პრიორიტეტი თუ არის სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა, საჭიროა, მოვუწოდოთ მას, რეკომენდირებულ მკურნალობის წესებს დაემორჩილოს, მიიღოს ცილა – სარჯველაძე

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე აცხადებს, რომ სააკაშვილთან დაკავშირებით პროცესებს თვალს ადევნებს და თუ საჭირო იქნება, ვითარების ადგილზე შესწავლის მიზნით, შესაძლოა, დეპუტატები ციხეში მივიდნენ.

მიხეილ სარჯველაძე ვარაუდობს, რომ ამ ეტაპზე ამისი საჭიროება არ უნდა არსებობდეს.

„დეპუტატების საპატიმრო დაწესებულებაში შესვლასა და კონკრეტული გეგმების შესახებ ინფორმაცია არ მაქვს. ამ წუთას ციხეში მისვლისა და ვითარების ადგილზე შესწავლის საჭიროება შეიძლება, არ არსებობდეს. მიმდინარე პროცესებს თვალს ვადევნებთ და თუ საჭირო იქნება, შეიძლება, შევიდეთ კიდეც“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

სარჯველაძემ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით ოჯახის წევრებისა და მომხრეების განცხადებაზეც გააკეთა კომენტარი. სარჯველაძის თქმით, არავითარი საფუძველი არ არსებობს, რომ სააკაშვილი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო საპატიმროდან გათავისუფლდეს.

„ოჯახის წევრებისა და მომხრეების განცხადებას რაც შეეხება, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა და აქედან გამომდინარე, მისი გათავისუფლების საკითხი უნდა დადგეს, როცა ჯანმრთელობის მდგომარეობაზეა საუბარი, კითხვები შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე ადამიანებთან, ანუ ექიმებთან უნდა დაისვას, ვინც ამ პროცესში უშუალოდ არის ჩართული. არ შეიძლება, პოლიტიკოსები და იურისტები აფასებდნენ საკითხს იმის შესახებ, როგორი და რამდენად დამაკმაყოფილებელია ჯანმრთელობის ხარისხი. როდესაც ექიმთა კონსილიუმის რეკომენდაციებთან დაკავშირებით დაისვა კითხვა უცხოეთში გაყვანის საკითხზე, მათ თქვეს, რომ ამის აუცილებლობა არ იყო და ასეთ რეკომენდაციას არ სწევენ. ექიმების პოზიციის მიუხედავად, იგივე მოთხოვნების წამოყენება გრძელდება.

კარგი კანონმდებლობა გვაქვს – ჯანმრთელობასთან კოლერაციაში როგორ ხდება გათავისუფლება, სასჯელის გადავადება და ა.შ. მოცემულ შემთხვევაში, არავითარი საფუძველი არ არსებობს მოთხოვნის დაყენებისთვის, რომ ჯანმრთელობის გამო პირი გათავისუფლდეს და სასჯელის მოხდა გადაუვადდეს. ვინმესთვის შეიძლება, ფსიქოლოგიურად მიუღებელია, სააკაშვილი ციხეში იყოს და ეს ყველაფერი ოჯახის წევრებისთვის მძიმეა, მაგრამ კატეგორიულად მიუღებელია, გადაწყვეტილებები არა სამართლებრივი გზებით, არამედ პოლიტიკური მიზანშეწონილობის მიხედვით მიიღებოდეს. მაშინ რა დააშავა ყველა სხვა პატიმარმა, რომელიც საპატიმრო დაწესებულებაშია და რომლისთვისაც ძალიან დიდი ფსიქოლოგიური სტრესია საპატიმრო დაწესებულებაში ყოფნა. არსებობს თვითდაზიანების პრაქტიკა და რა ვქნათ, წავახალისოთ და ვინც თვითდაზიანებას მიიღებს, ყველა გარეთ გავიდეს? ჯანმთელობის მდგომარეობა გაუარესებულია, ამას თავისი წინაპირობები აქვს. არის მკურნალობა და პენიტენციური დაწესებულების შიგნით მოხერხებადია. თუ პრიორიტეტია არა მიხეილ სააკაშვილის თავისუფლების მიღწევა, არამედ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა, ამისთვის საჭიროა, მოვუწოდოთ, რომ რეკომენდირებულ მკურნალობის წესებს დაემორჩილოს და მიიღოს ცილა. საკითხის გადაწყვეტა მარტივია და ამის გამო შორს მიმავალი გეგმების დასახვა არ შეიძლება“, – აღნიშნა მიხეილ სარჯველაძემ.

წინა სტატიაშიაზოვსტალში უკრაინელ სამხედროებთან კავშირი დაიკარგა – მარიუპოლის მერი
შემდეგი სტატიაპრემიერ-მინისტრი სომხეთის თავდაცვის მინისტრს შეხვდა