„ქართული ოცნების“ საპრეზიდენტო კანდიდატი ძლიერი და კონკურენტუნარიანი იქნება

„ქართულმა ოცნებამ“ ვინც არ უნდა დაასახელოს საპრეზიდენტო კანდიდატად, ძალიან ძლიერი და კონკურენტუნარიანი იქნება, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა, პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის განცხადებასთან დაკავშირებით აღნიშნა.

„ვფიქრობ, „ქართულ ოცნებაში“ არიან ადამიანები, წევრები, „ქართული ოცნების“ მომხრეები. რომელიც არ უნდა დასახელდეს საპრეზიდენტო კანდიდატად, ძალიან ძლიერი და კონკურენტუნარიანი იქნება. ჩემი, როგორც უწყებათაშორისი კომისიის თავმჯდომარის ვალია, ყველა კანდიდატს შევუქმნა კონკურენტუნარიანი პირობები იმისთვის, რომ საჯარო მოხელეებმა არ გამოიყენონ ადმინისტრაციული რესურსი“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

მისი თქმით, აღნიშნული პროცესი უკვე დაწყებულია.

„ეს პროცესი უკვე ჩართულია. როდესაც გიორგი მარგველაშვილი გადაწყვეტს, დააყენოს თავისი კანდიდატურა საარჩევნო გარემო პრაქტიკაშიც ისეთი იქნება, რომ მას, „ქართული ოცნების“ და სხვა პარტიების კანდიდატებს ექნებათ თანასწორი პირობები და იქ გამოჩნდება, ვინ ვისზე ძლიერია. ამაზე პირველი ივლისიდან დავიწყეთ მუშაობა“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

გიორგი მარგველაშვილმა გუშინ განაცხადა, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში მის მონაწილეობაზე პასუხის გაუცემლობით ეხმარება როგორც „ქართულ ოცნებას“, ისე ოპოზიციას. მისი თქმით, დღეს რომ არჩევნებში მონაწილეობის შესახებ განაცხადოს, „ქართული ოცნება“ შეარჩევს კანდიდატს, რომელიც შემდგომში ყველაზე სუსტი და მორჩილი პრეზიდენტი იქნება.

banner
წინა სტატიაშიკოტე კუბლაშვილის პერიოდს ნათელ პერიოდს ნამდვილად ვერ ვუწოდებ
შემდეგი სტატიასასამართლომ კანონიერ ქურდობაში ბრალდებულ მინდია ლავასოღლის 12 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა