხვადასხვა კუთხეში მოსალოცად. მათ ამ პერიოდში ისეთი ტაძრებიც კი მოილოცეს, სადაც საუკუნეა ბერების გარდა, სხვა ადამიანების ფეხი არ დადგმულა. ასევე მადლობა მინდა მოვახსენო წითელ ხიდზე მთავარანგელოზის სახელობის მონასტრის წინამძღვარს, მღვდელ-მონაზონს, მამა ანდრიას (ორმოცაძე), რომელიც ინტერვიუზე დამთანხმდა.
შესავლის ნაცვლად: 10 თუ 11 წლის წინ გამოქვეყნდა ე.წ. თეზისები, რომელიც საქართველოში სომეხთა ეპარქიის წინამძღვრის თანაშემწემ და ეპარქიასთან არსებული საინფორმაციო ცენტრის კოორდინატორმა ლევონ ისახანიანმა გაახმოვანა: „საუკუნეების განმავლობაში სომხურ ეპარქიას საქართველოს ტერიტორიაზე აგებული აქვს 600-ზე მეტი სასულიერო დანიშნულების შენობა-ნაგებობა, კერძოდ კი, ეკლესიები, სალოცავები, სასულიერო დაწესებულებები და სხვა… აუცილებლად მიგვაჩნია, საქართველოში, საუკუნეების განმავლობაში სომეხთა სამოციქულო წმინდა ეკლესიის ეპარქიის შემადგენლობაში შემავალი ეკლესიების ეპარქიისთვის გადაცემა“. ე.წ. თეზისების გამოქვეყნებიდან მალევე გაირკვა, რომ თურმე სომხეთი საქართველოში სამართლებრივ სტატუსსა და ექვსი ეკლესიის (ხუთის – თბილისში, ერთის – ახალციხეში) გადაცემას ითხოვდა. საქართველოში 800-მდე ეკლესია-მონასტერია აღრიცხული და იმ სიაში, რომელიც თურმე სომხური ყოფილა შეტანილი ქონდათ: მცხეთის ჯვარი, ანანურის კომპლექსი, მეტეხის ტაძარი, ზემო ბეთლემის ეკლესია.
საქართველოს საპატრიარქომ სომხური ეკლესიის წარმომადგენლებს ერთობლივი კომისიის შექმნა შესთავაზა სადავო საკითხების გადასაწყვეტად. თავის მხრივ, საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიასაც აქვს თავისი ინტერესები სომხეთის იმ ტერიტორიაზე, რომელიც ისტორიული ქვემო ქართლია (ლორე-ტაშირის ეპარქი), სადაც ქართული ისტორიული მონასტრებია. სომეხი მეცნიერები ვერ უარყოფენ, რომ ტაძრები მართლმადიდებლურია, თუმცა ქართულ კი არა სომეხ მართლმადიდებელთა ტაძრებად აღიარებენ.
სომხეთის საზღვრებშია: ახტალის ტაძარი, თეჟარიუიქი, ჰნევანქ (ეკლესიას ქართულად „ძელი ჭეშმარიტისა“ ეწოდება, გიორგი ჩუბინაშვილს ეს ძეგლი მეშვიდე-მეცხრე საუკუნეებით აქვს დათარიღებული), ქობერი (ფუძე არის ქართული „ქვაბ“. ის ქვაბში, მღვიმის სიღრმეში მოთავსებული მონასტრის შთაბეჭდილებას ახდენს. ქობერზე არის როგორც ქართული, ისე სომხური წარწერები), ოსკიპარი (ვახუშტის რუკის მიხედვით მდებარეობს აღსტაფის ხეობაში. აგებულია მეთოთხმეტე-მეთხუთმეტე საუკუნეებში. ფრესკებზე არის ქართული წარწერები. შაჰნაზირში დაცულია ერთი ქართული წარწერა, შაჰნაზირსა და მის მიდამოებშია დაცული რამდენიმე ქართული ასომთავრული წარწერა: სარკმელქვეშ არის ცხრასტრიქონიანი ქართული წარწერა, რომელშიც მოხსენიებულია ეკლესიის ამგები ოთხი ძმა ძნელაის-ძენი. წარწერა თარიღდება 1135 წლით. შაჰნაზირის ახლოს, გორაკზე არის ერთთავიანი ნახევრად დანგრეული ეკლესია, სადაც ნანახია ნუსხა-ხუცურით შესრულებული ექვსსტრიქონიანი წარწერა. ჰნევანქში ქართული წარწერები გუმბათის ყელზეა, მაგრამ, ამას გარდა, იქ იყო შვიდი ქართული საფლავი ქართული ეპიტაფიით, თუმცა ისინი უკვე გამქრალია და აღარ არსებობს. ახტალაში ერთი პერიოდი დაიწყეს წირვა-ლოცვა, მერე შეაჩერეს, დღეს რა მდგომარეობაა, არ ვიცი. დანარჩენ ქართულ ტაძრებში წირვა-ლოცვა არ აღევლინება. ჰუჯაბი – სომხეთის სახელმწიფო საზღვარი 400 მეტრითაა გადმოწეული, ეს ტაძარი სომხეთის ტერიტორიაზე რომ მოხვედრილიყო. ჰუჯაბი ქართული ხუროთმოძღვრების ერთ-ერთი საუკეთესო ძეგლია. თავისი პროპორციებით, დეკორატიული მორთულობითა და სტილისტური ნიშნებით მიეკუთვნება მეთორმეტე-მეცამეტე საუკუნეების ხუროთმოძღვრული ძეგლების ჯგუფს: ბეთანიას, თახეს, ახტალას. ეკლესიის შიგნით შემორჩენილია ქართული ასომთავრული წარწერების ფრაგმენტები.
მარნეულისა და ჰუჯაბის ეპარქია აღმოსავლეთ საქართველოს სამხრეთით მდებარე ერთ-ერთი საზღვრისპირა ეპარქიაა. იგი მოიცავს ქალაქ _ მარნეულს და მის მიმდებარე ტერიტორიას. მარნეულისა და ხუჯაბის სამღვდელმთავროს აღმოსავლეთიდან ესაზღვრება გარდაბნისა და მარტყოფის ეპარქია, ჩრდილოეთიდან და ჩრდილო-აღმოსავლეთიდან რუსთავის, ჩრდილო-დასავლეთიდან მანგლისისა და თეთრიწყაროს, დასავლეთიდან _ ბოლნისის ეპარქიები, ეპარქიის სამხრეთი საზღვარი ემთხვევა სომხეთისა და აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვარს. ეს მხარე ევროპა-აზიის გზაგასაყარზე მდებარეობს და მის კულტურულ დაწინაურებას აქ გამავალმა სავაჭრო გზებმა შეუწყო ხელი. ეპარქიის სამღვდელმთავრო რეზიდენცია _ მარნეულში მდებარეობს. მარნეული ქალაქურ დასახლებად იქაური სოფლების: ლომთაგორა-მარნეულის, ეკლესიის, ჭანდარ-სანდარისა და სარვანის გაერთიანების შედეგად იქცა. უძველესი დასახლებაა ლომთაგორა, „მარნეულს, სადაცა არს აფთარნი მრავალნი, არს ნაციხვარი, მის გამო იწოდა ძუელადვე ლომთა-გორა“, რომელიც წერილობით წყაროებში პირველად XIII ს-ში იხსენიება. XVII ს-ში ირანის შაჰმა აბას I-მა აქედან აყრილი ქართული მოსახლეობის ნაცვლად ბორჩალუს თურქმანული ტომი დაასახლა, რის გამოც აქაურ დასახლებასაც ბორჩალო ეწოდა. XX ს. შუახანებში კი კვლავ აღდგა ძველი ქართული სახელწოდება. ამ რეგიონს ხშირად ჰქონდა დამცრობა-შევიწროებისა თუ აღზევება-დაწინაურების პერიოდები. ადრიდანვე მომხვდური მტრის შემოსევები ძირითადად ამ რეგიონიდან ხორციელდებოდა, რის გამოც მარნეული და მთელი მისი შემოგარენი ხშირად იავარქმნილა და განადგურებულა. მნიშვნელოვან სავაჭრო-სატრანზიტო გზაგასაყარზე მდებარეობა ხელსაყრელ პირობებს ქმნიდა ამ კუთხის საერთაშორისო სავაჭრო ურთიერთობებში ჩასაბმელად. ამ რეგიონის დიდ მნიშვნელობას წმიდა მეფე თამარის ზეობისას მისთვის მეპატრონეთა დადგინების წესი მიანიშნებს. პატრონი უცილობლად მეფის ერთგული და ქვეყნისთვის თავდადებული დიდმოხელე უნდა ყოფილიყო. თამარის შვილების დროს მარნეული საუფლისწულო მამულად ითვლებოდა.

XIII საუკუნის 60-იანი წლების ბოლოს, 1269 წ. ოქროს ურდოს ყაენმა ბერქამ დაარბია მთელი ეს მხარე. საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის მიუხედავად ეს მხარე რუსთავის, რუსთავ-მარნეულის და სხვ. სახელწოდებით არსებულ ეპარქიათა იურისდიქციაში შედიოდა და მხოლოდ 2013 წლის 11 ოქტომბერს, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმიდა სინოდის კრების განჩინებით ეპარქიათა საზღვრების რეორგანიზაციის შემდეგ რუსთავისა და მარნეულის ეპარქიის საფუძველზე ჩამოყალიბდა რამდენიმე ეპარქია, მათ შორის, მარნეულისა და ჰუჯაბის ეპარქია, რომელის წინამძრვარიც არის მეუფე გიორგი (ჯამდელიანი).

გვესაუბრება მთავარანგელოზის სახელობის მონასტრის წინამძღვარი წითელ ხიდზე, მღვდელ-მონაზონი, მამა ანდრია (ორმოცაძე):
_ მრევლის ამ კუთხეში ჩამოსვლა არის მნიშვნელოვანი. აქ ქართველობა უმცირესობაშია და ამიტომ თითოეული ქართველის მობრძანება ძალიან დიდი სიხარულია. შეიძლება დღეები გავიდეს ისე, რომ ქართული სიტყვა ვერ გაიგო, როცა ხედავ მოდის მრევლი, ეს გაძლევს ძალას, იმედს, რომ ქართველს ახსოვს აქაურობა, უფრო მეტი სურვილი გაქვს ბოლომდე დაიხარჯო. თითოეული ადამიანი სიხარული, ძალა და ენერგიაა.
_ როგორი მდგომარეობაა დღეს. თქვენთ მაჩვენეთ ახლადაშენებული პატარა ეკლესია, რომელიც ჰუჯაბის მონასტრის გასწვრივ დგას…
_ ეს პატარა ტაძარი აშენდა მეუფე გიორგის ლოცვა-კურთხევით, ტაძართან ახლოს არის უძველესი, მეცამეტე საუკუნის პირველ ნახევარში აშენებული ჰუჯაბის ეკლესია. 1901 წელს აქ ჩამოსახლდნენ რუსი მონაზვნები და 1935 წლამდე ცხოვრობდნენ. ეს ის პერიოდია, როცა ქვეყანაში ანტიქრისტიანული პროოპაგანდა მიმდინარეობდა, ამ დროს დაარბიეს მონასტერი, ბერ-მონაზვნები გამოყარეს. მათ უახლოეს სოფელს შეაფარეს თავი, პირვანდელი ქრისტიანებივით ცხოვრობდნენ, სახლებში ცხოვრობდნენ, ლოცვას ატარებდნენ. როდესაც მარნეულისა და ჰუჯაბის ეპარქია დაარსდა, მისმა უსამღვდელოესობამ, მეუფე გიორგიმ, ცოცხალი ჯაჭვი რომ არ გაწყვეტილიტო, დაარსდა ტაძარი. გარდა ამისა ეს ტაძარი, მგონია არის წინაპირობა ჩვენი ჰუჯაბში დაბრუნებისა.
_ ეს პატარა ტაძარი მცველივით დგას.
_ დიახ, დიდი იმედის და სიხარულის მომცემია. მე ვფიქრობ რომ ეს არის გზა რომელიც ჰუჯაბში მიდის, იმ დაკარგული ტერიტორიებისაკენ რომელიც აუცილებლად მოექცევა ისევ საქართველოს სემადგენლობაში.
_ როგორც მახსოვს ჰუჯაბი არც არავის გადაუცია სომხებისთვის.
_ არა, ოფიციალურად ეს შეთანხმება არ არის. დღეს იქ დაყენებული აქვთ ვიდეოკამერები, რათა ჩვენ არ შევიდეთ. ტაძარი ზიანდება, ინგრევა, გუმბათის ყელზე ხეები ამოდის, ისტორიული კვალის წაშლაც უნდათ. ქართული წარწერებიანი ქვების ამოიღეს და სომხური წარწერებიანი ქვები ჩააწყვეს. თუმცა, ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ ისტორიული სამართლიანობა აღსდგება და მონასტერი დაგვიბრუნდება. აი, ამის წინაპირობად მიმაჩნია სწორედ ეს პატარა ტაძარი.
_ საზღვარიც რა უცნაურია.
_ ტყის პირი სომხეთის საზღვარია, მინდორი – საქართველოსი. ზოგ ადგილას მინდორი ტყეში შედის, ზოგან ტყე შემოდის მინდორში.
_ რა უცნაური მოვლენაა. მინდორი ქართველებისაა, ტყეში შესულიც, ხოლო მინდორში შემოსული ტყე სომხების. ხვალ რომ ამ მინდორზე ხეები ამოვიდეს (და ამოვა) საზღვარი გადმოიწევს. მესაზღვრეებმა მითხრეს, რომ ზოგან მდინარეზე გადის საზღვარი, მდინარე რომ ადიდდება, ასეთ დროს რა უნდა ვქნათ, ვერ წარმომიდგენია.
_ დიახ, მსგავსი პრეცედენტი არ არსებობს მსოფლიოში. სამწუხაროა, რომ ჩვენთან ასე ხდება. ჩვენთვის ყოველდღიური ტკივილია, გამოვდივართ, ვხედავთ როგორ ინგრევა ჩვენი უძველესი მემკვიდრეობა, რაც ჩვენმა წინაპრებმა რუდუნებითა და მოწიწებით ააშენეს, მოიტანეს ჩვენამდე და ვერაფერს ვაკეთებთ.
_ ესაა ოკუპაცია.
_ დიახ. მღვდელმთავრის ღირსეულობა გამოიხატება იმაში, რომ სახელმწიფოს თავის ვალდებულებას შეახსენებს. ეს არის ის ადგილები, სადაც ერი, ბერი, ყველა ერთად უნდა დავდგეთ, იმიტომ რომ ეს ერთობა ჩვენს ქვეყანას სჭირდება.
_ დავით გარეჯას მსგავსი მდგომარეობაა აქაც.
_ ერთი განსხვავებით, დავით გარეჯას ირგვლივ მიმდინარე პროცესები ცნობილია საზოგადოებისათვის, აქ კი ცნობადობა ძალიან ნაკლებია, რაც სამწუხაროა. ასევე არსანიშნავია, მესაზღვრეების საქმიანობა. ძალიან დიდია მათი ძალისხმევა.
_ დაცარიელებულია სოფლები.
_ ეს კიდევ ერთი ტკივილია, ამ სოფლებში მართლმადიდებლები ცხოვრობდნენ, დღეს ის ხალხი წასულია და მათ ადგილს აზერბაიჯანელები იკავებენ. ხაზგასმით მინდა გითხრათ, რომ ჩვენ აზერბაიჯანელების მიმართ ეთნიკურად არანაირი პრობლემა არ გვაქვს, იყვნენ აქ, იცხოვრონ, მაგრამ არ მინდა საქართველო ქართველების გარეშე იყოს. მე მინდა საქართველოში იყვნენ ქართველები და ქართველებთან ერთად სხვები. მარნეული უძველესი კუთხეა, ძალიან მნიშვნელოვანია რომ თითოეულ ჩვენთაგანს ახსევდეს საქართველოს ყველა კუთხე, არ უნდა დაგვავიწყდეს ილია მართალის სიტყვები – ვისაც წარსული არ ახსოვს, მას მომავალი არა აქვს…. თუ გინდა რომ ერი გადაშენების პირას მიიყვანო, მას თავისი წარსული უნდა დაავიწყო! წარსულის ხსოვნა უკეთესობაში გვეხმარება.
გაგრძელება იქნება.

მოამზადა დარეჯან მეფარიშვილმა

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge აპრილი 20, 2018 15:38

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


5,525
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics