ფეშენებელური სახლები მმართველი გუნდის წევრების საკუთრებაში – “ქართული ოცნების” წევრები ოპოზიციის ბრალდებებს აბსურდულს უწოდებენ

ფეშენებელური სახლები მმართველი გუნდის წევრების საკუთრებაში – ხელისუფლების წარმომადგენლები ოპოზიციის ბრალდებებს, რომელიც სავარაუდო კორუფციას შეეხება, აბსურდულს უწოდებენ.

“ქართულ ოცნებაში” ოპოზიციის იმ ბრალდებებს ეხმაურებიან, სადაც საუბარია ელიტურ კორუფციაზე, რომლის დახმარებითაც ხელისუფლების წევრებმა 2012 წლის შემდეგ საკმაოდ დიდი ქონება დააგროვეს.

მმართველ გუნდში ამბობენ, რომ კორუფციაზე საუბრის დროს მყარი მტკიცებულებებია საჭირო.

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი, დავით სერგეენკოს განცხადებით, ადამიანებს, რომლებსაც კორუფციაში ადანაშაულებენ უნდა მიეცეთ შესაძლებლობა განმარტონ თავიანთი ქონების წარმომავლობა.

„სიტყვა კორუფციას ძალიან მყარი მტკიცებულება სჭირდება, მით უმეტეს, როცა არის მიბმული ელიტურ კორუფციასთან. თუკი რამდენიმე ადამიანს მიეცა იმის შესაძლებლობა, რომ გარკვეული ქონება შეეძინათ, მათ ასევე უნდა მიეცეთ იმის შესაძლებლობა, რომ განმარტონ საჭიროების შემთხვევაში მშვიდ და საქმიან ვითარებაში ამ ქონების წარმომავლობა,“ – განაცხადა დავით სერგეენკომ.

„ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი, კახა კალაძე აცხადებს, რომ არ დაინტერესებულა კონკრეტული პირების ქონებით. კახა კალაძე „რუსთავი 2“-ს კიდევ ერთხელ აკრიტიკებს და ტელეკომპანიის ჟურნალისტებს “მატყუარას” უწოდებს.

„არ დავინტერესებულვარ ადამიანების შემოსავლებით და იმ ქონებით, რაც იმათ გააჩნიათ ან როდის ჰქონდათ… თქვენი ეთერით თუ იყო, 100 პროცენტით დარწმუნებული ვარ, ეს იქნება ტყუილი. თქვენ როგორ გიყუროთ, მატყუარა ტელევიზია ხართ და მთელი თქვენი სარედაქციო პოლიტიკა დაფუძნებულია სიძულვილზე, დაფუძნებულია ადამიანების შეურაცხყოფაზე,“ – განაცხადა კალაძემ.

„ქართული ოცნების“ წევრების მიერ საკუთარი ქონების წარმომავლობის განმარტების აუცილებლობაზე საუბრობს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, სოფო კილაძე. დეპუტატის თქმით, იმ პირებმა, რომელთა ქონებაზეც „რუსთავი 2“-ის ეთერში იყო საუბარი, უნდა დააფიქსირონ თავიანთი პოზიცია.

„მე რაც სიუჟეტში ვნახე, ეს იყო ცალმხრივად წარმოდგენილი პოზიცია, ნაციონალური მოძრაობის პარტიული ტელევიზიის, დანარჩენი უნდა ჰქონდეთ საშუალება, ვფიქრობ, იმ თანამდებობის პირებს, რომლები იყვნენ ნახსენები ამ სიუჟეტში, რომ წარმოადგინონ თავიანთი პოზიცია და ამის შემდეგ იქნება უკვე ობიექტური დასკვნის გაკეთება შესაძლებელი,“ – განაცხადა სოფო კილაძემ.

სასახლეების ნაწილი თავად „ქართული ოცნების“ ლიდერებზეა გაფორმებული, ნაწილი მათი ოჯახის წევრებზე, ნაწილი ნომინალურ მფლობელებზე, რომლებსაც სხვა არანაირი ქონება არ გააჩნიათ, თუმცა ძვირადღირებულ სახლებს მაინც ხელისუფლებს წარმომადგენლებს უთმობენ საცხოვრებლად. თანამდებობის პირების ქონება კი დრამატულ ზრდას 2012 წლის შემდეგ იწყებს, ანუ მას შემდეგ რაც ამ ადამიანებმა სახელისუფლებო სავარძლებში გადაინაცვლეს.

banner
წინა სტატიაშისაბანკო სესხს მიიღებს ყველა, ვისაც გადახდის საშუალება ექნება
შემდეგი სტატიასაქართველოს რკინიგზის პროგრესს ევრორეგულაციებისა და დირექტივების დანერგვასთან დაკავშირებით ევროკავშირი ერთმნიშვნელოვნად დადებითად აფასებს